თამთა ჩაჩანიძე
16.03.2020

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა, თუმცა, ზოგიერთ სკოლამდელი აღზრდის კერძო დაწესებულება პატარების მიღებას განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით უამრავი კერძო ბაგა-ბაღია, რომელთა ფუნქციონირების პროცესზე პასუხისმგებლობას არცერთი ორგანო არ იღებს.

გუშინ რედაქცას ერთ-ერთი მსხვილი კერძო ბაგა-ბაღის „ABC"-ის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც კორონავირუსის საფრთხის გამო ბავშვი ბაღს განარიდა და მარტის თვეში თითქმის არ უტარებია. მაგრამ ბაღი მიმდინარე თვის საფასურის გადახდას მაინც სთხოვს.

„მიუხედავდ იმისა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ყველაფერი იკეტება, საჯარო სასწავლებლები უკვე დაკეტილია, კერძო საბავშვო ბაღი „ABC" დღემდე მაინც აგრძელებდა მუშაობას და ამტკიცებდა, რომ იცავდა არსებულ რეკომენდაციებს, შენობას ასტერილირებდა და მშობლები კი ვალდებული იყვნენ პატარები ბაღში მიეყვანათ. ამასთან, ბავშვის ჯამრთელობაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ და ვირუსისგად დაცვის გარანტიასაც ვერ იძლეოდნენ", - აცხადებს დედა.

ოჯახმა ბავშვი 3 მარტის მერე დროებით სახლში დატოვა, რასაც ბაღის მენეჯერის აგრესია და მუქარები მოჰყვა.

„ მენეჯერი მეუბნება, რომ იმ მომსახურების საფასური უნდა გადამეხადა, რომელიც არ მიმიღია და თუ არ გადავიხდიდი, საქმეს იურისტს გადასცემს. კი ბატონო, გადაეცით, მაგრამ, სანამ იურისტამდე მივალთ, აქ ჩვეულებრივი ადამიანური ფაქტორია - მითუმეტეს, როცა ბავშვებთან მუშაობ და პასუხისმგებლობას თავს არიდებ, რის გადახდაზე მელაპარაკები?! როცა მსოფლიო მასშტაბით ესეთი მდგომარეობაა" - აცხადებს აღსაზრდელის მშობელი.

„რეზონანსი" რა თქმა უნდა კერძო-ბაგა ბაღის ხელმძღვანელს ანი ჯოლბორდს დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ პირიქით, პანდემიასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გაითვალისწინა და მშობლებს მარტის თვის გადასახადი გაუნახევრეს.

„ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენი საბავშვო ბაღი 16 მარტიდან 1-ელ აპრილამდე არდადეგებს აცხადებს. ეს გახლავთ კერძო სტრუქტურა, არსებობს ხელშეკრულება დირექტორსა და უშუალოდ მშობელს შორის, სადაც გადახდის პუნქტთან ერთად სხვადასხვა პუნქტებია გათვალისწინებული. რადგან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და ოფიციალური დასვენება გამოცხადდა, ამ შემთხვევაში ჩვენ მშობლებთან ურთიერთშეთანხმებაზე მივდივართ და გადასახადის 50%-ს ვახდევინებთ. ამ შემთხვევაში ბაღი ნახევარზე მეტ ზარალს იღებს, ჩვენ არანაირი გადასახადისგან გათავისუფლებულები არ ვართ.

„გარდა ამისა, მშობელს შესაძლებელია აქვს პრეტენზია, რომ ხელშეკრულების გაუქმება სურს, ამ შემთხვევაში, ეს პუნქტიც ჩადებულია - მშობელმა ორი კვირით ადრე ორგანიზაციას უნდა შეატყობინოს, რომ ხელშეკრულებას წყვეტს, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციის გადაცემა ყველა მშობელთან მოხდა, მშობლების 90% ამ შეთანხმებაზე წამოვიდა და მადლობის გადახდით გვერდით დაგვიდგა.

„ჩვენ 13 წელია ვარსებობთ, თბილისის მასშტაბით ხუთი ფილიალი გვაქვს, ვზრდით თაობებს, დღესდღეობით საქართველოში მოწინავე საბავშვო ბაღი ვართ, ყველა მშობელი ჩვენი მომსახურების სერვისით კმაყოფილია, ამიტომაც, ყველას სურს, რომ ჩვენმა საბავშვო ბაღმა მოღვაწეობა გააგრძელოს და არ დაიხუროს.

„თუ რომელიმე მშობელი უარზეა, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაუქმება ხდება, ამაში უკვე იურისტი ერთვება და ეს საკითხი იურიდიულად წყდება, რადგან როდესაც მშობელს ჩვენს საბავშვო ბაღში ბავშვი მოჰყავს, არსებობს ხელშეკრულება, პირობებს ეცნობა და ამ ხელშეკრულებაზე ხელს აწერს, რომელსაც იურიდიული ძალა აქვს.

„ჩვენ რომ ადამიანური ფაქტორი გვესმის, ამიტომ შევედით ყველა მშობლის მდგომარეობაში და გადასახადი გავანახევრეთ, რაც არცერთ საბავშვო ბაღს და არცერთ კერძო სკოლას არ გაუკეთებია.

"ეს იყო ორგანიზაციისგან ყველაზე კარგი საქციელი. ჩვენს ორგანიზაციას სახელმწიფოსგან არანაირი დაფინანსება არ აქვს. უფრო მეტი გადასახადები გვაქვს, როგორც კომუნალურებზე, ასევე სხვადასხვა გადასახადებზე" - განაცხადა ბაგა-ბაღის დირექორმა.

ანი ჯოლბორდის პოზიციას პატარა აღსაზდელის ოჯახი თვალებში ნაცრის შეყრად აფასებს: „ჯერ ერთი, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზეზით არ შეიძლება ბაღის გაცდენა. მაგალითად, მთელი დეკემბერი ბავშვი გაციებული იყო და ვაცდენდით, მაგრამ, საფასური პატიოსნად გადავიხადეთ და არც გვითხოვია რაიმე სახის შეღავათი.

"ეს პანდემია რომ არ დაწყებულიყო, ბავშვი ახლას ბაღში იქნებოდა, მაგრამ 4 მარტს გამოაცხადეს, როგორც სხვა ბაღები, 16-მდე ისვენებდნენ. კვირის ბოლოს კი უეცრად გადაწყვეტილება შეცვალეს და 9-დან სწავლება განაახლეს.

"ასეთ საშინელ სიტუაციაში, როდესაც პანდემიაა და კარანტინი, ინფიცერებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება, სოციალური პასუხისმგებლობისა და უბრალოდ ადამიანური თანადგომის მომენტია, მშობელს უთხრა, თუ საშუალება აქვს ბავშვი გაარიდოს ბაღს და ზოგადად ხალხმრავლობას, ასე ვთქვათ, დაპაუზდეს გადასახადიც და როცა სიტუაცია დარეგულირდება, მერე აღდგეს სასწავლო პროცესი.

"ასეთი ეპიდემიის ფონზე რომ გაძალებენ - ან ატარეთ ან თუ არ მოხვალთ, მაშინ მაინც უნდა გადაიხადოთ, ეს არ არის ნორმალური. კერძო სექტორი რომ არის გასაგებია, ჩვენც კერძო სექტორებში ვართ დასაქმებული და არსად ასეთი რამე არ შეგვხვედრია.

"აღსანიშნავია, რომ ონიაშვილის ფილიალის მენეჯერმა ხელშეკრულება გვაჩვენა, სადაც უბრალოდ არ არის მითითებული პუნქტი ფორს მაჟორის თაობაზე, ეს არ არის ჩვეულებრივად ხელშეკრულების გაწყვეტა და შესაბამისად არ უნდა ეხებოდეს ის სტანდარტული პირობები, რაც ამ შემთხვევაშია ჩადებული.

"თუ ეს პუნქტი არ არსებობს, მაშინ ჯარიმაც არ უნდა არსებობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გამოყვანის გადაწყვეტილება მივიღეთ არა პირადი მიზეზის გამო, არამედ საქართველოში და მთელს მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო და ვერავინ ვერ დაგვაძალებს, რომ ბავშვი ამ პირობებში ბაღში ვატაროთ, მითუმეტეს, რომ ორშაბათიდან, 16 მარტიდან ეს ბაღიც დაიკეტა აპრილამდე", - აცხადებენ პატარას მშობლები

„რეზონანსი" კიდევ ერთ-ერთ კერძო ბაგა ბაღის „მზესუმზირა"-ს ("Sunflower") ხელმძღვანელს მარინა მაისურაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამჟამად მისი ბაგა ბაღი ფუნქციონირებს. თუმცა მათი მიდგომა ცივილეზებული და ადეკვატურია: „საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არაა, დეზინფექციას სრული დაცვით ვაკეთებთ, მე ჩემი თავის იმედი მაქვს, არც დასაქმებულს ვაძალებ მოსვლას, არც მშობელს, თავისი ნებაა მოვლენ თუ არა. მე ბაღი ღია მაქვს. ჩემთან ბავშვი ბაღში თუ არ დადის, სხვა ბაღებისგან განსხვავებით, იმას მე ფულს არ ვახდევინებ.

მთლიანმა რეესტრმა და ქალაქმა იცის, რომ ჩემი ბაღები მუშაობს, ჩემთვის არავის არ აუკრძალავს, არ უთქვამთ, რომ დაკეტეთ, თუ მომივა მესიჯი მთავრობიდან, რომ კერძო ბაღი უნდა დაიკეტოს, ვკეტავ კერძო ბაღს. განათლება ამას ჩვენ არ გვეუბნება იმიტომ, რომ მას არ ეკუთვნის ეს - საბავშვო ბაღები. კერძო ბაღია და ეს ჩემი სურვილია დავხურავ თუ არა" - განაცხადა მარინა მაისურაძემ

ეხება თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებული პირველ აპრილამდე გამოცხადებული არდადეგები კერძო ბაღებს, ამ საკითხზე „რეზონანსი" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ეს მხოლოდ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას ეხება.

„არდადეგები ოფიციალურად პირველ აპრილამდეა გამოცხადებული, ეს ეხება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ორგანიზაციას, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას, როგორცაა მითითებული. მინისტრის ბრძანება შეგიძლით ჩვენს ვებგვერდზე იხილოთ

„გვინდა გითხრათ, რომ ბაღები ჩვენ არ გვეკუთვნის, ბაღები მერიას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეკუთვნის," - აცხადებენ სამინისტროში.

„რეზონანსი" აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერიის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა: „განათლების სამინისტროა კურატორი ზოგადად, როგორც სკოლამდელი ისე საგანმანათლებლო მიმართულებით, კერძო სექტორშიც, ჩვენ მხოლოდ მუნიციპალური ბაგა ბაღები გვეხება, რაზეც პასუხისმგებლობა ავიღეთ და რა წესებიც დავნერგეთ, კერძოები ნამდვილად არ გვეხება.

„როგორც ვიცით, სააღმზრდელო პროცესს განათლების სამინისტრო არ აკონტროლებს, მაგრამ, მშობლების მხრიდან მიმართვიანობა რაიმე დარღვევაზე როცა ხდება, მიმართავენ განათლების სამინისტროს. კერძო ბაგა ბაღები მუნიციპალიტეტს ნამდვილად არ ეხება, ალბათ განათლების სამინისტრომ უნდა დააკონკრეტოს" - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თბილისის კერძო ბაგა-ბაღები მათ დაქვემდებარებაში არ არიან და სავარაუდოდ გადაწვეტილებას სწავლის გახანგრძლივებაზეც თავად იღებენ.

„კერძო ბაღები ჩვენი მართვის ქვეშ და ჩვენს დაქვემდებარებაში არ არიან, შესაბამისად, მათ გადაწვეტილებასთან საერთოდ არ გვაქვს წვდომა, კერძო სუბიექტები ჩვეულებრივი ბიზნესსუბიექტები არიან, მუნიციპალიტეტს არ ექვემდებარებიან, სავარაუდოდ, ამას თავად წყვეტენ" - აცხადებენ სააგენტოში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არაა, კერძო ბაღის მეპატრონე საკუთარი სურვილისამებრ წყვეტს შეწყვიტოს თუ არა სწავლა სკოლამდელ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

„ბაღებს წინადადება ეძლევათ, რომ დახურონ და როდესაც ქვეყანაში ჩვეულებრივი მდგომარეობაა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არაა, კერძოებში მთლად ასე აკრძალვის დონეზე არაა ხოლმე, თვითონ უნდა მიხვდეს და თვითონ უნდა დახურონ მეპატრონეებმა.

„მაგალითად, რესტორნებს წინადადება მიეცათ, რომ დახურონ და თუ ქვეყანაში საგანგებო ვითარება არაა გამოცხადებული, ძალისმიერი მეთოდებით ვერ დაახურინებ. ან რაიმე შემთხვევა უნდა გამოვლინდეს, რომ უკვე ვინმეა დაავადებული და მაშინ შესაძლოა შესაბამისმა ინსპექციამ დაახურინოს. კერძო სტრუქტურას პირდაპირ დახურვაზე ვერ ეტყვი, იმიტომ, რომ იმას თავისი ანგარიში აქვს, თვითონ უნდა მიხვდეს, რომ რაც საჭიროა ის გააკეთოს.

„თვითონ მშობლებმაც არ უნდა მიიყვანონ ბავშვები, როდესაც ასეთი სიტუაციაა, მათ მოქალაქეობრივ თვითშეგნბაზეც ძალიან ბევრია დამკიდბული.

„კერძო ბაღების მიეპატრონეს ლიცენზია იმ შემთხვევაში ეძლევათ, როცა სათანადო პირობები, ფართობი, სანიტარული კვანძებია და რა რაოდენობის ბავშვის მიღება შეუძლია, კვების რეჟიმზე და სხვა რაღაცეებზე. რამდენადაც ვიცი, ლიცენზიაში ასეთი რამ არ წერია, ეს უკვე მშობლების მეთვალყურეობის ამბავია.

„როგორც ვიცი, საერთოდ ბაგა ბაღები ადგილობრივ მუნიციპალიტეტში შედის. თბილისის მერია და რაიონის მუნიციპალიტეტები, თუ ლიცენზიის აღება გინდათ, იქ უნდა მიმართოთ , მათ აქვთ სპეციალური განყოფილება ,რომელიც ლიცენზიებს იძლევა და იქ უნდა მოხდეს ლიცენზიის მიცემა" - განაცხადა მან.

მისი თქმით, მშობლებმა აღზრდის საფასურის გადახდის ხელშეკრულებისას, პირობები უნდა დააკონკრეტონ, რათა გაუგებრობა თავიდან აიცილონ.

„ჩვენ ადამიანებს სამართლებრივი კულტურა გვაკლია - როდესაც მსგავსი, რამ ხდება, მაშინ განცხადება უნდა დაიწეროს, როდესაცბავშვი ბაღში მიგყავს, ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს გარდაუვალი რაღაცეები, სტიქიური უბედურება, ეპიდემია.

"მას რომ ხელშეკრულებაში ეწეროს, რომ ეპიდემიისას შეუძლია ბავშვი არ მიიყვანოს და არ გადაიხადოს, მაშინ ვერ იდავებდნენ, ამიტომ, ეს მოწოდებაა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ხელშეკრულებას დებთ ბანკთან - იქნება ეს, აქირავებ, აგირავებ, სკოლაში მიგყავს თუ ბაღში ასეთი სახის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს, ამის კულტურა არ აქვთ ადამიანებს და რა უნდა ვქნათ.

„ეს კერძო ურთიერთობებია, აქ წერია, რომ უნდა გადავიხადო სამასი ლარი, იქ არანაირი პირობები არაა, იქ მთელი ფორმა უნდა იყოს და უნდა დაკონკრეტდეს, ამიტომ ასეთ დროს სახელმწიფო ვერ ჩაერევა, ეს ორი ადამიანის ურთიერთობის ამბებია" - განაცხადა მაღრაძემ.

არსებულმა კონფლიქტმა, კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ ჯერ რაოდენ დასახვეწია არსებული კანონმდებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე პატარებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×