სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.01.2018

     დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი ცნობილი ქართველი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნე და საქართველოში პირველი თეატრის მუზეუმის დაამარსებლის - დავით არსენიშვილის მოღვაწეობიდან, რომელმაც ანჩისხატის ეკლესია განადგურებას გადაარჩინა.

    1927 წელს დავით არსენიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად თბილისში თეატრალური მუზეუმი დააარსა, რომელიც პირველი იყო ამიერკავკასიაში. თავდაპირველად მუზეუმს თავად არსენიშვილმა შესწირა პირადი კოლექციიდან 500 ექსპონატი, ერთი წლის შემდეგ კი შემოწირულობებით მუზეუმს 3 000-ზე მეტი ექსპონატი დაუგროვდა.

    დავით არსენიშვილმა, ასევე, საფუძველი ჩაუყარა მთაწმინდაზე ლიტერატურული მუზეუმის დაარსებას. ეს მოხდა 1929 წელს, როდესაც მან გრიბოედოვის გარდაცვალებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყო თბილისში, ბაქოსა და ერევანში. მისი თაოსნობით გამოფენა მუდმივმოქმედ ექსპოზიციად გადაიქცა. არსენიშვილისა და ტიციან ტაბიძის აქტიური მცდელობით, საბჭოთა მთავრობა დათანხმდა, რომ ეს საგამოფენო სივრცე საქართველოს ლიტერატურის მუზეუმად გამოეცხადებინა.

    1930 წელს დავით არსენიშვილი გაემგზავრა მოსკოვში, რათა შეეგროვებინა და საქართველოში ჩამოეტანა კოტე მარჯანიშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები. მოსკოვში მან მიაკვლია 1913 წელს კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით გახსნილი "თავისუფალი თეატრის" მთავარ ფარდას, რომელიც შესრულებული იყო ცნობილი რუსი მხატვრის - კონსტანტინე სომოვის მიერ.

    მიუხედავად მოსკოვის მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგობისა, ხელოვნების ეს ნიმუში დავით არსენიშვილმა დაჯავშნული მატარებლით თბილისში ჩამოიტანა. ფარდა ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული და იგი რამდენიმე მილიონადაა შეფასებული.

    "დავით არსენიშვილმა უდიდესი განძი შესძინა საქართველოს. ეს არის თეატრალური ფარდა, რომელიც დიდმა რუსმა მხატვარმა კონსტანტინე სომოვმა კოტე მარჯანიშვილის "თავისუფალი თეატრისთვის" შექმნა.

    "ძალიან ბევრი დრო და ენერგია შეალია არსენიშვილმა ამ ფარდის რუსეთის მიერ საქართველოსთვის გადმოცემის საქმეს. მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ ფარხმალი არ დაყარა და შედეგად უძვირფასესი შედევრი მან მარტომ მატარებლით საქართველოში ჩამოიტანა.

    "სრულიად ახალგაზრდა, 25 წლის იყო, საფუძველი რომ ჩაუყარა საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა და მთაწმინდაზე მწერალთა პანთეონის შექმნას. მის სახელს უკავშირდება ასტრახანში ქართველი მეფეების - ვახტანგ ქ|-ისა და თეიმურაზ ||-ის საფლავების მიკვლევა და მათი განადგურებისგან გადარჩენა. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანმა ანჩისხატი აფეთქებას გადაარჩინა", - წერს ისტორიკოსი გიორგი კალანდია, რომელმაც დავით არსენიშვილს წიგნი მიუძღვნა.

    ეს ამბავი კი ასე ყოფილა: მე-20 საუკუნის 30-იან წლებში იყო ასეთი ორგანიზაცია - ქართველ "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი", რომელიც ითხოვდა ანჩისხატის ეკლესიის აფეთქებას. არსენიშვილმა შეიტყო ეს ამბავი, რომ საბჭოთა ხელისუფლება ტაძრის განადგურებას აპირებდა. მივიდა ეკლესიაში და მისი გუმბათის ქვეშ დაწვა.

    როგორც ამბობენ, 4-5 თვე ასე გაატარა და მზად იყო, აფეთქებული ტაძრის ნანგრევების ქვეშ თავადაც მოყოლილიყო. იმასაც ამბობენ, რომ არსენიშვილს ანჩისხატის გადარჩენისთვის წამოწყებულ ბრძოლაში მხარს უჭერდა და ფარულად ეხმარებოდა კიდეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე. ასეთ დიდ წინააღმდეგობას ბოლშევიკური ხელისუფლება არ მოელოდა და უკან დაიხია. ასე გადაურჩა აფეთქებას ანჩისხატის ეკლესია.

    დავით არსენიშვილმა დანგრევას გადაარჩინა როსტომ მეფის თბილისის სასახლეც. მან მიაგნო ვახტანგ ქ|-ის სტამბის საძირკველს და მისი კონსერვაცია მოახდინა. || მსოფლიო ომის დროს მისი მითითებებით ხდებოდა თბილისის არქიტექტურული ძეგლების, მათ შორის, ეკლესიების შენიღბვა საჰაერო თავდასხმისაგან დასაცავად.

    ომის დასრულების შემდეგ, 1955 წელს, არსენიშვილი მოსკოვში გაემგზავრა, მაშინდელი მთავრობის წინაშე დააყენა საკითხი მოსკოვის დონის მონასტერში მუდმივმოქმედი გამოფენის - "ქართული კოლონია მოსკოვში" მოწყობის თაობაზე.

    იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც ასტრახანში მიაკვლია და დაღუპვას გადაარჩინა საქართველოს მეფეების - ვახტანგ ქ|-ისა და თეიმურაზ ||-ის საფლავები. 1955 წელს, როცა იგი ასტრახანის კრემლში ჩავიდა, ტაძარი საბრძოლო იარაღითა და სამხედრო ინვენტარით იყო სავსე. მისივე თაოსნობით საგანგებოდ შეიქმნა კომისია და დაიწყო დაზვერვითი გათხრები, სწორედ მაშინ მიაკვლიეს საფლავებს და მოხდა მათი იდენფიცირება.

    ამ სამეცნიერო მივლინების დროს არსენიშვილმა ლენინგრადის ისტორიულ არქივში ასევე მიაკვლია აკაკი წერეთლის მანამდე უცნობ ბიოგრაფიულ ცნობებს. პეტერბურგში, აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე სწავლის დროს ქართველ კლასიკოსს დაუწერია შრომა "ვეფხისტყაოსნის ორიგინალურობის შესახებ".

    იმავე წელს პეტერბურგის ბაგრატიონების სამეფო გვარის წარმომადგენლებისა და პეტერბურგის ქართული კოლონიის სხვა წევრთა საფლავებიც მოიძია და იქვე ალექსანდრე ნეველის ლავრაში ეპიტაფიათა ნუსხაც შეადგინა. თბილისში ჩამოიტანა ცნობილი ფოტოგრაფის - დიმიტრი ერმაკოვის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს გადაღებული კავკასიის არქიტექტურის ამსახველი ბრწყინვალე ფოტოსურათები, რომლებიც მეცნიერს ერმაკოვის ქვრივმა გადასცა.

    მოკლედ, ასეთი დამსახურების კაცი მაშინდელმა საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ სრულიად უმიზეზოდ გაათავისუფლა თანამდებობიდან და იძულებული გახადა, რუსეთში წასულიყო.

    რუსეთში მან ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმი დაარსა და რუბლიოვის ხელოვნება ფაქტიურად გადაარჩინა. მის სახელს უკავშირდება მაცხოვრის სახელობის ანდრონიკის მონასტრის დანგრევისაგან გადარჩენაც.

    თანამორაზრებთან ერთად მთელი რუსეთის ტერიტორიაზე მოიძია და მუზეუმში გადაიტანა არა მარტო ანდრეი რუბლიოვის, არამედ სხვა ხატმწერების ძვირფასი მემკვიდრეობა. ურალიდან და ციმბირიდან ურმებით და ციგებით გადმოჰქონდა ძვირფასი ხატები და საეკლესიო ნივთები.

    ქრისტიანული ხელოვნებისადმი ასეთმა ზრუნვამ ახლა რუსეთის პარტიული ელიტა გააღიზიანა და 1959 წელს, მუზუმის ოფიციალურად გახსნამდე ერთი წლით ადრე, არსენიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლებს და "ურჩიეს" საქართველოში დაბრუნებულიყო...

    დავით არსენიშვილი 1963 წლის 16 ნოემბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter