ია აბულაშვილი
17.02.2020

"ვარძია საკვირველებას წარმოადგენს, მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბურის კოშკს ედრება"-ასე აღწერს ირანის სეფეიდების დინასტიის მემატიანე ჰასან ბეგ რუმლი ვარძიას, თავის ნაწარმოებში "ახსან-ათ-თავრიხის" ("უმშვენიერესი ისტორიათაგანის") ფურცლებზე.

ეს ის სპარსელი მემატიანეა, რომელმაც თავის თვალით იხილა ვარძია. იგი თან ახლდა შაჰ თამაზის ლაშქარს, რომელმაც 1551 წელს ააოხრა ვარძია და გაიტაცა ქართული სახელმწიფოს მთავარი სულიერების ხატი, თავისი მნიშვნელობით ანბანთან გატოლებული, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ასევე, ოქროს კარები და ურიცხვი უნიკალური განძეულობა.

ერუშეთის მთის კალთაზე, ხეობიდან ამოზიდული, ცად აზიდული კლდის ბუმბერაზ მასივში ამოკვეთილი ვარძიის ანსამბლი, რომელიც ზღაპარს ჰგავს, ლეგენდის თანახმად, მეფე გიორგი მესამე ერთხელ აქ სანადიროდ ამოსულა მხლებლებთან ერთად. მეფეს თავისი ასული-პატარა თამარიც თან ახლდა.

დაიწყო ნადირობა, მეფე და მისი მხლებლები ისე გაიტაცა ნადირობამ, რომ ბავშვის არსებობა დაავიწყდათ. თამაშში გართული პატარა თამარი კი გამოქვაბულში დაკარგულა. როდესაც ბავშვი მოიკითხეს და ვერ მიაგნეს, შეძრწუნებული მეფე თავის ამალით აქეთ-იქიც აწყდებოდა, თამარის ძახილით არამერე შეძრეს. იქვე გამოქვაბულთან ერთ მონადირეს დაუძახია თამარ. გამოქვაბულში გზააბნეულმა თამარმა კი სიხარულით შესძახა "აქ ვარ ძია". ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ვარძია.

მეფე გიორგი მესამეს კლდეში ეკლესიის გამოკვეთა უბრძანებია, მაგრამ კლდე იფშვნებოდა. მუშაობა არ შეუწყვტიათ, ერთ საღამოს როცა საქმეს მორჩნენ, მუშებს ირაღები იქვე დაუწყვიათ, მეორე დილას მისულებს იარაღი ადგილზე არ დახვდათ, ბევრი ძებნის შემდეგ, დღევანდელი ვარძიის კედელთან იპოვეს. სამი დღე გრძელდებოდა ეს სასწაული, ბოლოს მიხვდენ, რომ თავად ღვთის განგება იყო ამ ადგილას მონატსრის გამოკვეთა.

ვარძიის მშენებლობის პირველი ეტაპი მეფე გიორგი მესამეს სახელთან არის დაკავშირებული, მეორე თამარის სახელთან. სამეფო მონასტერი დიდი რუდუნებით შენდებოდა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, თამარის ბრძანებით სამასამოცდახუთი ოთახი გამოკვეთეს. ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა.

ვარძიის 15 კლდოვანი ეკლესია, რომელიც მდიდრული მორთულობთი არ გამორჩეოდა, ცნობილი იყო თავის უნიკალური მოხატულობით. იმ დროის ცნობილ მხატვარს ვინმე გიორგის საკურთხევლის კონქვეშ მოუხატავს ღვთისმშობლის დიდი ფიგურა ყრმით ხელში, რომელსაც ორივე მხარეს გვერდს უმშვენებს მთავარნგელოზები მიქაელი და გაბრიელი.

საკურთხევლის კედელზე კი გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი, ბერძნულ და ქართულ წარწერებიანი გრაგნილებით ხელში. თამარის შემორჩენილი 4 პორტრეტიდან კი ვარძიაში მოხატული თამარის პორტრეტი ყველაზე ძველია. ეს არის თამარის ახალგაზრდობის სურათი, რომელიც 1186 წელს უნდა იყოს შესრულებული. თამარს ადგას გვირგვინი და ხელში უპყრია ნაგებობა, რაც იმის გამოხატულებაა, თუ როგორ ზრუნავდა იგი ვარძიაზე.

ვარძიაში დაცულ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს შეავედრა თამარ მეფემ ბასიანის ბრძოლის წინ თავისი ქვეყანა და ქართველთა გამარჯვება. განგებამ მისი თხოვნა შეისმინა ქართველებმა მუსულმანთა ურიცხვი ლაშქარი დაამარცხა.

თამარის მეფობის ხანაში შექმნილი მონასტერი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, აქ შექმნა იოანე შავთელმა "გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი"; "ვარძიის ოთხთავის" მინიატურებიანი ხელნაწერი და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×