სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "პოლიციის თანამშრომლები ვერ შეძლებენ ამდენი, 1,2 მლნ მანქანის გაკონტროლებას"
    ნათია ლომიძე
    13.06.2018

     გომბორის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ირკვევა, რომ მიკროავტობუსი, რომლითაც ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მათი მშობლები მგზავრობდნენ, ტექნიკურად გაუმართავი იყო. რაც მთავარია, მას გავლილი არ ჰქონდა სავალდებულო ინსპექტირება. საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევებს მასობრივი სახე აქვს. გადამყვანი ტრანსპორტის დიდი ნაწილი გაუმართავია, არც ტექდათვალიერებას გადის, მაგრამ მგზავრთა გადაყვანაზე უარს არავინ ამბობს.

    ბოლო პერიოდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ "რეზონანსი" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილს ესაუბრა. ის გომბორზე მომხდარ ავტოკატასტროფასა და ბოლო პერიოდში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ პრობლემა კანონის აღსრულებაშია.

    "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ სამგზავრო ავტომობილს, რომელსაც გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა. მერე ვისი ბრალია ეს? მიკროავტობუსებისთვის, ავტობუსებისთვისა და 3 ტონაზე მეტი წონის მქონე ავტომობილებისთვის პერიოდული ტექდათვალიერების გავლა დღემდე სავალდებულოა, მაგრამ მათი 14% თუ ასრულებს ამ ნორმას (10-დან 2 სატრანსპორტო საშუალების შემოწმებაც არ ხდება). ჩვენი სტატისტიკით, 2018 წლის 1-ელ იანვრამდე სწორედ ეს რაოდენობა მივიდა პერიოდული ინსპექტირების გასავლელად.

    ადრეც ვამბობდი, რომ თუ კანონის აღსრულება არ მოხდებოდა, ტექდათვალიერების პროცესს მიადგებოდა ჩრდილი. ახლაც იმავეს ვიმეორებ, რადგან მგონია, რომ ინსპექტირების გასავლელად არავინ მივა ან მივა მხოლოდ ის ნაწილი, ვინც კომპანიაში მუშაობს და უშუალოდ დამსაქმებელი მოსთხოვს შემოწმებას.

    კანონის აღსრულება მთლიანად დამოკიდებულია მხოლოდ საპატრულო პოლიციის ფიზიკურ ძალაზე, ანუ თუ პატრული ეჭვის საფუძველზე გააჩერებს მანქანას, მაშინ შეიძლება რომელიმე მძღოლის დაჯარიმება. ბუნებრივია, ასე კანონი არ იმუშავებს.

    საფრთხე ექმნება საყოველთაო ტექდათვალიერების პროცესსაც, რომელიც წლის ბოლომდე ძალაში უნდა შევიდეს. წარმოიდგინეთ, 1.2 მლნ ავტომობილია და სულ რამდენიმე ათასი პოლიციის თანამშრომელი. თავისთავად ცხადია, რომ ისინი ვერ შეძლებენ ამდენი მანქანის გაკონტროლებას. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ე.წ. ჭკვიანი კამერებით გზების მოწყობა, მათი მეშვეობით ავტომატურ რეჟიმში ბაზაში უნდა მოწმდებოდეს, გავლილი აქვს თუ არა ავტომობილს პერიოდული ინსპექტირება.

    სამწუხაროდ, პროცესი იწელება, ზოგი გადის შემოწმებას, ზოგი - არა, რაც კანონის აღსრულებაში აშკარა პრობლემაზე მიუთითებს", - უთხრა "რეზონანსს" მესხიშვილმა და დეპუტატებისა და განათლების მინისტრის განცხადებასაც შეეხო ექსკურსიების რეგულაციის თაობაზე. ექსპერტის აზრით, მსგავსი განცხადება არაკომპეტენტურია, რადგან შემოწმებას უნდა გადიოდეს ყველა ტრანსპორტი, რომელსაც გადაჰყავს მგზავრები და არ უნდა ხდებოდეს მათი დაყოფა.

    "ექსკურსიების რეგულაციაზეც მინდა ვისაუბრო, რაც ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს გამართული და არა მხოლოდ ის მიკროავტობუსი, რომელიც ექსკურსიაზე მიდის, აბსოლუტურად ყველა მანქანა, ვისაც მგზავრი გადაჰყავს. შეიძლება დამატებით გამკაცრებაზე ისაუბრონ, მაგრამ მაინც ყველას უნდა შეეხოს და არა ერთ მიმართულებას. თუ ცვლილებაზეა საუბარი, რომ მოწესრიგდეს ყველა ტრანსპორტი, ბევრი რამეა შესაცვლელი", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

    სპეციალისტების მსგავსად, უკმაყოფლებას გამოთქვამს მოსახლეობაც. ისინი მთავრობას დადგენილი კანონის აღსრულებისკენ მოუწოდებენ, რომ ტრანსპორტის შემოწმება აუცილებლად უნდა გამკაცრდეს, იქნება ეს ჯარიმა თუ სხვა სახის სანქცია. თბილისის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ლელა მიქაძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო დროს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მათი კლასის ექსკურსია გააუქმეს. რისკი იმდენად მაღალია, რომ დაგეგმილი ღონისძიებისგან მშობლებმაც და ბავშვებმაც კი თავი შეიკავეს.

    "მთელი წელი ჩემი მოსწავლეები ამ დღეს ელოდნენ, კახეთში ვაპირებდით წასვლას, ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ გადავდეთ. როგორც ჩვენთან, ასევე მშობლებსა და ბავშვებშიც კი იმდენად მაღალია შიშის მომენტი, რომ არავის პროტესტი არ გამოუთქვამს.

    სახელმწიფოს კი მივმართავთ და ვთხოვთ, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედონ, შემოწმდეს ავტომობილები, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ და ამდენი ადამიანის სიცოცხლე მათ ხელშია. სტრესშია მთელი ქვეყანა ასეთი ამბების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ კანონი არ ამუშავდება ნორმალურად და არ გვეცოდინება, რომ სამგზავრო მანქანები გამართულია, არ გავალთ ქალაქიდან მსგავს ღონისძიებაზე", - განუცხადა "რეზონანსს" პედაგოგმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved