სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეონა დევიძე
    09.05.2018

     საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მართვის მოწმობა აქვს, თუმცა - რამდენად დამსახურებულად, ეს სხვა საკითხია. მხოლოდ საგზაო მოძრაობის გამოცდის ჩაბარება ახალბედა მძღოლს ბევრს ვერაფერს აძლევს. 2-3 კვირაში ყველა საჭირო ნიუანსის შესწავლა სათანადოდ ვერ ხერხდება და ამიტომაც მთელი ქვეყანა გაივსო არაპროფესინალი მძღოლებით. გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ქალაქის ქუჩებში გადატანაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია, მაგრამ ცვლილებები ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა. მოლაპარაკებები შსს-თან მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას სექტემბრისთვის ელოდებიან.

    ქვეყანაში ვერა და ვერ დარეგულირდა, თუ რა პრინციპით უნდა გაიცემოდეს მართვის მოწმობა. წინა საუკუნის მიწურულს ყველას შეეძლო, მიეღო ეს საბუთი, ვინც კი მცირე თანხას გაიღებდა. ამჟამინდელი მდგომარეობითაც მისი აღება სირთულეს არ წარმოადგენს. დასაზეპირებელია დაახლოებით 1100 ბილეთი, ხოლო 5-6 პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ მანქანის დაძვრა-გაჩერების პრინციპს ალღოს ყველა უღებს. ეს საკმარისია გამოცდაზე გასასვლელად, მართვის მოწმობის მოპოვების შემდეგ კი ავტომობილით თამამად გადაადგილებას არავინ ერიდება.

    რამდენად საფუძვლიანია რამდენიმე დღეში შეძენილი "ცოდნა" და უნარ-ჩვევები? ცხადზე ცხადია, რომ ასეთი მძღოლები მოძრაობის დროს უამრავ შეცდომას უშვებენ და ავტოსაგზაო შემთხვევებიც წლიდან წლამდე მატულობს.

    სატრანსპორტო დარგის სპეციალისტები დიდი ხანია, მოითხოვენ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის გამკაცრებას და რეალურ სივრცეში გადატანას. "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის თქმით, ჯერჯერობით მათ არ შეუძლიათ განცხადების გაკეთება, თუ როდის მოხდება ქალაქის ქუჩებში დამწყებ მძღოლთა გამოცდა. ევრორეგულაციებისა და ასოცირების ხელშეკრულების ვადა კი სექტემბრისთვის იწურება და იმედოვნებს, რომ ცვლილების განხორციელებაც აღნიშნულ პერიოდში მოესწრება.

    ჯერ არ არსებობს კონკრეტული ქუჩების ზუსტი ჩამონათვალიც. წესით, ყველა ცენტრალურ ქალაქში შეირჩევა სპეციალური ადგილები, სადაც ამჟამად საგამოცდო პუნქტებია.

    სპეციალისტებთან ერთად, უბრალო მოქალაქეებიც მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, გამოცდას დაემატოს პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება ქალაქში:

    "მართვის მოწმობის ასაღებად აუცილებლია კიდევ ერთი მომენტი - ქალაქში მოძრაობის გამოცდილება. პირადად მე, როდესაც ქუჩაში გავედი, არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ეს როგორც ჩემთვის, ასევე სხვებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენდა. ირგვლივ საშინელი სიტუაციაა. ქალ მძღოლებს პრაქტიკული ცოდნა გაცილებით ნაკლები აქვთ, მაგრამ მამაკაცები ზედმეტად თავდაჯერებულნი არიან. ამის გამო უამრავი წესი ირღვევა და ცხადია, რომ საავარიო სტატისტიკა საგრძნობლად გაზრდილია", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას 22 წლის მარიამ გვარამაძემ.

    ალბათ, ყველა მძღოლს მართვის საკუთარი სტილი აქვს. ზოგი ნამდვილად პროფესიონალია, ზოგიერთი, უბრალოდ, ფრთხილი და ყურადღებიანი. არიან ისეთები, ვინც რისკავს, არღვევს მოძრაობის წესებს და ხშირად ეს ფატალურად მთავრდება. ქულების დაკლების სისტემამ დიდი შედეგი არ მოიტანა, ვინაიდან უკეთესობა არსად ჩანს.

    33 წლის თორნიკე კოპაძეს სისწრაფე უყვარს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ ეს ასაკობრივია:

    "ავტომობილს ბავშვობიდან ვმართავ. სისწრაფეც მიყვარს, თუმცა ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს. ხშირად ეს ასაკობრივიცაა. 18-22 წელი, ვფიქრობ, ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ცხოვრების სხვა ეტაპზე გადადის და სხვადასხვა გზით ცდილობს თავის დამკვიდრებას. გადაჭარბებული სიჩქარე და რისკი მათთვის სავიზიტო ბარათად იქცა, ვინაიდან ეს თავიანთი "მაგარი ტიპობის" ერთ-ერთი დამადასტურებელი ქმედება ჰგონიათ. სწორედ ამ და სხვა მრავალ მიზეზს მივყავართ იმ შედეგამდე, რაც დღესაა. არაპროფესიონალიზმი და ჰაერში გაფანტული მართვის მოწმობები - ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თორნიკე კოპაძემ.

    ქვეყანაში არსებულმა უამრავმა ავტოსკოლამ ბოლომდე გაათამამა და ფრთები შეასხა მათ, ვისაც მარტივი გზით სურთ, "კანონიერად" მართონ ავტომობილი. სამწუხაროდ, ევროპულ სტანდარტებამდე შორსაა ჩვენი ქვეყანა. საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურაა მძღოლის სტატუსის მოპოვება. მაგალითად, გერმანიაში რამდენიმე თვე სჭირდება თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლას, რადგან მის გარეშე არავინ დაგიშვებს გამოცდაზე. თან, იქ ჯერ შიდა გამოცდა ბარდება იქაურ ლიცენზირებულ ავტოსკოლაში, საქართველოში კი მარტივად შეიძლება ისწავლო ან დაიზეპირო ბილეთები, შეითვისო პრაქტიკული მართვაც, რის შემდეგაც მიხვალ დანიშნულების ადგილას, გადაიხდი გამოცდაზე გასვლის საფასურს და მიზნამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება - ოცდაათი შეკითხვა და ექვსმანევრიანი გამოცდა.

    ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი მიზეზი მართვის უცოდინრობაა:

    "ძირითად შემთხვევაში ავარიების მიზეზი არის ის, რომ მართვის მოწობის აღება ხდება ყოველგვარი ცოდნის გარეშე. არის რაღაც თაღლითური ავტოსკოლები და ჯგუფები, რომლებიც ამზადებენ ადამიანებს სხვადასხვა წესით. პრაქტიკის ჩაბარება დახურულ მოედანზე საკმაოდ ადვილია, თეორიულ ტესტს კი სულ რომ უცნობ უცხო ენაზე იყოს შედგენილი, მაინც გაუმკლავდება ადამიანი. პრაქტიკის შემთხვევაში მძღოლებს არანაირი გამოცდილება არ აქვთ არც ღამე მართვის, არც მოყინულზე ან წვიმიან ამინდში, ან სულაც ქალაქში მართვის და ა.შ." - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მესხიშვილმა.

    როგორც მესხიშვილმა განაცხადა, ის პირადად მხარს უჭერს ისრაელისა და გერმანიის მოდელს: "იქ, პირველ რიგში, ავტოსკოლები გადიან ლიცენზირებას და პერსონალიც სერტიფიცირებულია, ჩვენ კი გვაქვს შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ ინსტრუქტორს თავად არ აქვს მართვის მოწმობა. მუდმივად ვთანამშრომლობთ შსს-თან და მოვუწოდებთ, რომ ჩვენთანაც დაიწყოს ავტოსკოლების ლიცენზირება და თანამშრომლების სერტიფიცირება.

    აუცილებელია შიდა გამოცდები და ამის შემდგომ მოხდეს მთავარ გამოცდაზე ხალხის გაშვება. დახურული სივრცის შემდეგ პრაქტიკამ უნდა გადაინაცვლოს ქალაქის რეალურ სივრცეში და ეს არის კიდეც ევროდირექტივა, რომელიც, წესით, პირველ სექტემბრამდე უნდა შევიდეს ძალაში", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved