სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თეო გუდავაძე
    25.10.2018

     საზოგადოებაში ტრადიციული მედიცინის მიმართ ნდობა ძალიან გამყარდა. ბოლო პერიოდში ადამიანები აქტიურად მიმართავენ თანამედროვე მედიცინისგან განსხვავებულ გზებს სამკურნალოდ. ამის მიზეზი ისაა, რომ რიგ შემთხვევებში ექიმები უძლურნი არიან ამა თუ იმ დაავადების წინაშე. ამიტომ აქტუალური გახდა მედიკამენტებზე უარის თქმა და სხვადასხვა თერაპიის ჩატარება, რომელიც ტრადიციული მედიცინის დარგად მიიჩნევა.

    საქართველოში ტრადიციულ მედიცინას უამრავი მიმდევარი ჰყავს და ეს დარგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ განვითარებულია. ბოლო პერიოდში მომრავლდნენ თერაპევტები, რომლებიც უარს ამბობენ წამლებითა და თანამედროვე გზებით პაციენტების მკურნალობაზე და სხვა მეთოდებს მიმართავენ.

    ერთ-ერთი აქტუალური მეთოდია ე.წ. ჩინური ნემსები. მსგავსი მკურნალობა საკმაოდ პოპულარული გახდა და სხვადასხვა ესთეტიკურ ცენტრშიც კი სთავაზობენ კლიენტებს მომსახურებას.

    შოთა გამსახურდია რეფლექსოთერაპევტია და "რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების რაოდენობამ ნამდვილად იმატა, რადგან პოპულარული გახდა ტრადიციული მკურნალობა.

    ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ეფექტური მეთოდი რეფლექსოთერაპიაა ნემსებით. მისი არსი არის უწვრილესი ნემსების შეყვანა ადამიანის ორგანიზმის სხვადასხა არეში. ჩინურ მედიცინაში ითვლება, რომ ეს არეები (ან წერტილები) განლაგებულია მერიდიანებზე, რომლებზეც გადის ენერგეტიკული ნაკადები. დღესდღეობით რეფლექსოთერაპიის ეფექტურობა დადასტურებულია ყველაზე თანამედროვე მეთოდებით - მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია და ა.შ.

    "ჩემი აზრით, გამოცდილ რეფლექსოთერაპევტს შეუძლია, თითქმის შეუმჩნეველი ჩხვლეტით ნერვული სისტემის გავლით გავლენა მოახდინოს არაჯანსაღ ორგანოებზე, ქსოვილებზე და ამგვარად დაუბრუნოს პაციენტს ჯანმრთელობა. ჩემთან ძალიან ბევრი მოდის ისეთი, ვინც უკვე ყველა გზა სცადა გამოსაჯანმრთელებლად და ამ ნემსებმა უფრო უშველა.

    ეს ძველი მეთოდია და ამგვარად მკურნალობდნენ ჩინელები ძალიან ბევრ დაავადებას. რეფლექსოთერაპიას სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებენ: თავის ტკივილი, ნერვული აშლილობა, ხერხემლის ტკივილი, ჭარბი წონის რეგულირება. მართლაც ძალიან ბევრ რამეზე შეუძლია გავლენის მოხდენა სწორ მკურნალობას.

    პროცედურა არ იწვევს დისკომფორტს და სისხლდენას, რადგანაც გამოიყენება ძალიან წვრილი ნემსები, რომელთა ჩხვლეტასაც პაციენტი, პრაქტიკულად, ვერ გრძნობს. შესაბამისად, დისკომფორტს არ განიცდიან. თერაპიის შემდეგ იმდენად ჯანსაღად გრძნობენ თავს, რომ მეკითხებიან, რამდენ ხანში შეძლებენ პროცედურის განმეორებას.

    ტრადიციული მედიცინა თანდათან კიდევ უფრო აქტუალური გახდება, მაგრამ პროფესიონალების ნაკლებობა მაშინებს ყველაზე მეტად. ახალგაზრდა თაობა თანამედროვე მედიცინას მისდევს და ეს მეთოდები მივიწყებას მიეცემა. არადა, პროცედურები გაცილებით ხელმისაწვდომია, არ მოითხოვს წამლების ყლაპვას, რეჟიმის დაცვას და თავისებურ რელაქსაციადაც ითვლება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას შოთა გამსახურდიამ.

    ჰომეოთერაპია, იოგა, ჩინური ტრადიციული მედიცინა, მედიტაცია, ჰიპნოზი, აკუპუნქტურა - ეს ალტერნატიული მედიცინის არასრული ჩამონათვალია, თუმცა აქედან მხოლოდ რამდენიმეა ისეთი, რომელიც ხალხში ნდობას იწვევს. ესენია: მინის ბორცვები, ჩინური ნემსები, წურბელები, სამკურნალო ტალახი, გაცხელებული ქვები, იოგა.

    თათა ნანობაშვილი 21 წლის მოდელია და ხშირად მიმართავს ტრადიციული მედცინის სხვადასხვა ხერხს, რაც ეხმარება ენერგიისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

    "16 წლამდე საშინელი თავის ტკივილი მაწუხებდა და ვერაფრით ვუშველე, ექიმებმა კონკრეტულად ვერც დამიდგინეს, რა მჭირდა. ჩინური ნემსების შესახებ გავიგე და ჩავიტარე ერთი კურსი, რის შედეგადაც შემიმსუბუქდა ტკივილები. ვერ ვიტან წამლების ყლაპვას, ექოსკოპიებისა და რენტგენების გადაღებას. მოკლედ, ტრადიციული მედიცინის ბევრად მწამს, ვიდრე თანამედროვე მედიცინისა.

    ამ თემაზე ნამდვილად ხშირად კამათობენ, ჩემს ოჯახშიც კი, მაგრამ მე პირადად საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენად ეფექტურია ტრადიციული მედიცინა. ადამიანებს იმდენად მობეზრდათ ეს წამლები ექიმები და დასხივებები, რომ ნელ-ნელა ყველა ალტერნატიული მედიცინის ძიებას დაიწყებს. გაცილებით იაფია და არც ათასობით ლარის ხარჯვა გიწევს აფთიაქებში, რომ იყიდო წამლები, რომელიც ერთ დაავადებას მოგირჩენს და თავისი გვერდითი მოვლენებით ასს გაგიჩენს.

    ჩემი ცხოვრება, უკვე 2 წელია, იოგით იმართება და სწორედ ეს მაძლევს ენერგიას, სიხალასესა და ჯანმრთელობას. ზუსტად ვიცი, თუ რამე დამჭირდება, ტრადიციულ გზებს მივმართავ და არ დავიწყებ იმის მოსმენას, რომ ვიღაცების მოგონილია და არაფერს შველის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თათა ნანობაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved