სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გია გაჩეჩილაძე
    13.01.2018

     საქართველოს ისტორია ისე წარიმართა, რომ დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ის შემადგენლობაში შევდიოდით. კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობის პერიოდში ქართველები საკუთარი ადათ-წესებისა და ტრადიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებდნენ.

    საბჭოთა სინამდვილე მძიმე იყო და ნიჭიერ ადამიანს ამასთან შეგუება ძალიან უჭირდა. ამის მიუხედავად, არაერთი ჩვენი მწერალი, საზოგადო მოღვაწე თუ სპორტსმენი საკუთარ თვითმყოფადობას ინარჩუნებდა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში იუმორის გრძნობას არ კარგავდა.

    ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ ვასო ყუშიტაშვილი შინსახკომში (შინაგან საქმეთა სამინისტროს წინამორბედი უწყება) 12 საათისთვის დაიბარეს. მივიდა დროულად. ზის მოსაცდელში. 12 საათს კარგა ხანი გადასცდა. ადგა - მივდივარო... შეიყვანეს. უნდათ, რამე დააცდენინონ და შარის მოსადებად ჰკითხეს, რა განსხვავებაა ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორისო?

    - იქ 12 საათზე რომ დაგიბარებენ, ზუსტად თორმეტზე მიგიღებენო...

    ***

    საბჭოთა პერიოდის პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მოწოდებები, მათ შორის ასეთიც იყო: "ყველამ მივბაძოთ ამხანაგ ჩერნენკოს!" (მაშინდელი საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცეკას გენერალური მდივანი).

    ნოდარ დუმბაძე იმ პერიოდში უკვე ძალიან ავად იყო, მაგრამ არც ამჯერად უღალატია ჩვეული იუმორისთვის. ჰოდა, საბჭოთა პრესის ამ მოწოდებას ასე გამოეხმაურა: "მე, რაც შემიძლია, ვბაძავ, ძამა: ვეღარ დავდივარ, ვეღარ ვლაპარაკობ და ვეღარც ვსუნთქავ".

    ***

    საზეიმოდ ხსნიან სერგო ორჯონიკიძის ძეგლს. ერთმა პარტმუშაკმა ნოდარ დუმბაძეს გადაულაპარაკა - ძეგლისთვის ეს შეუფერებელი ადგილი რატომ შეურჩევიათო.

    - რაც კარგი ადგილი იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და რაც დარჩა, აგიაო, - მწარედ ჩაიღიმა ნოდარმა.

    ***

    ირაკლი აბაშიძეს მუდამ საყვედურობდნენ მთავრობასთან სიახლოვეს. ერთ მანდილოსანს უთქვამს კიდეც:

    - რა არის, სულ ხელისუფლების წარმომადგენლებთან რომ მეგობრობო?

    - ახლა შოთა რუსთაველის იუბილეს ჩატარება მინდა, მომეცი 2 მილიონი მაგ საქმისთვის და ხელისუფლებას აღარ გავეკარები, სულ შენთან ვიქნებიო, - უპასუხია ბატონ ირაკლის.

    ***

    საბჭოთა ეპოქაში რადიორეპორტაჟის გაძღოლა მოსკოვში დადგენილი ინსტრუქციით ხორციელდებოდა. ამის გამო კომენტატორს გარკვეულ ჩარჩოში მუშაობა უწევდა. მაგრამ ეროსი მანჯგალაძე ასეთი შეზღუდვის პირობებშიც ახერხებდა იმპროვიზაციას.

    ერთ-ერთი მატჩისას მსახიობმა "დინამოს" მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი როგორღაც "დამალა". ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გამოაცხადა, როდესაც რადიომსმენელებს ეგონათ, რომ თამაში ფრედ დასრულდა.

    ***

    რევოლუციამდე კორნელი კეკელიძე რაღაც პერიოდი დეკანოზი ყოფილა. რევოლუციის შემდეგ, როდესაც სამეცნიერო საქმიანობას მოჰკიდა ხელი, უნივერსიტეტში დეკანად დაინიშნა. შალვა ნუცუბიძეს უთქვამს:

    - შენ რა გიჭირს? რევოლუციამ მხოლოდ ორი ასო - "ოზ" დაგაკარგვინა: დეკანოზი იყავი და დეკანი გახდიო.

    777

    მსახიობმა მიხეილ გელოვანმა, რომელიც სტალინის როლს ასრულებდა, მოითხოვა, რიწის ტბაზე, სტალინის აგარაკზე ჩაესახლებინათ. როდესაც ამის შესახებ სტალინს მოახსენეს, მან იკითხა:

    - მაინც რატომ უნდა გელოვანს რიწაზე ცხოვრება?

    - უნდა, რომ თქვენს ხასიათს ჩასწვდეს.

    - მაშინ, ტურუხანსკის გადასახლებიდან დაიწყოს, - ჩაილაპარაკა სტალინმა.

    მოგონებების მეორე ნაწილში რამდენიმე "არაპოლიტიკურ ისტორიას" შემოგთავაზებთ.

    ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს. ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

    - იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

    - კი, ჰგავხარ, - დაუდასტურა გალაკტიონმა.

    - რით ვგავარ?

    - სიმაღლით.

    - კიდევ?

    - სიგანით, წვერ-ულვაშით.

    - ახლა ის მითხარით - მაინც რა მაკლია ილიამდე?

    გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

    - ტყვია შუბლში!

    ***

    ერთმა ზედმეტად თავდაჯერებულმა ნაცნობმა შალვა ნუცუბიძეს ჰკითხა:

    - ჩემი შემოქმედებიდან რა უფრო მოგწონთო?

    - თქვენი უფროსი ქალიშვილი, - უპასუხია მეცნიერს.

    ***

    თამაზ ქვარიანმა თავის ქორწილში მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრის მსახიობები დაპატიჟა. პირველ დღეს ახალგაზრდობამ მოიყარა თავი. სუფრას ეროსი მანჯგალაძე თამადობდა. მეორე დღეს "ძველგაზრდობის" თამადა აკაკი ხორავა იყო. ქორწილის დამთავრებისას ეროსიმ სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა.

    - ორი "ტაიმისგან" შემდგარმა შეხვედრამ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა. როგორც წესია, ამისთვის აუცილებლად "დამატებითი" ქორწილი უნდა დაინიშნოს. შესვლა თავისუფალია და გთხოვთ, მობრძანდეთო.

    თამაზმა ეროსის სიყვარულითა და მისი განცხადების წყალობით, მესამე დღეს "დამატებითი ქორწილი" დანიშნა.

    ***

    ერთხელ ნიაზ დიასამიძემ თავისი მეგობრის, ალეკო ტატიშვილის დედას დაურეკა:

    - "ატეესიდან" გაწუხებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ, ძაბვა მოიმატებს და ტელეფონები რომ არ გადაგეწვათ, სანამ მოვრჩებით, აპარატები წყლიან ვედროში ჩადეთო...

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved