ტატა შოშიაშვილი
01.08.2020

ცნობილი ბრიტანული გამოცემების „ივნინგ სტანდარტისა" და „ინდეფენდენტის" მფლობელი, წარმოშობით რუსი ევგენი ლებედევი, პრემიერ ბორის ჯონსონის ინიციატივით, ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი გახდება. ამის შესახებ საინორმაციო სააგენტო „ბიბისი" იუწყება.

ევგენი ლებედევი წლების განმავლობაში რუსეთის საგარეო დაზვერვაში მომუშავე, შედეგ რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას" აქციონერის, ალექსანდრ ლებედევის შვილია. უფროსი ლებედევი 1991 წელს საგარეო დაზვერვიდან წავიდა და კომერციულ საქმიანობას შეუდგა.

თავად ევგენი ლებედევი ჰოლდინგ „Lebedev Holdings Ltd-ის" მფლობელია, რომელიც „ივნინგ სტანდარტისა" და „ინდეფენდენტის" გამოცემებს კურირებს.

„ბიბისის" ცნობით, ევგენი ლებედევი ერთ-ერთია იმ 36 კაციანი სიიდან, ვინც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ინიციატივით პერის სამუდამო წოდებას მიიღებს და ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში დაიკავებს ადგილს.

ბრიტანულ საინფორმაციო საშუალებებს არაერთხელ დაუწერიათ იმის შესახებ, რომ რუსული წარმოშობის ბიზნესმენი ევგენი ლებედები, რომელმაც ბრიტანეთის მოქალაქეობა 2010 წელს მიიღო და პრემიერ ბორის ჯონსონი მეგობრობენ.

მაგალითად, გამოცემა „თაიმსი" წერდა, რომ ლებედევმა იტალიაში, საკუთარ სასახლეში მოწყობილ წვეულებებზე არაერთხელ დაპატიჟა ბორის ჯონსონი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელს ბრინტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული.

გარდა ამისა, რუსული საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტი" წერდა, რომ ევგენი ლებედევი და ბორის ჯონსონი 12 წლის განმავლობაში მეგობრობენ. ამის შესახებ „კომერსანტს" ალექსანდრე ლებედევმა განუცხადა. ისინი ერთად აგროვებდნენ თანხას ინგლისური ჯარის უსახლკარო წევრებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სამუდამო პერების სია ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ დაამტკიცა.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონის მიერ ინიცირებულ სიაში ევგენი ლებედევის გარდა კიდევ 35 ადამიანი მოხვდა, რომელთა შორის კიდევ რამდენიმე რეზონანსული კანდიდატურა აღმოჩნდა.

კერძოდ, პერის წოდებასა და ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ადგილს მიიღებს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ძმაც, ჯო ჯონსონი, რომელმაც შარშან დატოვა ბრიტანეთის მთავრობა, რადგან ბრექსითის შესახებ ძმისგან განსხვავებული აზრი ჰქონდა.

გარდა ამისა, სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მეუღლე ფილიპ მეი; ბორის ჯონსონის სტრატეგიული მრჩეველი ედი ლისტერი და „კონსერვატორების" დონორი მაიკლ სპენსერი, ასევე ფილიპ ჰამონდი და კენ კლარკი - დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×