სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    24.06.2019

     რა სვლა ჩაიფიქრა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც უწყვეტი აქციების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს. მის გადაყენებას კი არც „ქართული ოცნების" წევრები ეთანხმებიან. საპროტესტო აქციის მონაწილეების უწყვეტი მოთხოვნის საპასუხოდ, მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მისვლა და 20- 21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა.

    შსს პრესსამსახური ავრცელებს გიორგი გახარიას პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გ. გახარია ",-წერს ის.

    ოპოზიციის საპარლამენტო წევრები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ისინი გახარიას პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრებიან. მათი თქმით, ეს უკვე ნანახი და გავლილი კინოა, ამიტომაც, გახარია ვერც მათ და ვეღარც საზოგადოებას ვეღარ მოატყუებს. დეპუტატები ამბობენ, რომ მინისტრს ნამუსი არ უნდა ეყოს, რომ იმ პარლამენტში მივიდეს,

    დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლას ის არ დაესწრება. მისი თქმით, ის ძვირფას წუთებს მისი ტყუილების მოსმენაში ვერ დაკარგავს. ჭიჭინაძე ამბობს, რომ ეს არის უკვე გავლილი ამბავი და გახარიას ქმედება წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდას, ჰგავს. დეპუტატი აცხადებს, რომ როდესაც ხალხი გეუბნება, უნდა წახვიდე, ესეგი შენი ფანდები და ეშმაკური ჩანაფიქრები აღარ გავა და მოსმენითაც კი აღარავინ მოგისმენს.

    „სანამ სულ დაშლილა ამათი საქმე და ყველაფერი თავზე დამხობიათ, ჯობია, რომ გახარია წავიდეს. მისი ახსნა-განმარტებები აღარ გვჭირდება. მისი ქმედებები აგერ ქუჩაში არის და თვალებდათხრილ ბავშვებს ვხედავთ.

    "შეგნებულად ესროდნენ ბავშვებს თვალებში და მათი დამახინჯება ჰქონდათ დავალებული. თუ ვიღაც პოლიტიკოსებმა არასწორი მოწოდებები გააკეთეს, იქვე დაეჭირათ და პასუხი ეგებებინათ, ბავშვებს რას ერჩოდნენ. ჟურნალისტებს რატომ ესროდნენ? ამიტომ „ოცნება" გახარიას რაც უფრო დიდ ხანს დაიცავს, მათი საბოლოო დისკრედიტაცია მოხდება. ამათმა ასე თუ გააგრძელეს, 2020 წლამდეც კი ვეღარ მიაღწევენ. ამათ გახარია გადაიყოლებთ, ისედაც წყალ წაღებულები არიან",-აცხადებს ჭიჭინაძე „რეზონანსთან".

    24 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ აქციის მონაწილეებმა დღის 3 საათზე, კახეთის გზატკეცილზე, საპატრულო პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ამის შემდეგ კი საღამოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები ისევ ითხოვენ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას.

    20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

    აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობას 54 პირი აგრძელებს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

    20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved