სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "წარმართულ რწმენა-წარმოდგენებთან ერთად, ბევრი სასარგებლო ტრადიციაც დაიკარგა"
    თამუნა მუკბანიანი
    13.04.2018

     70-წლიანი ათეისტური პერიოდის დასრულების შემდეგ ჯერ მართლმადიდებლობამ შეავიწროვა წარმართული რწმენა-წარმოდგენები, შემდეგ კი თანამედროვე ცხოვრების რიტმში ჩაიკარგა ან სახე იცვალა. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებო მაღალმთიანი რეგიონებია, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ტრადიციებით. ნელ-ნელა მთაში იკარგება საუკუნოვანი ადათები ან სახეშეცვლილად სრულდება რიტუალები. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ბარისაკენ დაწყებული დიდი მიგრაციის შემდეგ, როცა მთა, ფაქტობრივად, დაიცალა, ხატობის გარდა, სხვა წეს-ჩველებები თითქმის დავიწყებას მიეცა.

    საქართველოს მთიანი რეგიონები ყოველთვის გამოირჩეოდა მკაცრი და მრავალგვარი ტრადიციებით. მასობრივი მიგრაციის შემდეგ, როცა მთის მოსახლეობა ბარში გადასახლდა და სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტა, ადათების დაცვამაც თანდათან იკლო. დღეს ძველი ჩვეულებების შესრულება უმეტესად ხატობით შემოიფარგლება და ისიც სახეცვლილი ფორმით. ესღაა მთიელთა კავშირი წინაპრების წეს-ჩვეულებებთან.

    აღმოსავლეთის მთაში თითქმის სრულ მივიწყებას მიეცა ხევისბერის ინსტიტუტი, ხოლო სვანეთში - მახვშები. სვანეთის რამდენიმე თემში ჯერაც არსებობს თავკაცთა კრება, თუმცა მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

    ხევსურეთსა და ფშავში, ასევე სვანეთშიც, შემორჩენილია რამდენიმე დღესასწაული, ე.წ. ხატობა, რომლებიც სინკრეტული (წარმართული და ქრისტიანული ელემენტების შერევით ხდება) დღესასწაულებია, ანუ ქრისტიანობისა და წარმართული წეს-ჩვეულებების ნაზავი.

    რაც მეტი დრო გადის, მთა იცლება და ბარში ჩამოსახლებული ადამიანების ცხოვრების ტემპი ჩქარდება, მოსახლეობა კი ნაკლებად იცავს ტრადიციებს, რომლებიც წინაპრების ყოველდღიურობა და წმიდათაწმიდა წესი იყო.

    90-იანი წლების დასაწყისში, როცა 80-წლიანი ათეისტური პერიოდი დასრულდა, ხალხი მასობრივად მიუბრუნდა ქრისტიანობას და ტაძრებში სიარული დაიწყო. ნაწილობრივ სწორედ ამ დროს გაქრა როგორც ცრურწმენები, ასევე წარმართული წეს-ჩვეულებები, თუმცა მათი სრულად აღმოფხვრა, როგორც ჩანს, მაინც შეუძლებელია.

    ტრადიციების უმეტესობა, რომლებიც მთაში მყარად ფესვგადგმული იყო, კომუნისტური რეჟიმის დროს რელიგიის აკრძალვითა და შეზღუდვით თანდათან მიავიწყდა ხალხს, რასაც "რეზონანსთან" ადასტურებს ილია ლიპარტელიანი. იგი სვანეთიდანაა და კარგად ახსოვს ადრინდელი რიტუალები.

    "რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველა ადათს, მაგრამ უმეტესობა, რომლებიც მთაში იყო შემორჩენილი, კომუნისტური რეჟიმის დროს ნელ-ნელა გაქრა ან სახე იცვალა. ჩემი მშობლების თაობა ყოველ კვირას რაღაცას დღესასწაულობდა - ხან მოსავლის სიუხვეს ავედრებდნენ უფალს, ხან შინაური პირუტყვის ნადირისაგან დაცვას სთხოვდნენ. ეს რწმენა-წარმოდგენები წარმართულია და კარგიცაა, რომ გაქრა, მაგრამ ბევრი სასარგებლო ტრადიციაც დაიკარგა.

    სვანეთში ხელშეუხებელი იყო მახვში და თემთა საბჭოები, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ კანონი და სამართალი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს, ვერ აღწევდა მაღალმთიანეთში. დღეს ამის საჭიროება აღარაა და ეს ინსტიტუტიც სიმბოლურად შემორჩა. უფრო სწორად, ინერციით დღემდე არსებობს და სულ უფრო კნინდება.

    არის ტრადიციები, რომლებსაც მეც პატივს ვცემ. მაგალითად, ხატობა, რომელიც ერის სიმრავლისა და მშვიდობის მავედრებელია, მაგრამ ამ დროსაც ხარის რქაზე დანთებულ სანთლებს (რაც დღემდე ხდება) ტაძარში აღვლენილი ლოცვა მირჩევნია.

    ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და მისტიკური, რაც კი მახსენდება - "ქვინარეში" - სულების მოპატიჟების რიტუალია. ზამთარში, შობასა და ნათლისღებას შორის, რომელიღაც ერთი კვირა ყოველ დილა-საღამოს სუფრა იშლება და საკურთხი მზადდება მიცვალებულთათვის. იმ დღეებში ისე იქცევიან, თითქოს ნამდვილად მოდიან ისინი. კერძებსაც კი იმას ამზადებენ, რაც გარდაცვლილს უყვარდა.

    ბავშვობაში ბებია აკეთებდა ასეთ სუფრებს და კარგად მახსოვს. დედა სვანეთიდან არ არის და თბილისში გადმოსახლების შემდეგ ეს ტრადიცია ჩემს ოჯახში გაქრა, თუმცა ვიცი, რომ სვანეთში ახლაც აღასრულებენ ამ წესს", - გვითხრა ილია ლიპარტელიანმა.

    ნინია რაზიკაშვილი ფშავიდანაა, მაგრამ ახლა კახეთში ცხოვრობს. იგი ადასტურებს, რომ ძველ ჩვეულებებს პირვანდელი სახით თითქმის აღარავინ იცავს და რაც შემორჩენილია, იმასაც ძირითადად უფროსი თაობის ადამიანები ასრულებენ.

    "ფშავში და, საერთოდ, მთაში ყველგან იმდენად ბევრია წეს-ჩვეულებები, რომ თანამედროვე ცხოვრებაში მათი შესრულება ძალიან რთული ან შეუძლებელიც კია. ფშავში დარჩენილი ადამიანები ალბათ მეტ-ნაკლებად ახერხებენ, პირვანდელი სახით შეასრულონ ის ადათები, რაც მამა-პაპათაგან მოგვდგამს. კახეთში კი, მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტურად ვართ ჩასახლებული, ყველაფერი მაინც სახეცვლილად და შემსუბუქებულად სრულდება, ხატობის რიტუალიც კი. იმასაც, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ხანდაზმული ადამიანები ასრულებენ. ახალგაზრდებს დიდად არც აინტერესებთ და არც ისეთი რწმენა აქვთ, რომ გააზრებულად იცავდნენ. უფრო ინერციით მიჰყვებიან ყველაფერს.

    ჩვენი ტრადიციის მიხედვით, ყოველი გვარის ნაწილი რომელიმე ხატის ყმაა და ამასთან დაკავშირებული დღესასწაულებიც აღნიშნება. ახლა ეს უკვე მხოლოდ რიტუალურ ხასიათს ატარებს", - განუცხადა "რეზონანსს" მაკო რაზიკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved