სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მალე ტელევიზიები საერთოდ აღარ იარსებებს და ინტერნეტმაუწყებლობაზე გადავლენ"
    თეო გუდავაძე
    28.11.2018

     სოციალური ქსელებით დაინტერესებული ადამიანების რიცხვმა მკვეთრად იმატა, თუმცა გამოყენების მიზნები უფრო მრავალფეროვანი გახდა და უბრალო კომუნიკაციას გასცდა. ადამიანებმა კომერციული მიზნებისათვის დაიწყეს სოციალური ქსელების გამოყენება. აღსანიშნავია ასაკობრივი ზედა ზღვარი, რომელიც თვალში საცემად გაიზარდა და თუ წინა წლებში ასაკოვანი ადამიანები ნაკლებად აქტიური იყვნენ "ფეისბუკში", ახლა ეს ტენდენცია სრულიად შეცვლილია.

    დღესდღეობით სოციალური ქსელები ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. ისინი კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად ითვლება. მათი მეშვეობით შესაძლებელია კავშირის დამყარება დედამიწის სხვადასხვა წერტილში, პლანეტის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში. სწორედ ეს იყო უმთავრესი დანიშნულება გლობალური ქსელისა და გამოკითხული ადამიანების 90% მისი არსებობის უპირატეს მიზეზად კომუნიკაციის გამარტივებას ასახელებდა.

    ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა და მიზეზებიც უფრო მრავალფეროვანი გახდა. კომუნიკაცია, ინფორმაციის წყარო, კომერციული მიზანი და ა.შ. - სოციალური ქსელის სხვადასხვა კუთხით გამოყენება დიდი ხანია, დაიწყეს ადამიანებმა. ასეთმა დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახადა "ფეისბუკი", "ტვიტერი" და "ინსტაგრამი". მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა იციან მათი უარყოფითი მხარეები, გვერდს ვერ უვლიან ამ ცდუნებას.

    თამარ ბიჩინაშვილი დიზაინერია. ის სოციალურ ქსელს კომერციული მიზნისათვის იყენებს:

    "ტანსაცმლის დიზაინერი ვარ და ბოლო პერიოდში დავიწყე ქსოვა, მივხვდი, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით შემეძლო, გამეკეთებინა ინტერნეტმაღაზია და ასე გამეყიდა ჩემი მოქსოვილი სამოსი. ინსპირაციის წყარო, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გვერდი იყო, ვხედავდი, რა კარგად მუშაობდნენ ამ გზით და როგორ აქტიურობდა მომხმარებელი.

    გლობალიზაციამ უამრავი ახალი შანსი მოგვცა, რომელსაც კარგად გამოყენება სჭირდება. უამრავი უარყოფითი მხარე აქვს ინტერნეტს, თუმცა გვაძლევს რეალიზების საშუალებასაც. თუ ყველაფერი სწორად გამოვიყენეთ, ეს მხოლოდ განგვავითარებს. ვფიქრობ, კარგად შემიძლია ამ რესურსის გამოყენება და ასეც ვაკეთებ. კომერციული მიზნების გარდა, რა თქმა უნდა, სხვა დატვირთვაც აქვს ჩემთვის "ფეისბუკს". დედა მყავს ემიგრაციაში და აღარ მიწევს უზარმაზარი თანხის ჩარიცხვა ტელეფონზე, რომ მას დავუკავშირდე, რადგან "ვაიბერის" საშუალებით მარტივად ვახერხებ ამას.

    ბოლო დროს ტელევიზორსაც ნაკლებად ვუყურებ და ძირითად ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით ვიგებ. ადამიანებს დღესდღეობით იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვთ, რომ საინფორმაციო გამოშვებების ყურების დრო ნაკლებად რჩებათ. შესაბამისად, ქვეყანაში არსებულ მოვლენებს ძალიან ბევრი ინტერნეტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით ადევნებს თვალს. ძალიან მალე ტელევიზიები საერთოდ აღარ იარსებებს და ინტერნეტმაუწყებლობაზე გადავლენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თამარ ბიჩინაშვილმა.

    სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალურია სხვადასხვა გვერდი, რომელსაც ათასობით გამომწერი ჰყავს. ისინი სხვადასხვა თემატიკისაა, თუმცა უმრავლესობა გასართობი შინაარსისაა. სოციალური ქსელები იზიდავს მოზარდებს, რომლებიც კონტაქტების დამყარების მხრივ ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს. პერსონალური ინფორმაციის დაუფიქრებელმა გამოქვეყნებამ შესაძლოა, მათ ზიანიც კი მიაყენოს.

    სამწუხაროდ, მოზარდთა უმრავლესობას არ ესმის, რომ რასაც ისინი გლობალურ ქსელში განათავსებენ, ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება და შეიძლება, ეს ინფორმაცია მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა. ხშირად მოზარდები სხვადასხვა ინტერნეტჯგუფში ბულინგის მსხვერპლნიც ხდებიან. ფსიქოლოგები თვლიან, რომ სოციალური ქსელი არის არხი, სადაც ადამიანები ყველაზე მეტ ნეგატივს ავრცელებენ დაუფარავად.

    მოზარდთა ფსიქოლოგი ანა მჟავანაძე აღნიშნავს, რომ სოციალური ქსელი ხშირად ხდება მოზარდის ტრავმის მიზეზი. მისი დაკვირვებით, მომხმარებელთა ასაკობრივმა ქვედა ზღვარმა კიდევ უფრო იკლო:

    "სრულწლოვანი თუ არ ხარ, არ გაქვს სოციალური ქსელის გაკეთების საშულება. წესი ასეთია, თუმცა არავინ ემორჩილება ამას. ქვედა ზღვარი 10-12 წელი იყო, ახლა კი 7 წლამდე ჩამოიწია. ნებისმიერ პირველკლასელს აქვს სოციალური ქსელი, რაც მათ ფსიქიკაზე ნამდვილად არ მოქმედებს დადებითად. სოციალურ ქსელებში უამრავი მასალაა განთავსებული, რისი ნახვაც არ შეიძლება მოზარდებისათვის.

    პირადად ჩემთვის სოციალური ქსელი კომუნიკაციის საშუალება აღარ არის და ამას ახლახან მივხვდი, თითქმის არ ვიყენებ საკომუნიკაციოდ. შემეცნებითი სახე მიეცა და აქტიურად შემიძლია ვადევნო მსოფლიო მოვლენებს თვალი. მსოფლიოში ცნობილი ფსიქოლოგები მყავს "გამოწერილი" და ხშირად ვითვალისწინებ მათ ახალ-ახალ რეკომენდაციებს.

    ის გვერდები, სადაც ათიათასობით ახალგაზრდაა გაწევრიანებული, არის ბულინგის წყარო. ხშირად ვაწყდები პატარა გოგო-ბიჭების ფოტოებს, რომლებსაც იმიტომ აზიარებენ, რომ დასცინონ. ეს არის საშინელება. როგორც ჩანს, შვილებსაც უნდა ვასწავლოთ სოციალური ქსელის დანიშნულება და თუკი ვაძლევთ უფლებას, რომ ჰქონდეთ, მაშინ სწორად გამოყენებაც უნდა იცოდნენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" ანა მჟავანაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved