ელზა პაპოშვილი
13.02.2020

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე  ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 13 000 დოლარი ახალშობილის სანაცვლოდ - ამ მძიმე დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია 7 ადამიანი და მათ შორის ჩვილის დედაც. ასევე დაკავებულთა შორის ის გინეკოლოგები არიან, რომლებმაც ქალი ამშობიარეს. ჩვილის დედას ირმა მაისურაძეს სასამართლომ  გირაოს სახით  2 000 ლარი შეუფარდა, თუმცა, უსახსრობის გამო მან ეს თანხა ვერ გადაიხადა და პატიმრობაში რჩება. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ლევან ჯავახაძე საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ გინეკოლოგმა ბესარიონ ღარიბაშვილმა მასთან კონსულტაციაზე მისულ ახალგაზრდა ქალს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინა და ბავშვის გაშვილებაზე დაითანხმა. 

ადვოკატის ინფორმაციით, 31 იანვარს ირმა მაისურაძე სხვა გინეკოლოგმა ამშობიარა. კერძოდ გოჩა გელაშვილმა. ჯავახაძის განცხადებით, საქმეში გინეკოლოგების გარდა, ჩართული იყო კიდევ ოთხი ქალი: დიანა კომახიძე, მზია უგრეხელიძე, ლაირა გრიგოლია და ქეთევან გეწაძე.  

ლევან ჯავახაძე  საქმის მიხედვით, ერთ-ერთი შუამავლის, ლაირა გრიგოლიას ინტერესებს იცავს, რომელიც ბავშვის მყიდველის მოძიებით იყო დაკავებული. 

ირმა მაისურაძის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია კი სხვა ინფორმაციას აჟღერებს  და ამბობს, რომ  ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედას ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა.

ადვოკატის თქმით,  საქმეში დაზარალებული არ არსებობს, რადგანაც ბავშვის გაყიდვა და ფულის აღება რეალურად არ მომხდარა. ე.წ. ბავშვის ყიდვის მსურველები ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. 

ადვოკატი ამბობს, რომ მთავარი ის არის ბავშვი ცოცხალია და არ მომკვდარა, დედამ მიუხედავად მძიმე ეკონომიური მდგომარეობისა, მისი მოკვლის გადაწყვეტილება არ მიიღო. ჩერქეზია ამბობს, რომ ბავშვის გაყიდვის სპექტაკლი დაიდგა და ცოტა გაუგებარია ამხელა აჟიოტაჟი რას მოჰყვა. 

„ბავშვის გაყიდვის შეთავაზება რეალურად ვისგან იყო და ამ დაკავებული ადამიანებისგან ამას ვინ ხელძღვანელობდა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ამ საქმეში ვის რა ინტერესები ჰქონდა რეალურად არავინ იცის. 

“ფინანსური დაინტერესება რეალურად არ არის და ფაქტობრივად ბავშვი არ გაყიდულა. ბავშვის მყიდველი ბუნებაში არ არსებობს და ესენი ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები არიან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს, რადგანაც ბავშვის გაზრდა არ შეეძლო. ოჯახი მატერიალურად შეჭირვებულია და მას კიდევ ერთი შვილი ჰყავს“,-აცახდებს ადვოკატი. 

ადვოკატი ამბობს, რომ ექიმების წინააღმდეგ არის ბრალდება, მაგრამ მტკიცებულებები ჯერ გამოკვეთილი არ არის. მისი თქმით, ირმა მაისურაძე არავის არაფერს აბრალებს და ამბობს, რომ ის რაც მოხდა მხოლოდ მისი მძიმე ყოფის ბრალია. მას ექიმმა მხოლოდ ის ურჩია, რომ ბავშვი არ მოეკლა.  

ბავშვის გაშვილებას კი სავარაუდოდ, კლინიკა „ბაიები“-დან ცდილობდნენ,  სადაც ახალშობილის დედამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. თუმცა, გამოძიების ინფორმაციით, დედა ექიმებთან შეთანხმებით მოქმედებდა და ბავშვის მყიდველიც მათ მოძებნეს. ხოლო აღებული თანხის გაყოფას შუაზე  აპირებდნენ. კლინიკაში „რეზონანსს“ უდასტურებენ, რომ ამ საავადმყოფოს ორი ექიმია დაკავებული, თუმცა, ამაზე ღიად საუბარი არავს სურს და მედიასთან კონტაქტსაც ერიდებიან. 

კლინიკის დირექტორი ნია ონიაშვილი კი კატეგორიულად უარყოფს, რომ დაკავებული ექიმები მისი კლინიკის თანამშრომლები არიან. ის ადასტურებს, რომ ახალშობილი მათ კლინიკაში გაჩნდა, თუმცა, ამბობს, რომ დედის დაკავება მხოლოდ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ მოხდა. 

ამ ფაქტზე  კი სულ 7 პირია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ტრეფიკინგის ბრალდებით ადრეც არის ნასამართლევი.  

კლინიკის ადმინისტრაციაში „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ ბავშვი ნამდვილად მათთან დაიბადა და დედა საკეისრო კვეთით ამშობიარეს, თუმცა, ახალშობილის გაყიდვა მათი კლინიკიდან არ მომხდარა. მათივე ინფორმაციით, ბავშვის გაყიდვის ფაქტის შესახებ მხოლოდ მედიით შეიტყვეს. 

„აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ბავშვის გაყიდვა ჩვენი კლინიკიდან მოხდა. ამ ქალმა ნამდვილად ჩვენთან იმშობიარა, გიდასტურებთ, თუმცა, ეს დანაშაული გაწერის შემდეგ მოხდა. არ ვიცი რატომ მოხდა ექიმების დაკავება. სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით, ჩვენც  მომხდარის გამო სრულიად გაოგნებულები ვართ და ამ საზარელ დანაშაულს ვემიჯნებით“, - აცხადებენ კლინიკის ადმინისტრაციაში „რეზონანსთან“. 

მათივე თქმით, ამ საზარელ დანაშაულში კლინიკის დირექტორს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და ბავშვის გაყიდვის საქმეში ის არაფერ შუაში არ არის. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით კი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმია. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე,  შვიდი პირი დააკავეს. 

დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ,  დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს,"- განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გამომძიებელმა თორნიკე ბიბილეიშვილმა.

საქმეზე გამოძიება 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 14-დან 17-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ნატა ლაჩაშვილი   (13.02.2020)
წაიკითხავს ნეტა ვინმე

ნატა ლაჩაშვილი   (13.02.2020)
ოცი წელია შვილს ველოდები რას აღარ ვწვალობ მაგრამ არ გამოდის არაფერი

ნატა ლაჩაშვილი   (13.02.2020)
ოცი წელია შვილს ველოდები რას აღარ ვწვალობ მაგრამ არ გამოდის არაფერი

ნატა ლაჩაშვილი   (13.02.2020)
მე მომეცით ეს ბავშვი არ მყავს შვილი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×