ია აბულაშვილი
15.01.2020

 მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი ერთ-ერთი უძველესია თბილისში აშენებულ ეკლესიებს შორის და საუკუნეების მანძილზე რაც თბილისს განუცდია ამ ეკლესიასაც უკავშირდება.

"ავლაბარსა შინა არის ეკლესია დიდშენი სახელსა ზედა ღვთის მშობლისად წოდებული, მეხუთესა კვირიკესა დიდმარხვის შაბათს დღესა ზედა. მაღალსა კლდესა ზედა გუმბათიანი ქვითკირისა და თლილისა ქვით ნარევად აშენებული, ვახტანგ გორგასლიანისაგან 470-სა წელსა. ამა ეკლესიისა კლდისა, მთისა ძირსა ქვეშე ხიდსა თანა ტფილისისასა არს ნიში მოსალოცვლელი წმინდისა მოწამისა აბო სპარსისა, რომელიც ეწამა ადგილსა მას ამის სპარსისაგან 791-სა წელსა და იტყვიან კვალად რომელ ამას ეკლესიასა შინა იყოს მისვენებულ დადაფლული წამებით მოკლული წმინდა მოწამე დედოფალი შუშანიკი, რომელიც ეწამა 432-სა ახლად გაკერპმსახურებულისა ქრმისა მისისა ვარქსეგენისაგან" - ასე აღწერს ეგნატე იოსელიანი მეტეხის ტაძარს, მის მიერ შედგენილ კატალოგში "მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში".

ტაძრის აშენებას მეექვსე საუკუნეში ადატურებს ვახუშტი ბატონიშვილი, "ტყვიან ამას აღმშენებლად გორგასლისაო". ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია, ციხესიმაგრე და სასახლე ააშენა. ტაძარს სიმბოლურად იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღში ღვთისმშობლის საფლავზე აგებულ ტაძარს მიამსგავსებდნენ. სახელი კი ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება.

მეტეხის ტაძრის დაარსებაზე ერთი ლეგენდაც არსებობს. ოსთა მთავარს ბაყათარს გაუტაცნია ვახტანგის და. მეფემ გადაწყვიტა მისი დახსნა. დამ შემოუთვალა, თუ ბაყათართან ბრძოლას არ დაიშლი, იცოდე ის სულ აბჯარასხმული დაიარება, მისი მოკვლა შეიძლება თუ იღლიაში დაჭრიო. ვახტანგმა ბაყათარს კაცი გაუგზავნა, თვითონ მტკვარგაღმა იდგა და ელოდებოდა. ბაყათარმა ფიცი ჩამოართვა ვახტანგ მეფეს, სანამ წყალს არ გამოვცდები ისარი არ მესროლოო და შეაგდო ცხენი წყალში. ვახტანგ გორგასალმა ფიცი გატეხა და ესროლა ბაყათარს. მონანიების მიზნით კი ააგო ტაძარი მეტეხი, რაც ნიშნავდა "მე ვტეხე ფიცი".

მეტეხის შესახებ წერდა თამარის მემატიანე ისტორიკოსი ბასილი. როცა თამარ მეფეს ქართველთა ლაშქარი დაულოცია და შამქორის ბრძოლაში გაუგზავნია, თავად ფეხშიშველი მოსულა მეტეხის ტაძარში და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის საქართველო შეუვედრებია.

მონღოლების შემოსევის შემდეგ, 1235 წელს მტერმა მეტეხის სასახლე და ეკლესია მთლიანად გაანადგურა. 1278-1280 წლებში ტაძარი მეფე დემეტრე მეორემ აღადგინა. მე-15 საუკუნეში ამ ტაძარში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწიგნობარი ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩაოლოყაშვილი). აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს, 1795 წელს ტაძარი ძლიერ დაზიანდა. 1819 წელს გენერალ ერმოლოვის ბრძანებით მეტეხის ეკლესიაში სატუსაღო გახსნეს. "ეხლა მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია არის სამლოცველო პყრობილთა და უძლურთა სულთა" - წერდა 1884 წელს იტორიკოსი მოსე ჯანაშვილი. კომენისტების დროს ტაძარი უმოქმედო იყო, მხოლოდ 1988 წელს ილია მეორის ლოცვა- კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა აღადგინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×