სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ნატერფალი იპოვეს
    ნინო ფრანგიშვილი
    (04.09.2010)

    ივლისის თვეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს, მარტვილის რაიონში, მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ნატერფალი აღმოაჩინეს. აგვისტოში ილიას უნივერსიტეტმა საველე დაზვერვითი ექსპედიცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პალეონტოლოგებმა ვიაჩესლავ ჩხიკვაძემ და ვასო გაბუნიამ. მეცნიერების მტკიცებით, აღმოჩენა სენსაციურია.
      ვასო გაბუნია: "პირველ ნაკვალევს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი. კირქვოვან შრეზე, ჩამავალი მზის შუქზე, მკაფიოდ ჩანდა მცირე ზომის მტაცებელი დინოზავრის უკანა ფეხის სამთითა ნატერფალი. რამდენიმე მეტრში ამ ადგილიდან აღმოჩნდა მეორე ნატერფალიც, რომელიც, სავარაუდოდ, ბალახისმჭამელ დინოზავრს ეკუთვნის. აღმოჩენის შესახებ ილიას უნივერსიტეტის რექტორს, ბ-ნ გიგი თევზაძეს ვუამბე. მალევე, ამავე უნივერსიტეტის დაფინანსებით, აგვისტოს შუა რიცხვებში დაზვერვითი ექსპედიცია მოეწყო. პროფესიონალ პალეონტოლოგებს სპელეოლოგი ამირან ჯამრიშვილი და კინორეჟისორი დავით გოგუაძე გვეხმარებოდნენ. ადგილი საფუძვლიანად დავათვალიერეთ და ახალ არტეფაქტებსაც მივაგენით. 
      შედარებით დიდი ზომის ბალახისმჭამელი დინოზავრის კარგად დაცული ნაკვალევი ჩანჩქერის კიდეზე აღმოჩნდა. აქვე აღმოვაჩინეთ ზღვის ზღარბების ნიჟარებიც. ეს ნიჟარები კარგად არის გამოკვლეული და მათი ასაკიც ცნობილია - მეზოზოური ერის ზედაცარცული პერიოდი, ანუ დაახლოებით 100 მილიონი წელი ჩვენს ერამდე. საგულისხმოა, რომ 2007 წელს მცირე ზომის დინოზავრის ნაკვალევს ხვამლის მთის კირქვოვან მასივზეც გადავაწყდი. სამწუხაროდ, იგი დღემდე შეუსწავლელია".
      როგორც ვიაჩესლავ ჩხიკვაძე აღნიშნავს, სანამ ვასო გაბუნია კირქვოვან პლატოზე ნაკვალევებს ეძებდა, ის, იქვე ახლოს მდებარე კლდის კედელში უცნაური ფორმის წარმონაქმნს გადააწყდა.
      ვიაჩესლავ ჩხიკვაძე: "გულმა რეჩხი მიყო - კირქვოვანი ჩანართი ძალიან წააგავდა ქვეწარმავლის მალას. საქმე ისაა, რომ ათეული მილიონობით წლის განმავლობაში კლდოვან ქანში ჩაკირული ძვალი მთლიანად ამ ქანისთვის დამახასიათებელ შემადგენლობას იღებს და მას პირვანდელი მხოლოდ ფორმა აქვს შენარჩუნებული. ამიტომ, დედაქანისგან მისი გამორჩევა საკმაოდ რთულია. ათწლეულებია, რაც საქართველოში უძველესი ქვეწარმავლების ნაშთებს ვეძებ. და, აი, ოცნება ამიხდა - გარეგნულმა დათვალიერებამ ეჭვები გაფანტა - საქმე დიდი ზომის ქვეწარმავლის ხერხემლის მალასთან გვქონდა! 
      ძვლის ფრაგმენტის კირქვოვანი ქანიდან ამოღებას რამდენიმე საათი მოვანდომეთ. ამოღებული ქანის ქვეშ კიდევ ერთი ძვალი გამოჩნდა, ხოლო აქედან 3-4 მეტრში ვასომ ძვლის ახალი ფრაგმენტი აღმოაჩინა. აშკარაა, რომ აქ პრეისტორიულმა ცხოველმა სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა და მილიონობით წლების შემდეგ ჩვენი წყალობით კვლავ იხილა დღის სინათლე".
      აღმოჩენის შესახებ სპელეოლოგი ამირან ჯამრიშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქანი, რომლის ქვეშ ძვალი აღმოჩნდა, ძალიან მკვრივია. კალცინირებული კირქვებიდან, რომელთა ასაკი 100 მილიონ წელს აღემატება, მასალის ამოღება ჩაქუჩით და სატეხით მოუწიათ. ასეთი პრიმიტიული იარაღებით მუშაობა, რა თქმა უნდა, სიძნელის გარდა, მყიფე მასალის დაზიანების საშიშროებასაც ქმნის.
      ამირან ჯამრიშვილი: "ამიტომ სხვა ძვლების ამოღება ვეღარ გავბედეთ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში აუცილებლად დავბრუნდებით აქ და სპეციალური ხელსაწყოებით ვცდით ძვლების ფრაგმენტების ამოღებას. კირქვა კარგად ინახავს ნამარხ ნაშთებს. ამიტომ, იმედი მაქვს, მომავალში აქ ბევრ საინტერესო აღმოჩენას გავაკეთებთ. გადაწყვეტილი გვაქვს მდინარე აბაშის კანინონების კედლებისა და ძნელადმისადგომი ადგილების დათვალიერება-შესწავლაც".
      დინოზავრთა ნაკვალევები საქართველოში პირველად ნატურალისტმა და ბუნებაზე შეყვარებულმა, უაღრესად კოლორიტულმა პიროვნებამ - პეტრე ჭაბუკიანმა იპოვა სათაფლიის მღვიმის მახლობლად. მის მიერ აღმოჩენილ ნაკვალევთა მწკრივები უნიკალურია თავისი დაცულობის და სახეობრივი შემადგენლობის თვალსაზრისით. სათაფლიის ნაკვალევები გულდასმით და დეტალურად შეისწავლა გამოჩენილმა პალეონტოლოგმა, აკადემიკოსმა ლეონიდე გაბუნიამ. მან დაადგინა, რომ სათაფლიაში, რომელიც იმ პერიოდში ზღვის ნაპირს წარმოადგენდა, 135 მილიონი წლის წინათ გიგანტურ მტაცებელ და ბალახისმჭამელ ქვეწარმავლებს გაუვლიათ. ლეონიდე გაბუნიას სტატიებმა და მონოგრაფიამ, რომლებიც სათაფლიის დინოზავრებს მიეძღვნა, დიდი რეზონანსი გამოიწვია და საფუძველი ჩაუყარა სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ჩამოყალიბებას.
      ვასო გაბუნია: "წარმოსახვითი "დროის მანქანით" 130 მილიონი წლის წინადელ კავკასიაში რომ ვიმოგზაუროთ, ჩვეული პეიზაჟის ნაცვლად დიდი ზომის კუნძულებისგან შემდგარ არქიპელაგზე მოვხვდებით. კუნძულები ტროპიკული ჰავისათვის დამახასიათებელი მარადმწვანე ტყეებით არის დაფარული. ბევრ მცენარეს თანამედროვე სახეობებს ვერც შევადარებთ. ზღვის ნაპირებზე სხვადასხვა სახეობის გიგანტურ მტაცებელ და ბალახისმჭამელ ქვეწარმავალთა ჯგუფებსაც მოვკრავთ თვალს. მათი საერთო სახელწოდებაა დინოზავრი, ანუ "საშინელი ხვლიკი". ტყეებში არწივის ზომის ნემსიყლაპიები დაფრინავენ. ნემსიყლაპიებზე კი გიგანტური მფრინავი ხვლიკები - პტეროდაქტილები ნადირობენ.  
      ზღვაში ჩვენთვის ნაცნობი სტავრიდის და კეფალის ნაცვლად უზარმაზარი იქტიოზავრები, მოზაზავრები, დიდი ზომის თავფეხიანი მოლუსკები (ამონიტები) დაცურავენ. ძუძუმწოვრები, ვირთაგვას ზომის ჩანთოსნები, საშინელ მტაცებლებს სოროებში აფარებენ თავს. ეს ჩვენი უშორესი წინაპრები არიან. ისინი თავის დროს ელიან, რათა თანამედროვე ჩლიქოსნებს, მტაცებლებს, ვეშაპისნაირებს და პრიმატებს, ანუ ჩვენს უშუალო წინაპრებს მისცენ დასაბამი. ლოდინი დიდხანს მოუწევთ - მხოლოდ 45 მილიონი წლის შემდეგ (65 მილიონი წელი ჩვენს ერამდე) დედამიწაზე დაცემული კომეტისგან განადგურებული დინოზავრების შემდეგ გამოთავისუფლდება მათი ევოლუციისათვის ადგილი".
      მეცნიერების თქმით, წინასწარი შესწავლის საფუძველზე, სწორედ ზღვის გიგანტური ბინადარი მტაცებელი ქვეწარმავლის - მოზაზავრის ნაშთებია მარტვილის მახლობელ კლდეებში განმარხული. მოზაზავრები ფართოდ იყვნენ გავრცელებული მთელ პლანეტაზე. უზარმაზარი მტაცებელი ხვლიკი, რომელიც თანამედროვე ვარანების "ნათესავია", დიდი ზომის თევზებსა და მოლუსკებზე ნადირობდა. თათები მას საცურაო ლასტებად ჰქონდა გადაქცეული, დიდ სიწრაფეს ავითარებდა წყალქვეშ და თავზარს სცემდა ზღვის ბინადართ. მოზაზავრები იმდენად კარგად შეეგუენ წყლის გარემოში არსებობას, რომ პირდაპირ ზღვაში მშობიარობდნენ, როგორც თანამედროვე ვეშაპისნაირები. მათი მაქსიმალური სიგრძე 17 მეტრს აღემატებოდა. მარტვილის მოზაზავრის სიგრძე, სავარაუდოდ, 11-12 მეტრი იქნებოდა.
      ვასო გაბუნია: "შერლოკ ჰოლმსის არ იყოს - ჩვენ ხელთ არსებული სამხილების საფუძველზე დედუქციური მეთოდით შეგვიძლია 100 მილონი წლის წინათ არსებული სიტუაციის დადგენა: მდინარე აბაშის ხეობაში დატოვებული ნატერფალები ხმელეთის დინოზავრებს ეკუთვნით. ბალახისმჭამელ და მათზე მონადირე მტაცებელ დინოზავრებს ზღვის სანაპიროზე გაუვლიათ და ლამზე ღრმა ნაკვალევი დაუტოვებიათ. ნაფეხურები მზეზე გამოშრა და გამაგრდა. შემდეგ იგი ზღვის ქვიშის მრავალმეტრიანი ფენით დაიფარა. ათეულობით მილიონი წლის შემდეგ ზღვამ უკან დაიწია. ნალექები კლდოვან მასივად გადაიქცა. მომდევნო გეოლოგიური პროცესების შედეგად კი ნაკვალევიანი შრე გაშიშვლდა. ნაკვალევთა უნიკალურობა იმაშია, რომ მზის, ქარისა და წვიმის ზემოქმედებით მათი წაშლა მხოლოდ ათწლეულების საქმეა. დროის სწორედ ამ მონაკვეთში უნდა გადააწყდეს მას მეცნიერი. რაც შეეხება მოზაზავრის განმარხულ ძვლებს - ისინი ნაკვალევიდან 4-5 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კირქვოვან ნალექებშია ნაპოვნი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოზაზავრები ღრმა ზღვის ბინადარნი იყვნენ. 
      ისევ დედუქციის გამოყენებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას შემდეგ, რაც აქ ხმელეთის დინოზავრებმა პრეისტორიული ოკეანის "პლაჟზე გაისეირნეს", ეს ადგილები ოკეანის წყლით დაიფარა. სწორედ პრეისტორიულ ზღვაში, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა გიგანტური ქვეწარმავალი. მისი გვამი ფსკერზე დაეშვა და ლამით დაიფარა. ცხოველის რბილი ქსოვილები რამდენიმე კვირაში დაიშალა, ხოლო ჩონჩხმა ფოსილიზაციის (განამარხება) რთული პროცესი გაიარა. მთათაწარმოქმნის მძლავრმა კატაკლიზმებმა ზღვის ფსკერი ზემოთ ამოსტყორცნა. მდინარე აბაშამ კი ათასწლეულების მანძილზე ღრმა კანიონი გაჭრა და სწორედ ამ კანიონის კლდოვან კედლებში გამოჩნდა პრეისტორიული მტაცებელი ქვეწარმავლის ნაშთები. 
      შეიძლება ითქვას, რომ თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობიდან ერთერთი მაინც ამოვარდებოდა ამ დროის განმავლობაში, მეცნიერებისთვის ეს აღმოჩენა არ იარსებებდა".
    მარტვილთან ნაპოვნ სხვადასხვა სახეობის დინოზავრების რამდენიმე ნაკვალევსა და მოზაზავრის ხერხემლის მალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსა და, საერთოდ, მთელი კავკასიის მეზოზოური პერიოდის ხერხემლიანთა შესწავლის საქმეში. ამ სენსაციური არტეფაქტების შესწავლა ფარდას ახდის კავკასიის უძველესი ისტორიის კიდევ ერთ საიდუმლოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ არა თუ ახალი სახეობის "დინოზავრი", არამედ, მეზოზოური პერიოდის პირველი პერსპექტიული ადგილსაპოვებელიც მთელს კავკასიაში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შეიქმნება საგანგებო პალეონტოლოგიური ჯგუფი და მარტვილში გათხრითი საველე სამუშაოების ჩატარება კიდევ ბევრ საინტერესო ფაქტს გამოავლენს. მილიონობით წლის წინ არსებული ცხოველების ძვლების, და, მით უმეტეს, ნაკვალების განამარხება მრავალფეროვანი პროცესების და შემთხვევითობების შედეგია. ამიტომ წარსულის ამ გზავნილების შესწავლა მეტად საშური საქმეა".

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter