სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ასაკოვანი და ხანდაზმული თაობა პესიმისტურადაა განწყობილი
    თეო გუდავაძე
    19.10.2018

     არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დედაქალაქში ვნებათაღელვამ იმატა. განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ახალგაზრდების მონდომება, შემართება და ჩართვა 2018 წლის საპრეზიდენტო მარათონში. ისინი სოციალური ქსელების მეშვეობით არ ერიდებიან საჯარო სივრცეში პოზიციის გამოხატვას და ყველას მოუწოდებენ, ჩაერთონ ამ წინასაარჩევნო რბოლაში. განსხვავებული პოზიცია აქვთ შუახნის ადამიანებს და პესიმისტურად არიან განწყობილნი.

    "რეზონანსი" დაინტერესდა, რამდენად არის ხალხი ჩართული 2018 წლის საპრეზიდენტო მარათონში და იქნება თუ არა მაღალი აქტივობა 28 ოქტომბერს. ამისათვის გამოვკითხეთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. შედეგად, დადგინდა, რომ ახალგაზრდები გაცილებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და მიაჩნიათ, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ვალდებულებასთან ერთად.

    "რეზონანსმა" თბილისის მასშტაბით დაახლოებით 120 ადამიანი გამოკითხა, რათა ზოგადი სურათი გამოკვეთილიყო. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ამჯერად ახალგაზრდები პოლიტიკურად უფრო აქტიურობენ, ვიდრე გამოცდილი ადამიანები.

    გიორგი გამრეკელაშვილი პოლიტიკური მეცნიერების სპეციალობაზე სწავლობს. 23 წლის სტუდენტი გამოკითხულთაგან ერთ-ერთია, ვინც მიიჩნევს, რომ თითოეულ ადამიანს დიდი როლი აკისრია არჩევნებში.

    "არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს და არ უნდა დაიხშოს. ვფიქრობ, სამოქალაქო აქტივობა მხოლოდ აქციებზე დგომა არ არის და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ, რომ არჩევნებზე სიარული ჩვენი ვალია. უამრავჯერ მომისმენია პესიმისტური ფრაზები - აზრი არ აქვს არჩევნებზე მისვლას, მაინც ისე იქნება, როგორც მმართველი გუნდი მოისურვებს და ა.შ. მაგრამ, საბედნიეროდ, მე ასე არ ვფიქრობ და ვცდილობ, არასდროს გამოვტოვო არჩევნები.

    მესმის, რომ წინა თაობამ უამრავი იმედგაცრუება გადაიტანა და ნებდებიან, ფიქრობენ, რომ მათ ხმას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ ასე არ არის და აუცილებელია მონაწილეობა მსგავს პროცესებში. ქვეყნის ბედს ხშირ შემთხვევაში სწორედ მოქალაქეები წყვეტენ და თუ ავიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე, მოვინდომებთ უკეთესობისკენ შეცვლას, აუცილებლად ასეც იქნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი გამრეკელაშვილმა.

    ახალგაზრდებისგან განსხვავებით, პესიმისტურად არიან განწყობილი შუახნის ადამიანები და ფიქრობენ, რომ მათი პოზიციის გამოხატვას არანაირი მნიშვნელობა აღარ ენიჭება. სამწუხაროდ, ეს არ ეხება მხოლოდ არჩევნებს - ზოგადად, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების აქტიურობა უშედეგოა.

    თამარ ლეჟავა, 46 წლის, პედაგოგი (რესპონდენტის სახელი და გვარი შეცვლილია, მისი ინტერესებიდან გამომდინარე): "საბავშვო ბაღში ვმუშაობდი და, უკვე ორი წელია, აღარ ვმუშაობ. არჩევნების პერიოდში ირიბად თუ პირდაპირ ყოველთვის მიგვანიშნებდნენ მასწავლებლებს, ვისთვის უნდა მიგვეცა ხმა, რომ სამუშაო ადგილები შეგვენარჩუნებინა. ეს არ იყო პირდაპირი მუქარა, თუმცა დაწესებულებაში ყველა ვხვდებოდით, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ასე ლამაზად შემოგვაპარებდნენ სასურველ კანდიდატს და უმეტესობა ხმასაც იმას აძლევდა, რადგან ამ ეკონომიკური სიტუაციის დროს, ყველა დამეთანხმება, რა რთულია უსამსახუროდ დარჩენა.

    ამიტომ სამართლიანი არჩევნების ნაკლებად მჯერა. არც ის მგონია, ჩემი ხმა რამეს წყვეტდეს. ბოლოს არც კი წავსულვარ არჩევნებზე და სიმართლე გითხრათ, არც ახლა ვაპირებ წასვლას. ჩემი შვილები აქტიურად ცდილობენ ჩემს გადარწმუნებას. არ ვიცი, თუ წავალ, მათი ხათრით წავალ და ხმასაც იმას მივცემ, ვისაც ჩემი შვილები მისცემენ.

    რთულია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არჩევნები ფორმალობა ჰგონია ხალხს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა გვაქვს ჩვენ. ამიტომ ვერავის ვერ ვამტყუნებ, ვინც არ მიდის და ვისაც იმედი აქვს დაკარგული", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამარ ლეჟავამ.

    ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ის საკითხები აინტერესებთ, რომლებიც საქართველოს შიდა პოლიტიკას ეხება. 70 გამოკითხული ახალგაზრდიდან 63 არჩევნებზე წასვლას აპირებს და ფიქრობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია. ისინი არ ერიდებიან საჯარო სივრცეში თავიანთი მოსაზრების გამოხატვას და სასურველ კანდიდატებს სოციალურ ქსელებში აქტიურად უჭერენ მხარს. აღსანიშნავია, რომ მათი ოპტიმისტური განწყობა იგრძნობა და ფიქრობენ, რომ აუცილებლად შეიცვლება შიდა პოლიტიკა, თუ საზოგადოების მეტი ჩართულობა იქნება.

    21 წლის სალომე მაღლაკელიძე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია, რომელიც ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს უჭერს მხარს.

    "ჯაფარა ყველა ახალგაზრდას უნდა პრეზიდენტად და ეს ლოზუნგი ძალიან აქტუალურია სოციალურ ქსელში. ჩემს კედელზე ნებისმიერ პოსტს ეს აქვს დაჰეშთეგებული. წინა კვირას ერთ-ერთმა ლექტორმა ამას გაუსვა ხაზი და მიმანიშნა, რომ მომავალი ჟურნალისტისთვის არ იყო კორექტული ამის გაკეთება. ვფიქრობ, რომ აზრის გამოთქმა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია და აღარ არის ის დრო, რომ ამის გვეშინოდეს.

    მივდივარ არჩევნებზე და მგონია, რომ ჩემი ერთი ხმა დიახაც არის გადამწყვეტი, თუმცა ვერ ვამტყუნებ იმ ხალხს, ვინც არ მიდის, ეზარება და ჰგონია, რომ აზრი არ აქვს მის იქ მისვლას. ჩემი მშობლების პოზიცია ზუსტად ანალოგიურია, თუმცა სახლში მყავს 62 წლის ბებო, რომელიც გადმოვიბირე და ჩემთან ერთად მოდის არჩევნებზე.

    ჩვენს თაობას ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ხალხი თუ არ წავა საპრეზიდენტო არჩვენებზე მაშინ საერთოდ ვისთვისღა იმართება ეს არჩევნები?" - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სალომე მაღლაკელიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved