სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქმის თავიდან არიდება ცხოვრების წესი გახდა
    თეო გუდავაძე
    11.05.2018

     ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ინტერნეტსივრცე და თანამედროვე ტექნოლოგიები მარტივი კონტაქტის საშუალებას იძლევა, ამას საზოგადოების ნაწილი გაურბის და თავს არიდებს საქმიან ურთიერთობას. მიზეზი სხვადასხვაგვარია და ძირითადად სუბიექტური. ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები ძალიან გახშირდა. ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა დაუქვეითდათ და საქმის თავიდან არიდება ცხოვრების წესი გახდა, ამის გამართლებას კი ხშირად უსუსური არგუმენტებით ცდილობენ.

    გამორთული ტელეფონი, მესიჯების იგნორირება და ინტერნეტში დამალვა დღეს ყველაზე გავრცელებული მეთოდებია პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად. ადამიანები კონტაქტს არიდებენ თავს, რაც განსაკუთრებით ცუდად აისახება საქმიან ურთიერთობაზე. ხშირია მსგავსი ფაქტები სამსახურში, საქმიანი შეხვედრებისას და თუნდაც ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობაშიც.

    ეკა ნათენაძე "რეზონანსთან" დაუფარავად ამბობს, რომ ამის გამო ხშირად ექმნება სტუდენტებთან პრობლემა. ნაცვლად იმისა, რომ ტექნიკას და ინტერნეტსივრცეს ყველაფერი გაემარტივებინა, უფრო გაართულა.

    "ხშირად მქონია მსგავსი შემთხვევა სამსახურშიც, მაგრამ სტუდენტებთან განსაკუთრებით. შარშან სდასუ-ში მქონდა სალექციო კურსი და ძალიან ზარმაცი ჯგუფი შემხვდა. ყოველკვირა ახალ პრობლემას ვაწყდებოდი, ყველას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, რატომ არ მოამზადეს დავალება და პრეზენტაცია. 99% აბრალებდა ტექნიკას, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი პროგრამა, ლეპტოპი, ინტერნეტი და ა.შ. ვუყვებოდი, რომ ჩემი სტუდენტობის დროს საერთოდ არ გვქონდა ეს ფუფუნება, მაგრამ გვქონდა პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, ყველანაირ დავალებას ვართმევდით თავს.

    რამდენადაც კარგია თანამედროვეობა, იმდენად ამარტივებს ტყუილის თქმასაც. ცუდია, როდესაც პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია ადამიანს, გაურბის საქმიან თუ არასაქმიან ურთიერთობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიზეზი მხოლოდ სიზარმაცეა. ვფიქრობ, ეს საზოგადოებაში სერიოზული პრობლემა და ახალი სენია, რომელიც ნელ-ნელა იმკვიდრებს თავს სხვადასხვა ფორმით", - აღნიშნა ეკა ნათენაძემ.

    სოციალური სივრცე და სმარტფონები კავშირს უფრო მეტად ამარტივებს, მაგრამ თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მას არ სურს ვინმესთან დაკავშირება, ვინც აქამდე ეკონტაქტებოდა, ამის მოგვარების გზებსაც ადვილად მოძებნის. მეთოდები ნაირნაირია: ნომრის დაბლოკვა, ნომრის შეცვლა, სოციალური ქსელის გაუქმება ან გამოუყენებლობა. დღეს ყოველ მეორე ადამიანს აქვს მსგავსი ისტორია სხვადასხვა მიზეზით და ამბით, მაგრამ სიტუაციიდან გამოსავალს ყველა თანამედროვე ტექნიკის ხარჯზე პოულობს.

    გიორგი შავგულიძეს მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირად ჰქონია სამსახურშიც და სამეგობრო წრეშიც.

    "ფოტოგრაფი ვარ და ჩემთან ერთად მუშაობენ სხვა ფოტოგრაფებიც. ხშირად, როდესაც ერთსა და იმავე პროექტზე ვმუშაობთ, დამქირავებელთან მე მაქვს კავშირი. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვიცი, რომ არსებობს საკმაო შანსი, ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც საჭიროა. სიმართლე გითხრათ, უკვე აღარავის იმედი აღარ მაქვს.

    უამრავი ისტორია მქონია: გადამიღია ქორწილი, დასამუშავებლად გამიგზავნია სხვისთვის, ვინც ჩემზე უკეთ ფლობს "ფოტოშოპს" და შემდეგ მინანია, რადგან აღარ უღირსებია უკან გადმოგზავნა. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზს იშველიებენ - პროგრამამ გაჭედა, ლეპტოპი გაფუჭდა და ა.შ.

    საუკეთესო შემთხვევაა, როდესაც მიზეზს ვიგებ და მეც ვცდილობ, დამკვეთს ავუხსნა, რატომ აგვიანებს შეკვეთა, მაგრამ როდესაც მიზეზი არ ვიცი, ორ ცეცხლს შუა ვარ. ხანდახან მთელი დღე ტელეფონზეც არ მპასუხობენ და მეუბნებიან, რომ გამორთული ჰქონდათ ან ზარი არ ესმოდათ.

    ეს სიზარმაცეც ზუსტად ასეთმა წინსვლამ გამოიწვია. ყველაფერი იმდენად გამარტივებულია, პატარ-პატარა საქმეების კეთებაც ძალიან ეზარება ხალხს. ცდილობენ, მაქსიმალურად გაწელონ დრო და საქმე თავიდან აირიდონ. პირად ურთიერთობაში მსგავს ფაქტებს სხვანაირად ახსნი, მაგრამ საქმიანი კავშირი ისეთი რამეა, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი.

    ახლაც მაქვს ასეთი შემთხვევა: ორი წლის წინათ მეგობარს ვასესხე ფული და დღემდე მემალება. სამჯერ გავიგე მისი ნომერი და სამჯერვე გამოცვალა, გააუქმა სოციალური ქსელიც. იცის, რომ სახლში მივარდნას არ ვაპირებ და ასე მარიდებს მაქსიმალურად თავს, იმის ნაცვლად, რომ ადამიანურ ენაზე ამიხსნას მიზეზი.

    თანამედროვეობამ გაგვაზარმაცა და პასუხისმგებლობის გრძნობა დაგვიქვეითა. პირადად ჩემთვის ძალიან ცუდია ასეთი ურთიერთობა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი შავგულიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved