ელზა პაპოშვილი
22.03.2020

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ერთი ავტობუსის მძღოლი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ავტობუსის მძღოლს თავს მგზავრი დაესხა, რომელმაც მისი მისამართით სამჯერ გაისროლა, სროლის ხმაზე მეორე ავტობუსის მძღოლი მივიდა, მგზავრმა კი მას სავარაუდოდ, ავტობუსიდან გაქცევისას ესროლა. რა გახდა შელაპარაკების მიზეზი ჯერჯერობით არავინ იცის.

თავდამსხმელმა კი მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოასწრო და ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ თავდამსხმელს ავტობუსის მძღოლის გაძარცვა სურდა, წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლა. ჯერჯერობით მკვლელობის რაიმე სხვა შესაძლო მოტივი უცნობია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მკვლელი და მოკლული ერთმანეთს არ იცნობდნენ.

სავარაუდოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მხოლოდ ორნი მძღოლი და მკვლელი ისხდნენ, ამიტომაც მკვლელობას სხვა თვითმხილველი არ ჰყავს. უცნობია ასევე იყო თუ არა ავტობუსში კამერები და ამოიღო თუ არა ჩანაწერი მკვლელის იდენტიფიცირებისთვის პოლიციამ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და სავარაუდოდ, მკვლელის დასაკავებლად სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

დაჭრილი მეორე მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა, მედიკოსების თქმით, მძიმეა და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.

„გარდაცვლილი არის ავტობუსის მძღოლი ვასო თუთისანი, დაჭრილია მიხო ჩარკვიანი - ესეც ავტობუსის მძღოლია. ერთი ავტობუსში იყო მკვდარი უკვე და მეორე დაბლა ავტობუსთან იყო დაჭრილი. სავარაუდოდ, მისი როგორც თვითმხილველის მოშორება უნდოდა.

„ალბათ სროლის ხმაზე გაიქცა, მკვლელს კართან შეეჩეხა და მასაც ესროლა. არავინ არ იცის რეალურად რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ვინ არის მკვლელი - ეს მხოლოდ დაჭრილმა მძღოლმა დაინახა. შემთხვევის ადგილიდან არის გაქცეული.

„წარმოდგენა არავის აქვს რა უნდა მომხდარიყო. ავტობუსში მხოლოდ ორნი იყვნენ -მგზავრი და მძღოლი. სწორედ ამ მგზავრთან მოხდა რაღაც დაპირისპირება, რის გამოც მოსკლავად გაიმეტა.

„არაფერია გამორიცხული, შესაძლოა გაძარცვაც უნდოდა. არ ვიცით, პოლიცია ატარებს ღონისძიებებს და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ დაადგენენ ვინ იყო",-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ვახო ფურცხვანიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×