სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ახალი მეთოდია სუპერმარკეტებში მოპარული საკვების ადგილზევე შეჭმა
    ნინა გარდაფხაძე
    21.03.2019

     სასურსათო მაღაზიების ქურდობის შემთხვევები ძალიან გახშირდა. მხოლოდ გუშინ ორი მარკეტის გაქურდვის შესახებ გახდა ცნობილი. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარების მიუხედავად, სპეციალისტების აზრით, ეს არ არის მოსახლეობის სიდუხჭირისაგან მომდინარე მიზეზი.

    ბოლო დროს მედიასაშუალებებით თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია მაღაზიებისა და ქსელური სუპერმარკეტების ძარცვის ან იქიდან ნივთების დაკარგვის შესახებ.

    ამჯერად დამნაშავეების სამიზნე ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე, სუპერმარკეტების ქსელი "სპარი" გახდა, ის ღამით გაძარცვეს. აღსანიშნავია, რომ მარკეტი პოლიციის შენობის პირდაპირ მდებარეობს. თავდამსხმელები სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები 1998 წელს დაბადებული არიან.

    არსებული ინფორმაციით, "სპარში" რამდენიმე პირი შეიჭრა. სუპერმარკეტს 800 ლარის ზარალი მიადგა. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, წაღებულია 800 ლარის ღირებულების პროდუქტი თუ თანხა.

    20 მარტსვე, გაგარინის მოედანზე, სუპერმარკეტ "იოლის" მაღაზიიდან მოქალაქემ 1 ბოთლი ვისკი მოიპარა. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე - ქურდობის მუხლით დაიწყო.

    რამდენიმე დღის წინ კი, ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე არსებული "სვაროვსკის" მაღაზია გაქურდეს. ზოგადად მომეტებული ქურდობის შესახებ ინფორმაციები ხშირ-ხშირად ვრცელდება.

    სოციალური სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე მაღაზიების გახშირებული ძარცვისა და ქურდობის ძირითად მიზეზად კონტროლის უკმარისობას მიიჩნევს. მისი აზრით, არ შეიძლება, დანაშაულის განმაპირობებელი ფაქტორი სოციალური სიდუხჭირე იყოს.

    "ჩემი თვალსაზრისით, ყურადღება გასამახვილებელია იმ სქემაზე, რომლითაც მაღაზიების დიდი ნაწილი იქურდება. რადგანაც მცირეწლოვნებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ან კანონი ძალიან ლოიალურია, სწორედ მათი ჩათრევითა და გამოყენებით იძარცვება ხოლმე ძირითად შემთხვევებში მაღაზიები, როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო.

    გასაგებია, რომ დალხენილი ცხოვრების მქონე ადამიანი ასეთ რისკზე, წესით, არ მიდის, მაგამ არც ერთ შემთხვევაში, სოციალური ფონი და სიდუხჭირე, არ შეიძლება განვიხილოთ კრიმინალის ზრდის მიზეზად. როგორ წარმოგიდგენიათ, უკიდურესად შეჭირვებულია ადამიანი, რომელიც მაღაზიიდან ვისკის იპარავს? გაჭირვებიდან გამოსვლის გზების მოძებნას ადამიანი ლეგალურად უნდა ცდილობდეს და რეალურად დღეს მინიმალური ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილის პოვნა ამ ქვეყანაში ნამდვილად არის შესაძლებელი.

    ვფიქრობ, ეს არის შერბილებული კონტროლისა და არასაკმარისი ადმინისტრირების შედეგი, რომ როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი ადამიანები სარგებლობენ და იპარავენ მაღაზიებიდან ნივთებს.

    უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აუცილებელია, როგორმე მოხერხდეს ოქროს შუალედის დაცვა, სამართალდამცველებმა არ გადაამეტონ უფლებამოსილებას და აღკვეთონ მსგავსი დანაშაულის ასეთი სიხშირე", - ამბობს აროშიძე "რეზონანსთან".

    მაღაზიაში ჩადენილი ქურდობით მსოფლიო მასშტაბით სავაჭრო ბიზნესი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით ზარალობს. ზოგი ვარაუდობს, რომ მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზარალი 40 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საქართველოში მსგავსი მონაცემები არ არსებობს. გარდა ამისა, უკვე საქართველოშიც პოპულარული გახდა სქემა, რომლითაც ქართველები ადრე მხოლოდ ევროპის ქვეყნებში "ქურდობდნენ". საუბარია სუპერმარკეტებში საკვების ჭამაზე. ასეთ შემთხვევაში ნაქურდალი პროდუქტი უკვე შეჭმულია და დეტექტორები ვერ აფიქსირებენ. ასეთი ზარალის შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, საკმაოდ დიდია, ადგილობრივი ბინზესი ჯერჯერობით ღიად არ საუბრობს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×