სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აშკარაა, რომ ზოგადად მძღოლების მიმართ გაუჩნდათ უნდობლობა"
    თეო გუდავაძე
    10.08.2018

     თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ავტოსაგზაო შემთხვევებზე, სადაც საუბარია დაზარალებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. ბოლო დროს გახშირდა ისეთი ავარიები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მონაწილეობს. მგზავრები უკვე ძალიან შეშინებული არიან და აღარც კი იციან, უსაფრთხოდ როგორ იმგზავრონ. ბევრს უკვე ქუჩაში ფეხით გადაადგილებისაც კი ეშინია.

    გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შემდეგ, სადაც ექსკურსიაზე მყოფი ადამიანები საშინელ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, კიდევ რამდენიმე სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, სადაც მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები დაზარალდნენ. რამდენიმე დღის წინ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ოსიაურთან მიკროავტობუსი გზიდან გადავიდა, ხოლო გუშინ შავშვებთან 9 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რომელთა შორის ორი სამარშრუტო ტაქსი იყო. ყველა შემთხვევაში მგზავრებმა დაზიანებები მიიღეს.

    მერაბ მურდალაშვილს უკვე წლებია, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით გადაჰყავს მგზავრები. იგი ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად შეინიშნება მგზავრების ღელვა და შიში ტრანსპორტში ყოფნის დროს:

    "წლებია, მგზავრების გადაადგილებაზე პასუხს ვაგებ და გააზრებული მაქვს ჩემი რისკიც. ბოლო დროს გახშირებული ავარიები ჩემზე ძალიან მოქმედებს, მით უმეტეს, როდესაც დიდ მანძილზე ვუზივარ საჭეს. სულ დაძაბული ვარ, ვინ საიდან გამომიხტება და ცუდ მანევრს გააკეთებს, არასდროს ვიცი. რასაკვირველია, არც მოდუნების საშუალება მეძლევა.

    მგზავრებიც ძალიან შეშინებული არიან. თუნდაც თავისუფალ გზაზე ოდნავ მაინც მაღალი სიჩქარით თუ მივდივარ, მაშინვე რეაქცია აქვთ და მაფრთხილებენ, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლე მაბარია და ნელა ვიარო. რთულია მათ ადგილზე ყოფნაც და აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის მათი პოზიცია.

    ზოგიერთი ბავშვებთან ერთად რომ მგზავრობს, განსაკუთრებულად არის შეშინებული, ხშირად მომისმენია მათი საუბარი ავარიებთან დაკავშირებით და როგორც ვხვდები, ზოგადად მძღოლების მიმართ გაუჩნდათ უნდობლობა. რთულია აუხსნა, რომ ყველა ავარია ნამდვილად არ არის მძღოლის ბრალი და სხვა უამრავი ფაქტორი არსებობს, რომელთა გამოც შეიძლება, ფატალურად დასრულდეს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება.

    ამას რომ თავი დავანებოთ, თვითონ შიდა საქალაქო მარშრუტებიც ძალიან სახიფათო გახდა. ყოველდღიურად მესმის ისტორიები და ტელევიზიითაც ვისმენ, სამარშრუტო ტაქსებს რა პრობლემებიც ექმნებათ ქალაქში", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მერაბ მურდალაშვილმა.

    ლოგიკურია, რომ მძღოლის კომპეტენციის გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანური ფაქტორი, ავტომობილის ტექნიკური გამართულობა, საგზაო ინფრასტრუქტურა, კლიმატური პირობები, რომელზეც აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება მგზავრობის დროს.

    ლევან შოშიაშვილი 37 წლისაა. ის უკვე სამი წელია, სკოლებს ემსახურება და ბავშვები ექსკურსიებზე დაჰყავს. ბოლოდროინდელი შემთხვევების შემდეგ საკმაოდ დაფიქრებულია და აპირებს, რომ რომელიმე კომპანიაში დაიწყოს მუშაობა, რადგან მისი, როგორც კერძო მძღოლის, სანდოობა ეჭვის ქვეშ დადგა:

    "როდესაც ექსკურსიაზე მიჰყავთ ბავშვები, კომპანიებიდან ქირაობენ მძღოლებს და ამას ბოლო დროს მომხდარი ფაქტის შემდეგ უფრო მეტად მიაქცევენ ყურადღებას. მე არც ერთ კომპანიაში არ ვმუშაობდი, მაგრამ ახალი სასწავლო წლიდან ასე მომიწევს, რადგან მყავს შვილი და მშობლების პოზიცია აბსოლუტურად მესმის. დამოუკიდებელ მძღოლებს აღარ ენდობიან, ხოლო როდესაც კომპანიიდან ხარ, კვალიფიციურობა და სანდოობა ნამდვილად აღარ დგას ეჭვქვეშ, შესაბამისად, მშობლებიც უფრო მშვიდად არიან.

    მძღოლების მთავარი პრობლემა ზედმეტი თავდაჯერებულობაა. ისინი ზედმეტად დარწმუნებული არიან თავიანთ თავში და ჰგონიათ, რომ არასდროს არაფერი მოუვათ. მათ ავიწყდებათ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის გამოცდილება არაფერს წყვეტს. შეიძლება, მე იდეალურად ვატარებდე ავტომობილს, მაგრამ ვინმე ისეთი შემხვდეს ან გზაზე იყოს პრობლემა და ისეთი მანევრის გაკეთება მომიწიოს, რომ საფრთხე შევუქმნა როგორც საკუთარ თავს, ასევე - მგზავრებს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლევან შოშიაშვილმა.

    ადრე თუ მშობლები ქალაქიდან ქალაქამდე მძღოლებს აბარებდნენ თავიანთ შვილებს და ისე გზავნიდნენ სოფლებში, ახლა ეს ტენდენცია ნამდვილად იცვლება, რადგან, შიშისა და უნდობლობის გამო, ამას აღარავინ აღარ აკეთებს. თეა სანიკიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს თავისი შვილები დასასვენებლად ვერ გაუშვა, რადგან შვებულება ჯერ არ აქვს და ბავშვების მარტო გაგზავნას თავს არიდებს:

    "მირჩევნია, რომ ჩემთან ერთად წავიდნენ, ვიდრე 3-4 საათი ნერვიულობაში გავატარო, სანამ ადგილზე მშვიდობით ჩავლენ ჩემი შვილები. შესაბამისად, სანამ შვებულებას არ ავიღებ, მოუწევთ ჩემთან ერთად ყოფნა. მძღოლს ნამდვილად ვერ ჩავაბარებ ჩემი შვილების სიცოცხლეს", - აღნიშნა თეა სანიკიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved