სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოში მხოლოდ მსუბუქი მანქანების რიცხვმა 1 მილიონს მიაღწია
    მარი ჩიტაია
    23.11.2018

     საქართველოში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად მატულობს. ბოლო მონაცემებით, რომელსაც ანალიტიკოსები ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებენ, მარტო მსუბუქი მანქანების რაოდენობა ქვეყანაში 1 მლნ-ს აღწევს და მათი რიცხვი ყოველწლიურად 8%-ით მატულობს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მანქანების რაოდენობის ზრდა არასწორი პოლიტიკის შედეგია. ქვეყანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი, რაც კერძო ავტომობილებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.

    ფაქტია, რომ პრობლემა ვერაფრით გვარდება და ამ მხრივ შედეგი ვერ გამოიღო ვერც მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის შეზღუდვამ და ვერც ტექდათვალიერების საფრთხემ. მოლოდინმა, რომ ეს პროცესი ძველი მანქანების რიცხვს შეამცირებდა, არ გაამართლა.

    მანქანების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კვლევა ბოლოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ჩაატარა. როგორც აღნიშნავენ, ამ ეტაპზე მსუბუქი მანქანების რაოდენობა 1 მილიონს აღწევს, რაც საგანგაშო სტატისტიკაა.

    ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ, რეგულაციის მიუხედავად, ავტომობილების რაოდენობა ქვეყანაში მუდმივად მატულობს. 20 ნოემბრის მდგომარეობით, მსუბუქი მანქანების რაოდენობა 992 ათასს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის ბოლოს ეს რიცხვი მილიონს გადააჭარბებს.

    "2012 წლის შემდეგ მოსახლეობის საკუთრებაში არსებული ავტოპარკი 349 ათასი მსუბუქი ავტომობილით გაიზარდა, ანუ, საშუალოდ, ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 8%-ით მატულობს.

    189 000-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვისაც მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს; 51 ათასით გაიზარდა მათი, რომელსაც 2 ავტომობილი ჰყავს; 12 ათასით გაიზრდა მათი რიცხვი, ვისაც 3 და მეტი ავტომობილი ჰყავს.

    ამ სტატისტიკიდან 2 დასკვნის გამოტანა შეიძლება: პირველი, რომ აუცილებელია, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის ტემპის დაჩქარებაზე როგორც ქალაქის, ისე, ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით. აუცილებელია, ავტომობილების რაოდენობის არანორმალურ ზრდას ფეხი ავუწყოთ და, შესაბამისად, ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა მომზადებული დახვდეს საზოგადოებრივ საჭიროებებს.

    შესაბამისად, ბიუჯეტში არსებული ხარჯების ოპტიმიზაციის ფონზე, რესურსები უნდა გადაიქაჩოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. სწორედ ინფრასტრუქტურული ხარჯები არის ყველაზე ეფექტური როგორც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების თვალსაზრისით, ისე დასაქმებისა თუ სხვა მაჩვენებლების სწრაფად გაუმჯობესების კუთხით.

    მეორეც, მოსახლეობა წლიდან წლამდე უფრო აქტიურად ყიდულობს ავტომობილებს. შესაბამისად, ასხამს საწვავს, იყენებს ავტომომსახურებას და, ზოგადად, ფულს ხარჯავს მანქანების ექსპლუატაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება და უფრო მეტ მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ, გარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებისა, ფული დახარჯოს ფუფუნების საგნებზე - ამ შემთხვევაში ავტომობილებზე", - აღნიშნავს გვიდიანი.

    ასე სულაც არ ფიქრობს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, რომელიც მანქანების რაოდენობის ზრდას არასწორ პოლიტიკად აფასებს. საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ქაოსურად იზრდება და ხელისუფლება ვერანაირი რეგულაციით ვერ შველის ამ პრობლემის მოგვარებას.

    "ავტომობილების მზარდი ტემპი, ერთი შეხედვით, შესაძლოა, კარგი იყოს, მაგრამ რეალურად სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. საქართველოში ავტომობილს ყიდულობს ყველა, სჭირდება თუ არ სჭირდება. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არასწორად ვითარდება. ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ბელგიის მუნიციპალიტეტმა თანამშრომლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასო ბილეთები დაურიგა. შედეგად მიიღო ის, რომ ათასობით მანქანა გაჩერდა", - განაცხადა მესხიშვილმა.

    ავტოექსპერტი, ჟურნალ "ავტობილდის" რედაქტორი შალვა ბუაჩიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა უახლოეს რამდენიმე წელიწადში კიდევ მოიმატებს, მაგრამ ის ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ქართველს თუკი მანქანა სახლში ჰყავს, თავისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, მეტროთი და ავტობუსით არ იმგზავრებს.

    "საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც უნდა პოპულარიზაცია გაეწიოს, ავტომობილებზე მოთხოვნას ვერ შეამცირებს. გარკვეულწილად მოაგვარებს მოძრაობის პრობლემას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში ამით შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.

    ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას ეჭვით ვუყურებ. ქართველი კაცი, რომელსაც მანქანა ჰყავს, მეტროთი არ იგმზავრებს, ეს გამორიცხულია.

    ამიტომ ქაოსური მოძრაობის პრობლემა ურბანისტების აქტიური ჩარევით უნდა მოგვარდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს მძიმე. ხალხს გაუჩნდა საშუალება და ავტომანქანებს ყიდულობს, ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სპეციალისტების აქტიური და სწორი ჩარევით ალბათ საცობებთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვარდება", - აცხადებს "რეზონანსთან" ბუაჩიძე.

    მანქანების იმპორტის მზარდ ტემპზე საუბრობს სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტი, კომპანია "რობანი მოტორსის" თანადამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე. იგი ადასტურებს, რომ იმპორტის ზრდის ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.

    "მანქანების შემოყვანის სწრაფ ტემპს ჯერჯერობით ვერაფერი შეანელებს, არსებული ტენდენცია დიდად არ შეიცვლება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჯერ კიდევ დიდია იაფი მანქანების რეალიზაცია. შემთხვევითი არაა, რომ ქვეყანაში ყველაზე კარგად 2000-დან 4000 დოლარამდე ღირებული მანქანები იყიდება.

    მსუბუქი მანქანების რაოდენობა ქვეყანაში მართლაც 1 მილიონამდეა. მართალია, ამ მაჩვენებელში ამორტიზებული მანქანებიც შედის, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სანამ ამ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამოწერა არ მოხდება", - აცხადებს ჯამაგიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატა   (23.11.2018)
    რომ გაჩერდება მოძრაობა საერთოდ მერე იმგზავრებენ,თქვენ მარტო ავტობუსის ხაზებზე არ გაუშვათ მანქანები,სასწრაფოები რომ არ შეფერხდნენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved