სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სალომე სარიშვილი
    10.01.2017

     სპეციალისტებმა კახეთში აქამდე უცნობი, საკმაოდ მასშტაბური ფართობის არქეოლოგიური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, ანტიკური პერიოდის ნაქალაქარი უნდა იყოს. როგორც "რეზონანსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ობიექტთან ახლოს აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ყორღანიც, რომლის მასშტაბიც აქამდე შესწავლილ ყორღანებს შორის საქართველოში ყველაზე მოცულობითია.

    სააგენტოში ვარაუდობენ, რომ საქმე უნიკალურ მემკვიდრეობასთან და მეტად საინტერესო ძეგლთან უნდა გვქონდეს.

    ცნობისთვის, არქეოლოგიური ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და იგი 2500 ჰექტარზეა გავრცელებული, თუმცა როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, მისი შესწავლის შემდგომ, არაა გამორიცხული ნაქალაქარის მოცულობა გაიზარდოს.

    საგულისხმოა, რომ ნაქალაქართან აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ყორღანი პირველადი დაზვერვით საკმაოდ მასშტაბურია და ამ დრომდე აღმოჩენილი თუ შესწავლილი ყორღანების მოცულობას ბევრად აღემატება.

    სააგენტოს ინფორმაციით, აღმოჩენილ ნაგებობათაგან ნაწილი წრიული მოყვანილობისაა, ხოლო ნაწილი მართკუთხა. ნაგებობათა კედლებს კი ძლიერი ხანძრის კვალი ეტყობა. მათივე ცნობით, ნაგებობა დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება.

    როგორც "რეზონანსს" ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, ესაა ალიზის (საშენი მასალა, მზეზე გამომშრალი აგური) ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი. ხოლო მისი კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს. აღმოსავლეთით კი ნაგებობის მომიჯნავედ 115 მ დიამეტრისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად მოცულობითია.

    ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ პირველადი დაზვერვით მოპოვებული ინფორმაციაა და შესაბამისად, საკმაოდ მწირი.

    სააგენტოს დირექტორი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ობიექტის უნიკალურობაზე ამახვილებს და მის ფართობსა და მოცულობაზე საუბრობს.

    მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ამ მასშტაბის ყორღანი საქართველოში ჯერ აღმოჩენილი არსადაა, მნიშვნელოვანია თავად ნაქალაქარის ფართობიცა და ყორღანთან კავშირიც, რომელმაც შესაძლოა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა გამოავლინოს.

    "აღმოჩენამ მასშტაბური ყორღანი და იქვე მიბმული არქეოლოგია გამოავლინა, რაც თავისთავად შინაარსობრივად საინტერესოდ გამოიყურება. მოგეხსენებათ, საქართველოში შესწავლილი ყორღანებიდან მსგავსი მასშტაბის ჯერ არსად შეგვხვედრია.

    "საინტერესოა, რომ მასთან ახლოსვეა ნაქალაქარიც, რაც ასევე არსად შეგვხვედრია. ვგულისხმობ ერთმანეთთან ბმას. დასადგენია მათ შორის კავშირი, რადგან შესაძლოა ქვედა ფენებმა საინტერესო მასალები გამოავლინოს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და უნიკალურ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე", - გვითხრა ნიკოლოზ ანთიძემ და იქვე დაუმატა, რომ სააგენტო უახლოეს მომავალში საერთაშორისო წამყვან არქეოლოგიურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებას დაიწყებს, რათა ამ ობიექტის კვლევა და შესწავლა ერთობლივად დაიწყოს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter