სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ზოგი ჩინოვნიკი თვეში ორჯერ იღებს ხელფასს, უმრავლესობა კი ათეულობით ათას ლარს იჯიბავს
    მარი ჩიტაია
    12.04.2018

     ჩინოვნიკების მიერ წარმოუდგენლად მაღალი ხელფასების მიღების მასშტაბებმა გაუგონარ დონეს მიაღწია. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციები განვითარდნენ და ფინანსურად უფრო მომგებიანი გახდნენ, მილიონობით ლარი რამდენიმე ადამიანის კეთილდღეობას ხმარდება. ცხადია, ეს ხდება ათასობით უბრალო ადამიანის შრომის ხარჯზე, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით იძულებულნი არიან, მიზერულ ანაზღაურებას დასჯერდნენ.

    ფაქტია, რომ ჩინოვნიკების მხრიდან ანაზღაურების გაცემის წესი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, პრემია-დანამატებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვისაც როგორ უნდა და რამდენიც უნდა, იმდენ ხელფასს იწერს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ მდგომარეობას არაფერი ეშველება, სანამ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საკითხი არ დაისმევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განუკითხაობა კიდევ გაგრძელდება და უფრო მეტად გაიდგამს ფესვებს საჯარო სექტორში.

    რაც ამჟამად ხდება, ეს უკვე აღმაშფოთებელია. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ხელმძღვანელ სულხან ზუმბურიძის ხელფასი 2017 წელს 341 700 ლარი იყო, რაც თვეში 28 475 ლარს შეადგენს. ეს საჯარო სექტორში "რეკორდული" მაჩვენებელია.

    სულხან ზუმბურიძეს სააქციო საზოგადოების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2007 წლის დეკემბრიდან უკავია. ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, მისი წლიური ანაზღაურება 2016 წელს 326 603 ლარს შეადგენდა, 2015 წელს - 335 656 ლარს, 2014 წელს - 263 374 ლარს, 2013 წელს კი - 218 329 ლარი იყო. მისი მეუღლე ქეთი რეხვიაშვილი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მთავარი სპეციალისტია, სადაც მან 2017 წელს მიიღო 92 848 ლარის ოდენობის ხელფასი, ანუ, საშუალოდ, თვეში 7737 ლარი.

    შედარებისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წლიური ხელფასი 82 800 ლარია, ე.ი. თვეში 6900 ლარი, პარლამენტის თავმჯდომარისა - 80 000 (თვეში 6670 ლარი), პრემიერ-მინისტრის შრომის ანაზღაურება კი 2017 წელს 51 000 ლარი, ანუ თვეში 4250 ლარი იყო.

    სრული გაურკვევლობაა ანაზღაურების გაცემის წესში. მაგალითად, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლებმა ივლისში ხელფასი ორჯერ აიღეს. მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, ხოლო ხელფასის დარიცხვა და გაცემა აისახება დარიცხვისა და გაცემის შესაბამისი თვის ბუღალტრულ ანგარიშგებაში. მიუხედავად ამისა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე ივლისის თვეში გაიცა არა მარტო ივლისის, არამედ აგვისტოს თვის ხელფასიც.

    გაერთიანებულ პროფკავშირებში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს საკანონმდებლო ნორმა საჯარო მოხელის ხელფასთან დაკავშირებით და არსებობს ზედა ზღვარი, რომლის დაცვაც დასაქმებულებს მოეთხოვებათ. საშუალო ხელფასის დადგენა ტოპმენეჯერისა და ქვედა რგოლის თანამშრომლის ხელფასის გათვლით ხდება.

    როცა მაღალი რანგის მოხელე ათეულათასობით ლარს იღებს და რიგით დასაქმებულებს 150 ლარის მეტს არ უხდიან, უამრავი ასეთი შემთხვევა გვაქვს, ამის ფონზე ჩანს, რომ თურმე რა კარგი საშუალო ხელფასია საქართველოში. ეს არის სირცხვილი! ვინმეს მართლა შეიძლება ეგონოს, რომ ცხოვრება თურმე "კარგი" და "ლამაზია" ამ საცოდავი ადამიანებისთვის, მაგრამ სინამდვილეში არის ჯოჯოხეთი და უსამართლობა.

    ევროპასა და ამერიკაში დაწესებულია საჯარო მოხელის ხელფასის ოდენობის ნორმა. ევროპაში ეს არის, მაქსიმუმ, 1/15-თან, ამაზე მეტი არ შეიძლება იყოს, მაგრამ საქართველოში 1/300-სს აღწევს, რაც გაუგონარია. ერთხელაც იქნება, ხალხს ეს ყველაფერი ყელში ამოუვა და ამ განუკითხაობას წერტილს დაუსვამს", - განმარტავს პეტრიაშვილი და დასძენს, რომ აუცილებელია, დაწესდეს საჯარო მოხელის ხელფასის ზედა ზღვარი.

    "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა არ არის კერძო ორგანიზაცია. ის სახელმწიფოს ექვემდებარება ისევე, როგორც საქართველოს რკინიგზა, ფოსტა, მარეგულირებელი კომისია და სხვა, სადაც ასევე კოლოსალურ ხელფასებს იღებენ ათასობით დასაქმებულის ხარჯზე. კერძო ბიზნესი რომ იყოს, არაფერს ვიტყოდით. მაგალითად, "კოკა-კოლას" პრეზიდენტს ხელფასს ვერ დავუთვლით, არც გვაქვს ამის უფლება, მაგრამ შეგვიძლია, ვედავოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მუშებს ღირსეული შრომის ანაზღაურება ჰქონდეთ.

    რაც საჯარო სექტორში ხდება, სრული მარაზმია და უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აუცილებელია მკაცრი ზომები და თუ ამას კანონი არ დაარეგულირებს, სამართლიანობის აღდგენას ხალხი სულ სხვა ფორმით შეეცდება", - აცხადებს პეტრიაშვილი.

    ანალოგიური პოზიცია აქვს საგადასახადო სფეროს სპეციალისტ ირაკლი შავიშვილსაც, რომლის შეფასებითაც, ქვეყანაში ჩინოვნიკების ანაზღაურების მავნე ტენდენციაა, რასაც ბოლო უნდა მოეღოს.

    "საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელფასის მოცულობის შეზღუდვაზე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ცხადია, კერძო სექტორზე ეს ვერ გავრცელდება. საშინელი ტენდენციაა, როცა საჯარო სამსახურში ათობით ათასი ლარის ხელფასს იღებენ. ჩვენი გადასახადები ჩინოვნიკების ხელფასებზე არ უნდა მიდიოდეს, მაგრამ ძირითადად სწორედ ასე ხდება და მანკიერ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. ერთხელ და საბოლოოდ ამ მავნე ტენდენციას ბოლო უნდა მოეღოს", - განუცხადა "რეზონანსს" შავიშვილმა.

    ცალკე საკითხია პრემია-დანამატები, რომელსაც საჯარო სექტორი ვერაფრით ელევა. სახელების გადარქმევით, ათასი მანიპულაციითა და ხერხით გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე პრემიებში მილიონობით ლარი იფლანგება. ახალი კანონი ისე მოირგეს, რომ პრემია-დანამატების მიმღები პირები კატეგორიებად დაყვეს და სტრუქტურები, რომელთა წარმომადგენლები ისედაც იღებდნენ პრემიებს, ამ უპირატესობით მომავალშიც ისარგებლებენ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved