ელზა პაპოშვილი
19.02.2020

რა ხდება აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში და რა მიმართულებით ხდება სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. 3 ხმა 2-ის წინააღმდეგ - მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახალი საშტატო განრიგი დაამტკიცა და შტატების შემცირების საკითხს მხარი დაუჭირა. 

ცვლილება შეეხო ახალი ამბების სარედაქციო მიმართულებას, უფროსის მოადგილეს მაია მერკვილაძეს, შემოქმედებითი პოლიტიკის განმსაზღვრელ გიორგი მურვანიძეს, შემოქმედებითი მიმართულებით კიდევ ერთ მოადგილეს - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს.

სარედაქციო პოლიტიკასა და შინაარსზე პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ ამის მიზანი სარედაქციო ვექტორის შეცვლაა.

გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვალს შევა. საშტატო ერთეულების შემცირების ინიციატივით მრჩეველთა საბჭოს გიორგი კოხრეიძემ მიმართა.  

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ესწრებოდნენ, ხმაური იყო შენობის წინ. მოქალაქეთა ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მათი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ აქვთ სიტყვის თავისუფლებაზე საუბრის უფლება, რადგან სწორედ მათგან უხდებოდეთ წლების წინ მედიის, მათ შორის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების დაცვა. 

აჭარის ტელევიზიის  გენერალური დირექტორი გიორგი კოხრეიძე კი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.  მან თანამშრომლები რეფორმის ხელისშეშლაში დაადანაშაულა. ასევე განაცხადა, რომ მის მიმართ ხორციელდება ბულინგი. მას პრეტენზიები აქვს მესამე სექტორის მიმართაც.

„იძულებული ვარ და ვალდებული ვარ, რომ ეს ორგანიზაცია როგორმე ვმართო. ყველა სამსახური, რომელთანაც მქონდა შეხვედრა, პრეტენზიას გამოთქვამს, რომ მაუწყებელში არის პრობლემები. კონკრეტულ პირს ვერ ვაგნებდით. არიან დირექტორები და მოადგილეები. ცუდი ბრალდება მოადგილეს, კარგი დირექტორს. მუდმივი ბულინგი. არაფერი გამიკეთებია ცუდი, არავის ემუქრება საფრთხე. მინდა, ვმართო ორგანიზაცია, არ მჭირდება დამატებით რგოლები. სამსახურების მხრდან ხდება ინფორმაციების დამალვა", - განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.  

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა საფრთხეშია. ისინი პასუხისმგებლობას მრჩეველთა საბჭოსა და არხის დირექტორს აკისრებენ და ამბობენ, რომ დირექტორი მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ცდილობს, ტელევიზიას ჩამოაშოროს საინფორმაციოს უფროსი და მისი მოადგილე. თანამშრომლების ნაწილი გაფიცვას არ გამორიცხავს.

სხვადასხვა მედიასაშუალებაში დასაქმებული ჟურნალისტების ორგანიზებით კი სამი დღის წინ  აჭარის ტელევიზიასთან აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა კოლეგებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციაში არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელის საშტატო ერთეულის შემცირებას უარყოფითად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროცესები, საბოოლოდ, ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად, რაც მედიაგარემოზე ქვეყანაში უარყოფითად აისახება.

"ყველა რეკომენდაცია, რჩევა თუ მოთხოვნა უგულებელყო მენეჯმენტმა, მრჩეველთა საბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ცვლილებს, რაც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება ითქვას, რომ ტრაგიკულიც კი არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, იმიტომ რომ, ვფიქრობ მალე ახალი ამბები აღარ იქნება ისეთი კრიტიკული, როგორიც ამ დრომდე იყო, რაც ძალიან დააზარალებს მედიაგარემოს - როგორც რეგიონში, ასევე მთელ ქვეყანაში," - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველიც  მივიდა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ბოლო დროს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს აჩენს.

„სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აჭარის მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, უკვე მეორედ მოვედი და მაქვს სურვილი, რომ მხარეებს გავესაუბრო და გამოვხატო ჩემი პოზიციები. დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს არა უბრალოდ შიდა ორგანიზაციულ ცვლილებებს, არამედ კრიტიკული მაუწყებლობის ცვლილებას. ვფიქრობ, რომ არის საგანგაშო ვითარება. გვაქვს გარკვეული კითხვის ნიშნები და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა. ჩვენ არაერთი სისხლის სამართლის საქმე გვაქვს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას. მრჩეველთა საბჭო კრიტიკულად უნდა მიუდგეს საკითხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შეფასდება, როგორც აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა“ ,- განაცხადა ლომჯარიამ.  

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×