სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.05.2018

     "საზღვარგარეთ ვიყავი "ხალიჩების მბერტყავი", დურგალი (2 წელი) შოფერი და "კომენდანტი" (2 წელი) - სტამბულში. მერე პარიზში 1 წელი დურგალი, 15 წელი შოფერი, რედაქტორი და სხვა. ომებში და რევოლუციებში გადავარდნილი სამ-სამჯერ. ალბათ არ დაიჯერებ, რომ არასდროს ჩემთვის არ მიძებნია: არც სახელი, არც მდგომარეობა, არც ქონება, სრულიად უბრალოდ, ბუნებრივად ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნდა მუდამ სამსახური სხვებისა და იდეალისათვის, სამშობლოსთვის" - მისწერს რევაზ გაბაშვილი ამერიკაში მცხოვრებ მეგობარს - პეტრე ხვედელიძეს 1967 წლის დეკემბერში.

    მართლაც, უანგაროდ ემსახურა თავის სამშობლოს ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ეკატერინე გაბაშვილის ვაჟი, რევაზ გაბაშვილი და დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ეპიზოდი, გვინდა, გავიხსენოთ ამ ამგდარი კაცის მოღვაწეობიდან შინ თუ მის საზღვრებს გარეთ.

    1871 წელს წერეთლების ოჯახში "კაცია-ადამიანის" საჯარო კითხვაზე, რომელსაც იმდროინდელი მოწინავე საზოგადოება ესწრებოდა, ეკატერინე გაბაშვილმა ილია ჭავჭავაძე და მომავალი მეუღლე ალექსანდრე გაბაშვილი გაიცნო. მოიხიბლა ახალგაზრდა ალექსანდრეს საქმიანი საუბრით, რომელიც მერე სიყვარულში გადაიზარდა, სიყვარული კი ქორწინებით დასრულდა. 10 შვილი შეეძინათ. როცა საბჭოთა ხელისუფლების დრო დადგა, მამულები ჩამოართვეს - ვერა, ოქროყანა. სახლი, რომელიც რუსთაველზე მეცნიერებათა აკადემის შენობის ადგილას იდგა, გაუსხვისეს და ოჯახი მეორე სართულზე ერთ ოთახში შეყარეს. მათი ვაჟი რევაზი ემიგრაციაში წავიდა. ეკატერინე გაბაშვილი არ დაუპატიმრებიათ. "მაგდანას ლურჯას" ავტორი ხალხს უყვარდა და მთავრობა მოერიდა მწერალი ქალის საჯაროდ დასჯას.

    თავის მოღვაწეობას სამშობლოში თუ ემიგრაციაში რევაზ გაბაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომელიც ემიგრანტ კარლო ინასარიძის მიერ მიუნხენში გამოცემულ კრებულში შევიდა სახელწოდებით "პატარა "ოქროს ხანა". რადიოდოკუმენტების კრებულში, ქართველი ემიგრანტების ინტერვიუებთან ერთად, შესულია დამოუკიდებელი საქართველოს თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მიმართვა, რომელიც მან 1938 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავზე დაწერა და თავად წაიკითხა პარიზში გრამაფონის ფირფიტების სტუდიაში. ეს კრებული შემდეგ ნოე ჟორდანიას ქალიშვილმა "რადიო თავისუფლების" რედაქციას გადასცა.

    "წერა-კითხვა დედამ მასწავლა. 8 წლის შევედი სათავადაზნაურო სკოლაში. დამთავრებისთანავე წავედი საზღვარგარეთ, ბელგიაში - ლიეჟში. იქ იყო მაშინ ელექტროტექნიკური ინსტიტუტი, სადაც დაყავი 1905 წლის ზაფხულამდე. როცა რუსეთ-საქართველოს პირველმა რევოლუციამ იფეთქა და რადგანაც მთელი ქართველობა ვემზადებოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ბრიუსელში ერთი ყიფიანი იყო, ის გვასწავლიდა თოფის სროლას... ვემზადებოდით, ასე ვთქვათ, რევოლუციისა და საქართველოს გათავისუფლებისთვის. ზახულში დავბრუნდი საქართველოში. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ჩავწერილვარ წევრად. მაგრამ რადგან ორი პარტია იყო - ერთი დემოკრტიული, რომელიც ემსახურებოდა მარტო რუსულ დემოკრატიას, მეორე ფედერალისტების, რომლებიც აყენებდნენ, ასე თუ ისე, ეროვნულ საკითხს, მე იმათ მივეკედლე... ეს იყო ჩემი პირველი პოლიტიკური გამოსვლა. საქართველოს ეროვნული პარტია დავაარსეთ 1911 წელს, ჩვენ ვიყავით სამნი - მე, შალვა ამირეჯიბი და დათა ვაჩნაძე. პირველივე თვეებში ჩვენ შემოგვიერთდნენ უფროსი თაობიდან და ახალგაზრდებიც - პირველივე თვეში ავიყვანეთ პარტიის რიცხვი თითქმის ას კაცამდე. მერე არსებობდა ჩვენი პარტია, ეროვნული პარტია 1917 წლამდე. მერე მოხდა რევოლუცია და მაშინ გადაკეთდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიად.

    1918 წლის 26 მაისს თბილისში ვიყავი. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ბევრი შრომა გავწიე. ქართველი ხალხი, შეიძლება ითქვას, დედა-ბუდიანად დიდი აღტაცებით შეხვდა დამოუკიდებლობის გამოცხადებას. სასახლის გარშემო მთელი თბილისი იყო და აღტაცებით ტაშს უკრავდა, მღეროდნენ და ზეიმობდნენ. იმ დღეს ვლასა მგელაძე გაიქცა, მამადავითის ეკლესიაში ზარები დარეკა და ილიასა და აკაკის საფლავებს ჩასძახა - გაიხარეთ, საქართველო დამოუკიდებელი გახდა" - აღნიშნავს რევაზ გაბაშვილი.

    მერე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქრა, ჯარისკაცივით იბრძოდა და ყველა მოვლენას აშუქებდა იმდროინდელ პრესაში. "ტაბახმელაზე შტაბში ვხედავდი მრავალ პოლიტიკურ მოღვაწეს და სხვადასხვა ჯურის მიტინგურ მოკამათეებს, რომლებიც აღჭურვილი იყვნენ სრული საბრძოლო აღკაზმულობით და თავი მოხალისის თვითკმაყოფილებით ეჭირათ, მაგრამ არც ერთი მათგანი შტაბსა და გზატკეცილს არ გასცილებია, ერთადერთ გამონაკლისი იყო რეზო გაბაშვილი, რომელიც ჩოხაში, თოფით ხელში ახლდა იუნკერთა სკოლას ბრძოლაში, მასთან ერთად გადაიტანა მძიმე პირობები" - ასე იხსენებდა 1921 წლის თებერვლის სისხლიან დღეებს გენერალი ალექსანდრე ჩხეიძე.

    მერე იყო ემიგრაცია, აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა, თანამშრომლობა მიუნხენსა თუ პარიზში გამომავალ ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან, ამერიკულ ქართულ გაზეთთან "ქართული აზრი". პარიზში დარჩა გამოუქვეყნებელი ხელნაწერი შრომები საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე. 1959 წელს მიუნხენში გამოაქვეყნა მემუარები "რაც მახსოვს". ეხმარებოდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებს. ამბობენ, ქაქუცას ბიჭებს მზე და მთვარე ამოსდიოდათ რევაზ გაბაშვილზეო. გულანთებული ქაქუცას ბიჭები ევროპას თავსატეხად ექცა, პარიზის პოლიციის უფროსს უთქვამს, ესენი რომ არ ჩამოსულიყვნენ, 200 წელი ვიცოცხლებდიო. ატყდებოდა ერთი ამბავი, დააკავებდნენ თუ ვერ დააკავებდნენ ქართველ ჩხუბისთავებს, კაცს აფრენდნენ რევაზთან - მოდი, ან ამათ გააგებინე, რა გვინდა, ან ჩვენ გვითხარი, რა უნდათო... ისიც, დილა იყო თუ ღამე, იქ გაჩნდებოდა, პატრონობდა ქაქუცას ბიჭებს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარულისა და მონატრების გარდა არაფერი გააჩნდათ. სამშობლოში ვერ დაბრუნდა, პარიზში გარდაიცვალა და ბანიოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved