სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ბანკებმა და მიკროსაფინანსოებმა თანამშრომლების გათავისუფლება უკვე დაიწყეს, რაც 1 თვეში მასობრივ სახეს მიიღებს
    მარი ჩიტაია
    11.12.2018

     საფინანსო სექტორში კადრების შემცირების პროცესი დაიწყო. სესხებთან დაკავშირებით საბანკო რეგულაციის გამო კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასობით თანამშრომელმა ფუნქცია დაკარგა. პრობლემა შეეხო დასაქმებულთა იმ კონტინგენტს, რომელიც სწრაფი სესხისა და განვადების სეგმენტს ემსახურებოდა. როგორც "ბიზნეს-რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, რეგულაციის გამკაცრების გამო ბანკებმა თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყეს. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი იანვრიდან კიდევ უფრო გააქტიურდეს, როგორც კი ახალი კანონი ძალაში შევა.

    სულ რაღაც 3-4 კვირაში შეზღუდვა შეეხება ექსპრეს სესხებს, სწრაფ განვადებებს, სამომხმარებლო სესხებს და სხვა მიმართულებას, სადაც ბანკებს აშკარად ჩავარდნა ელით. ამ ტიპის მომსახურება იანვრიდან თითქმის გაუქმდება და ამ კუთხით მომუშავეები უმუშევრად დარჩებიან. მაშინ, როდესაც საქართველოში უამრავ ოჯახს სული კბილით უჭირავს, ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა დიდი პრობლემაა.

    ფაქტია, რომ რეგულაციისთვის არც ბანკები აღმოჩნდნენ მზად. როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, საფინანსო სექტორი აქტიურად ითხოვდა და დღემდე ითხოვს, რომ რეგულაციის ბოლო ვერსიის შეთანხმებიდან მის ამოქმედებამდე სექტორს 1-2-თვიანი ვადა მიეცეს.

    "წინა რეგულაციის შემთხვევაში თუ საუბარი იყო სესხის ერთ ნაწილზე, მაგალითად, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე, ან კაპიტალიდან ბუფერის დადგენაზე, მოსალოდნელი რეგულაცია მოიცავს ყველაფერს, ყველა მიმართულებას, რაც არის იმის წინაპირობა, რომ შეიძლება გარკვეული პროდუქტების მნიშვნელოვანი ცვლილება გახდეს საჭირო. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან და ახალ პროდუქტზე გაჩნდეს მოთხოვნა.

    ორთვიანი ვადა რეალური მოთხოვნა იყო, მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან ამის გათვალისწინება საკმაოდ რთულია. ყველა ბანკმა რეგულაციის დაანონსებიდან გარკვეული მომზადება დაიწყო, თუმცა დამატებითი დრო მაინც საჭიროა. სებ-ი ამას გაითვალისწინებს თუ არა, ვერ გეტყვით. წესით, აღარ უნდა შეიცვალოს პოზიცია, რადგან სებ-მა აქამდეც საბანკო სისტემის მხარეს დიდი ნაბიჯი გადმოდგა", - აღნიშნავს ძნელაძე და დასძენს იმასაც, რომ საფინანსო სექტორი არ არის მზად და მათ მოსამზადებელი პერიოდი სჭირდებათ.

    რადგანაც ბანკები და მიკროსაფინანსოები ისევ არ არიან მზად რეგულაციისათვის, ისინი საკადრო გადაწყვეტილების გზას დააადგებიან. ასეულობით ადამიანის სამსახურიდან გაშვება ნიშნავს, რომ ისინი ქვეყნის უმუშევართა არმიას შეუერთდებიან. მით უმეტეს, რომ საფინანსო სექტორში კადრების შემცირების ტენდენცია აშკარაა. არ არის გამორიცხული, შემდეგი ტექნიკის მაღაზიების თანამშრომლები აღმოჩნდნენ.

    "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ადასტურებს, რომ ახალი რეგულაციის გამო საფინანსო-საბანკო სექტორში კადრების შემცირება იანვრიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.

    "ფაქტია, რომ რეგულაციის შემოღება და ბანკებისთვის სესხების გაცემის შეზღუდვა გამოიწვევს მათი მხრიდან მუშაობას ხარჯების შემცირებაზე. ამისთვის ერთ-ერთი ოპტიმალური გზა არის საკადრო ცვლილება, ანუ შემცირდება იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ყიდდნენ ისეთ პროდუქტს, რომელიც დღეს არ არის აქტუალური. მაგალითად, განვადების მენეჯერები ამდენი აღარ დასჭირდებათ და ბანკები და ონლაინ კომპანიები მათ შემცირებაზე იფიქრებენ.

    შეიძლება ვინმე ამბობს, რომ კარგია, თუ გაჭირვებულ ადამიანებს სესხს არ მისცემენ, მაგრამ საშუალო ფენის მოსახლეობა და დასაქმებული ადამიანები უმუშევრად დარჩებიან. არა მარტო საფინანსო სექტორში, იგივე მოსალოდნელია ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებში, სამშენებლო კომპანიებში, სადაც ინვესტიციები შემცირებულია ბოლო 1 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, ბანკების მოგების შემცირება ავტომატურად აისახება სხვა ბიზნესების საქმიანობაზეც.

    მაისიდან სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა და მომავალი წლის იანვრიდან რამდენიმე პროდუქტი შეიძლება საერთოდაც გაქრეს. თანამშრომლების მასობრივ დათხოვნას არ ველოდები, მაგრამ კომპანიები ხარჯის შემცირების ამ გზას ნამდვილად მიმართავენ. სამწუხაროდ, ეს რეგულაცია ჩვეულებრივი მოქალაქეების ზურგზე გადაივლის", - ამბობს კეპულაძე.

    საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ონლაინ და სწრაფი სესხების ფუნქციით მომუშავე ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიცაზიებში კადრების შემცირება გაგრძელდება.

    "ბანკები სესხების გაცემისას მსესხებლის შემოსავალს მეტ-ნაკლებად ისედაც ამოწმებდნენ, თუმცა ვისაც ეროვნული ბანკის რეგულაცია რადიკალურად შეეხება, გარკვეული ზომების მიღება მოუწევს თანამშრომლებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ზოგი მათგანი სხვა პოზიციაზე გადაიყვანონ, კვალიფიკაცია შეუცვალონ, მაგრამ ზოგისთვის ეს პროცესი სამსახურიდან გაშვებით დასრულდება.

    სებ-ის ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორის დიდ ნაწილს უზღუდავს სამოქმედო არეალს, სწრაფ სესხებზე მომუშავეთა კონტინგენტი საკანონმდებლო ცვლილების გამო პოზიციას ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ ბანკმაც უნდა დააკომპენსიროს ეს საკითხი. სამომავლოდ საფინანსო სექტორში დათხოვნა მოსალოდნელია, რადგან ბევრი თანამშრომელი აღმოჩნდა უფუნქციოდ", - აცხადებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავეს.

    როგორც "ბიზნეს-რეზონანსისთვის გახდა ცნობილი, ბოლო 2 თვეში ერთ-ერთი მსხვილი ბანკიდან 300 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გაყიდვის მენეჯერის პოზიციაზე მომუშავე მამუკა ხორბალაძემ სამსახური 1 თვის წინ დაკარგა.

    "დილით სამსახურში მისულს გამომიცხადეს, რომ კადრების განყოფილებაში მიბარებდნენ. ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. მივხვდი, რომ სამსახურს ვკარგავდი და ასეც მოხდა. ბანკში თითქმის ათწლიანი მუშაობა დავასრულე. მე არ ვარ პირველი, ვინც ბანკიდან გაუშვეს, ჩემამდეც და შემდეგშიც, ბოლო 2 თვის განმავლობაში, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ბანკიდან 300 თანამშრომელი დაითხოვეს.

    წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო, რადგან ოჯახი ამ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. კომპენსაციით მიღებული თანხა ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში სრულიად უსახსროდ და უიმედოდ ვრჩები. რამდენიმე ორგანიზაციას მივმართე თხოვნით, მაგრამ ყველგან უარს მეუბნებიან", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ხორბალაძე.

    საფინანსო სექტორიდან გათავისუფლების შემთხვევებზე სვამს აქცენტს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, რომლის ვარაუდითაც, პროცესი გაგრძელდება და იქიდან გამომდინარე, რომ ბანკებს პროფკავშირი არ აქვთ, ისინი ვერ შეძლებენ, საკადრო წმენდაში მოყოლილ ადამიანებს თავიანთი უფლებების დაცვაში სამართლებრივად დაეხმარონ.

    "შესაძლებელია, რომ საფინანსო სექტორმა ასეულობით ადამიანი გაათავისუფლოს. ეს ალბათ მოხდება, მაგრამ ამ პროცესს აქვს გარკვეული საფუძველიც. როდესაც ადამიანები სასიკვდილოდ არიან განწირული და აქვთ სესხები, რომლებსაც ვერ იხდიან, რეგულაცია დიახაც უნდა გაემკაცრებინათ! თუმცა უნდა ვთქვა, რომ საფინანსო სექტორიდან ბევრს გაათავისუფლებენ და უმუშევრად დარჩენა მათ დიდ პრობლემას შეუქმნის.

    ბანკირების სიხარბის დონეს ვერავინ განსაზღვრავს. რეგულაციას თუ შესწირავენ თავიანთ თანამშრომლებს, რომელთა მუშაობითაც ყოველდღიურად მდიდრდებიან, უკვე სერიოზული პრობლემაა. ცხადია, რომ ამ ხალხს ბანკში უნდა ჰქონოდა პროფკავშირი, მაგრამ ასე არ არის და ვერ შევძლებთ, მათ დავეხმაროთ თავიანთი უფლებების დაცვაში. ფორსმაჟორულ სიტუაციაში მაღალი კომპენსაციის საშუალება უნდა არსებობდეს, თუმცა ვეჭვობ, ასე იყოს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" პეტრიაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved