ელზა პაპოშვილი
19.02.2020

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სამხედრო მერაბ კობიაშვილი 4 დღიანი მკურნალობის შემდეგ  მცხეთის საავადმყოფოდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს. ის თავადაც დაჭრილია და საავადმყოფოში მკურნალობდა. 

მერაბ კობიაშვილის ადვოკატი და მეუღლე მომხდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ ყოფილი სამხედრო მხოლოდ თავს იცავდა და მას სხვა გზა არ დაუტოვეს. 

 კობიაშვილის მეუღლის, ნატა ქიტესაშვილის თქმით, დაპირისპირება ტურისტების გამო დაიწყო, რომელთაც კობიაშვილი გამოესარჩლა. მისივე ინფორმაციით, ვიზიტორებს ბარში ზედმეტი თანხა გადაახდევინეს, რასაც დაკავებულის პროტესტი მოჰყვა. ინციდენტი  კი თავდაპირველად მკვლელობამდე ორი კვირით ადრე მოხდა. 

როგორც ბრალდებულის ოჯახი ამბობს, კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და  გუდაურში ტურისტები მიჰყავდა. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილ ბარმენსა და ბრალდებულს შორის პირველად  სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ორი კვირის თავზე მერაბ კობიაშვილს იგივეე ბარში ახლა ფრანგი ტურისტები მიჰყავს. ბარმენების მხრიდან კი მათი მოტყუების ფაქტი მეორდება. კობიაშვილს მათთან კვლავ შელაპარაკება მოსდის, რაც  ტრაგედიით  სრულდა.  

„ჭრილობა აქვს მარცხენა ხელზე, თავისივე იარაღით მიყენებული და, სავარაუდოდ, ვფიქრობ, იარაღის წართმევის დროს აქვს, რომ არ ანებებდა იარაღს. ალბათ, რომ მოეხერხებინათ იარაღის წართმევა, მომიკლავდნენ მეუღლეს. ერთ-ერთი ვერსია არის ტურისტების ამბავი. ის ტურისტებს გამოექომაგა. მეგობრისთვის უთქვამს, შევედი ბარში და დავინახე, ქალი ეგდო ძირს და კიოდა, აბა რა უნდა გამეკეთებინა სხვაო. ამათ ჰქონიათ ის პოზიცია, რომ თქვენ ჩვენიანი ხართ, ქართველი ხართ და ჩვენ რატომ არ დაგვიდექი მხარშიო," - განაცხადა ნატა ქიტესაშვილმა. 

მერაბ კობიაშვილის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით კი მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების პირობებში იმყოფებოდა და ის სასტიკად არის ნაცემი. მას რომ თავი არ დაეცვა, მკვდარი დღეს შეიძლება ის ყოფილიყო. თუმცა ადვოკატი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

„ვაპირებთ, გამოვკითხოთ ძალიან ბევრი მოწმე, მათ შორის გუდაურში. კიდევ უფრო მეტად გავარკვიოთ ის რეალობა, რაც ამ საქმეს თან ახლავს, რომ მერაბ კობიაშვილი არავის დასხმია თავს, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. სწორედ მანქანასთანაც დახვდნენ და იქ მიმდინარეობდა უკვე ფიზიკური ანგარიშსწორების მესამე ეტაპი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ხუთი თავდამსხმელი მოიგერიოს ნებისმიერი ძალით, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე," - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოფილი ჯარისკაცი მოღვაწეობის გაგრძელებას ის თავდაცვის სამინისტროში აპირებდა. ის რამდენიმე დღეში ნორმატივების ჩასაბარებლად უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ის ახლა ბრალდებულია ერთი პირის მკვლელობისთვის და მეორეს დაჭრისთვის. 

მკვლელობა 16 თებერვალს მოხდა. დაპირისპირების დროს, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×