სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    08.10.2018

     ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ეთნოგრაფისა და საზოგადო მოღვაწის - მოსე ჯანაშვილის კალამს არაერთი პუბლიცისტური წერილი ეკუთვნის. მათ შორის არის ქართული ფულის ისტორია, სადაც იგი წერს, რომ "საჭიროა, ყველა მეკომურმა გამოვიღოთ თითო-ოროლა გირვანქა საფასე და გადავცეთ საფინანსო სამინისტროს, რომ დაუყოვნებლით შეუდგეს ფულის ჭრას და ჩვენს საფასეს დავარქვათ ეროვნული სახელი".

    დღევანდელ სტატიაში მკითხველს ვთავაზობთ მოსე ჯანაშვილის ამ წერილს, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ "სახალხო საქმის" 1918 წლის 5 ივნისის ნომერში.

    "ქართული ფული

    ამ უფულობისას უსარგებლო არ იქნება, თვალი გადავავლოთ საქართველოს სამეფო ფულის საქმეს. უწინარე დრო-ჟამს ფული არ არსებობდა. აღებ-მიცემობა წარმოებდა ფარდვით, ანუ გაცვლა-გამოცვლით. თვით ვაჭრობასაც ჩვენში ფარდვა ერქვა, ხოლო ვაჭარს - მოფარდული.

    "შემდეგ ცხოვრება გართულდა, მოთხოვნილებამ იმატა და საჭირო შეიქმნა სააღებმიცემო ნიშნები - ფული. ყველაზე ძვირფასი საფასე იყო ოქრო, შემდეგ ვერცხლი, სპილენძი, ბრინჯაო და სხვა. ფულად გამოჭრილი ყველგან ერთნაირად ფასობდა, ოღონდ უყურებდნენ, რა ხარისხისა იყო და ისე ითვლიდნენ.

    "საყურადღებოა, რომ ამ ლითონების შემუშავება თავდაპირველად მოეწყო ჩვენს სამშობლოში - კოლხიდაში. კოლხიდაში მოიჭრა პირველი ქართული ფული არისტარქესაგან 65 წლის ახლო ხანს ქრისტეს წინად.

    "ამ დროს საქართველოში ტრიალებდა ალექსანდრე მაკედონელის ფული, ე.წ. "თეთრი დრახმა". ეს იგივე დრახმაა და მას "ქართლის ცხოვრებაში" ვხვდებით 103 წელს ქრისტეს შემდეგ. ამ ფულის ერთ პირზე იბეჭდებოდა თვით მეფის ხატი ანუ გამოსახულება.

    "არსებობს ვერცხლის ფული - ჭედილი 386 წელს ზედ, რომელსაც კითხულობენ ვახტანგად, გორგასლიანად. მისი მსგავსია ფულები სტეფანოზისა და ჯუანშერისა. ცნობილია კიდევ ფულები დავით კურაპალატისა, ბაგრატ მესამის გამოსახულებით; ფული გიორგი პირველისა, გიორგი მეორისა, დავით აღმაშენებლისა, დიმიტრი პირველისა, გიორგი მესამისა, თამარ მეფისა, გიორგი ლაშასი, რუსუდანისა, დავით მეხუთისა, თეიმურაზისა, ერეკლესი, გიორგი მეთორმეტისა.

     "არაბი მწერალი ყაზვანი (მე-13 საუკუნე), აღწერს რა თავის გეოგრაფიაში ტფილისს, ამბობს, რომ ქალაქში მოიპოვებაო ოქროს ფული პერპერა. ეს კარგი ფულიაო, წონით მისხალი, ოქრო უმაღლესი ხარისხისაა, იბეჭდებაო აფხაზთა (ქართველთა) მეფის მიერო. ამ პერპერას იხსენიებს შოთაც "პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდნენ ვითა ხიდსა".

    "ათონის ლავრის აღაპში იგი ჩნდება მე-11 საუკუნითგან და ეწოდება პერპერა, პერპეტა, პერპერატი... თამარ მეფემ ათონის მონასტერს გაუგზავნა რვა პერპერა. რა ღირდა პერპერა, ძნელია გადაჭრით თქმა, მაგრამ ვიცით, რომ მეცამეტე საუკუნეში, ყაზვანის ცნობით, პეპერა იწონიდა მისხალს. 1457 წელს კონსტანტინეპოლში პერპერა ღირდა 6 სუ და 4 დრამა.

    "ლანგუას შერიფ-ედ-დინის ისტორიიდან ამოუღია შემდეგი ფრიად საყურადღებო ცნობა - საქართველოს მეფე გიორგის გული რომ მოეგო ტამერლანისთვის (ლანგთემურისთვის) და მონღოლები გაესხა ტფილისიდან, ათასი ოქროს ფული გაუგზავნიაო. ამ ძღვენმა მოამშვიდაო ლანგთემური ისე, რომ დასტოვა ტფილისი, მტკვარზე გავიდა და წავიდა ბელაქანისკენ. დანამდვილებით არ ჩანს, ამ ფულს თვითონ გიორგი მეფე სჭრიდა, თუ ის 1000 ოქროს ფული ლანგთემურის მიერ იყო მოჭრილი და მისთვის მიძღვნილი გიორგი მეფის საუნჯიდან.

    "ჭრიდნენ ფულს ქართულ-არაბული წარწერით საქართველოს მტარვალები, მანგო ყაენი (1243 წ) აბაგა-ყაენი (1280 წ), არგუნი (1291 წ), ასან-მაჰმუდი (1295 წ), ოლთან სულთანი (1314), აბუსეიდი (1317-1335), სადი ბეგი (1338). ასევე სპარსეთის ზოგი ყაენი, რომელთაგან ჩვენში გავრცელდა შაური, უზალთუნი, აბაზი და კვლავ ხონთქარები: აჰმადი (1703), მაჰმუდი (1735).

    "ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი წერს "გაუგზავნა შაჰ-სულთანმა იბრაჰიმს ზარაფხანა (ზარაფი) ქალაქში (ტფილისი) ერეკლე მეორისთვის და დაკრეს სიქა (შტამპელი, ბეჭედი), ბრძანებისამებრ მისისა მოჭრეს სამ-აბაზიანი და შაური. მისივე ცნობით, 1751 წელს ცხვარს ჰყიდდნენ ორ შაურად, ძროხას - 5 აბაზად, ტყვეს - ორ მილანთულად (2 მანეთი).

    "1801 წლიდან ქართულ ფულს ტფილისში ჭრიდნენ რუსები. იპოვება ამ დროის ვერცხლის აბაზიანი, ორაბაზიანი და სხვა. ჭედი მოსპეს 1832 წელს.

    "ვახტანგი თავის სამართლის წიგნის მე-5 და მე-16 მუხლებში იხსენებს ფულებს - შაური, უზალთუნი, აბაზი, ასლანი, ფლური, გიორგული, ყირათი... ოქროს ფულს საზოგადოდ ერქვა ფლური, ვერცხლისას - თეთრი, ფერის გამო. 1498 წელს ათონის ლავრას ყვარყვარე ათაბეგის სულის მოსახსენიებლად მისმა ჭირისუფალმა გაუგზავნა 25 000, ზოგი ფლურად, ზოგი თეთრად. ამავე მეფის "დასტურლამაში" მოხსენიებულია ბოსტი ფული, სიკილა, მარჩალი, თუმანი, ასლანუ, აბაზი, სიკილა არისო 14 შაური.

     "აიეტის დროიდანვე ჩვენი ქვეყანა განთქმული იყო ყოველგვარი საფასით. ე.წ. "ოქროვან-საწმისის" ლეგენდა მარტო ოცნება არ ყოფილა, ლითონიანი ადგილები აღუნიშნავს ვახუშტის. წაღვერი, რკონი, ანდარაზენი, ახტალა, სვანეთი, საინგილო, კლარჯეთი და სხვა მდიდარიაო მადნით. საჭიროა მხოლოდ მცოდნე კაცებმა იმოქმედონ, მიწის გული ამოთხარონ, დამალული სიმდიდრე გამოამზეონ, თავისუფალ სამშობლოს დროით მოაშველონ ძვირფასი ლითონი.

    "მაგრამ მარტო მადნების ძებნა არ კმარა, საჭიროა, ახლავე ყველა მეკომურმა გამოვიღოთ თითო-ოროლა გირვანქა საფასე და გადავცეთ საფინანსო სამინისტროს, რომ დაუყოვნებლით შეუდგეს ფულის ჭრას, ჭედას. თუ მოვინდომებთ, ცოტა, 10 000-ოდე გირვანქის რაოდენობა შესდგება და ამით დიდძალი ფული მოიჭრება.

    "როგორც ულაშქროდ ვერ მომარაგდება სახელმწიფოს თავისუფლება, ისე და უფრო მეტად უფულოდა. მაშ, ნუ დავიშურებთ, რომ აბაზი მოგასწავებს მტარვალის შაჰ-აბაზის სახელს, შაური აგრეთვე შაჰაურს ყაენს. უნდა ვიზრუნოთ, ერთხელ და სამუდამოდ მოვსპოთ უწინდელი მონობის მომაგონებელი საზიზღარი სახელები - აბაზი, შაური და ჩვენს საფასეს დავარქვათ ეროვნული სახელი".

    გაზეთი "სახალხო საქმე", 1918 წ. 5 ივნისი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved