ელზა პაპოშვილი
24.02.2020

ტურისტების რეკეტი, ცემა, ძარცვა და კრიმინალი გუდაურში  ყოველდღიურ მოვლენად არის ქცეული. ამის დამადასტურებელი კი არა ერთი ფაქტია, რომელზეც ტურისტები და ქართველი დამსვენებლები „რეზონანსთან“ ყვებიან. „მთავარმა არხმა“  კი  გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ნასვამი  ადგილობრივი კაფე-ბარ „მთვრალი ალუბლების“ მეპატრონეს მირანდა ესაკიას და დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად უსწორდება. 

როგორც ესაკია ყვება, მასზე და მის კაფეზე თავდასხმის ეს პირველი შემთხვევა არ არის და რამდენიმე დღის წინ მისი ქმარიც სცემეს, რომელიც შვეიცარიის მოქალაქეა. ბარის მეპატრონე აცხადებს, რომ მათ ამის გამო პოლიციაში საჩივარიც დაწერეს, თუმცა ფაქტს რეგირება ჯერჯერობით არ მოჰყოლია. 

ადგილობრივები კი ჰყვებიან, რომ გუდაურში საკმაოდ ცუდი სიტუაციაა და ტურისტებს ძალიან ცუდად ექცევიან. მათი თქმით, ასევე თაღლითობენ ტაქსის მძღოლებიც, რომლებიც უცხოელებს ოთხმაგ და ხუთმაგ ფასებში ემსახურებიან. 

რამდენიმე დღის წინ  კი გუდაურში  ყოფილმა  სამხედრომ  28 წლის ბარმენი მოკლა.   აქაც დაპირისპირების მიზეზი ტურისტების  რეკეტი და ცემა სახელდება. ყოფილი სამხედრო, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, შეესწრო ფაქტს, რომ ფრანგ ტურისტებს ბარმენებმა სამჯერ მეტი გადაახდევინეს, ვიდრე ეს რეალურ ფასს შეადგენდა. 

დამსვენებელი ანანო ბარბაქაძე კი  „რეზონანსთან“ ყვება, რომ თავად რამდეჯერმე შეესწრო ფაქტს როგორ ატყუებენ ტურისტებს, რომლებიც თუკი პროტესტს გამოთქვამენ ფიზიკურად უსწორდებიან. მისი თქმით, ბარმენების მხრიდან ჩვეულებრივი რეკეტი მიდის, რაზეც თავს პოლიციაც ხუჭავს, რადგანაც ადგილობრივები არიან. ბარბაქაძე აცხადებს, რომ ჩვეულებრივი ბანდიტური დაჯგუფებები  არიან და ყველა ტურისტის გაძარცვას ცდილობს. ამ თაღლითობაში ასევე ტაქსის მძღოლებიც არიან ჩართულები და უცხოელ სტუმრებს ორჯერ და სამჯერ მეტ თანხებს ახდევინებენ.   

„ძალიან აგრესიულები არიან ადგილობრივებიც. მიდის ჩვეულებრივი ძარცვა და რეკეტი. თუ რომელიმე ტურიტი ხმას ამიღებს და იტყვის, რომ ზედმეტს ახდევინებენ, გამოიყვანენ გარეთ და სცემენ. არც იქვე ბარში ცემას არავინ მოერიდება. ტაქსის მძღოლები სამმაგ ფასებს ახდევინებენ. 

ასეთი რამ როგორც ამბობენ 90- წლებში არ ყოფილა. უნახავებივით, გაღორებულები არიან და სკუტერი რომ 5 ლარი ღირს, ტურისტს 50 ლარს ეუბნებიან. ეს ხომ არარეალური ფასებია. ყავაში 15 დან  20 ლარს ახდევინებენ. წარმოუდგენელი რამ ხდება. როგორც ამბობენ ბარის მეპტრონეებზეც თავდასხმები ხდება, სრული განუკითხაობაა“, - აცხადებს ბარბაქაძე „რეზონანსთან“. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ იმასაც ყვებიან, რომ ხშირია საქმის გარჩევები, რადგანაც პოლიციაში დარეკვას ბევრი ერიდება. დაპირისპირებული  მხარეები ერთმანეთში სიტუაციის  გარკვევას ქუჩური გარჩევებით ცდილობენ. ასეთ დაპირისპირებას კი პოლიცია არ ესწრება. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ პოლიციის დამატებით ძალების მობილიზება მოხდეს, რადგანაც საკურორტო რეგიონში კრიმინალმა არნახული მასშტაბური სახე მიიღო.  

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×