“ეს ჯერ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ რეალურად ვაქცინა არსებობს”
თამთა ჩაჩანიძე
11.08.2020

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა მსოფლიოში პირველმა შექმნა. რუსული გამოცემები აღნიშნავენ, რომ პუტინმა „გამალეიას ინსტიტუტის" მიერ შექმნილი პრეპარატი სამშაბათს დაარეგისტრირა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ვაქცინა რეალურად მაშინ დამტკიცდება, როცა საერთაშორისო საზოგადოება მას აღიარებს.

„პირველად მსოფლიოში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დავარეგისტრირეთ. ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და აყალიბებს მყარ იმუნიტეტს", - განაცხადა პუტინმა ვიდეოკონფერენციისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებით, რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან ერთად „კოვიდ 19"-ის ახლად დამტკიცებული ვაქცინის შესაძლო პრეკვალიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით დისკუსიები მიმდინარეობს.

„მჭიდრო კონტაქტი გვაქვს რუსეთის ჯანდაცვის ორგანოებთან და მიმდინარეობს დისკუსიები ვაქცინის შესაძლო პრეკვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ნებისმიერი ვაქცინის პრეკვალიფიცირება მოიცავს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ყველა მოთხოვნილი მონაცემის მკაცრ მიმოხილვასა და შეფასებას", - განაცხადა ჯანმო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტარიკ იაზარევიჩმა.

როგორც ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, თუ რუსეთს ვაქცინა რეალურად უკვე აქვს, ჯერ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ უნდა დაადასტუროს, მანამდე კი, მისი აზრით, „ჩავთვალოთ, რომ რუსეთს ვაქცინა არ აქვს".

„ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, იმიტომ, რომ ასე რომ გამოვაცხადო მეც, რომ მილიონერი ვარ მაშინ, როცა მილიონი არ მაქვს, ყოველთვის შემიძლია, მაგრამ რეალურად როდესაც ფულის დახარჯვის მომენტი დადგება, მაშინ გამოჩნდება ყველაფერი, თუ რამდენად მაქვს.

„საერთოდ, წესი ასეა, რომ ეს ჯერ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებამ უნდა აღიაროს, რომ რეალურად ვაქცინა არსებობს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება და რუსეთში კოვიდინფექცია რამდენად შემცირდება.

„თუმცა, აქ მეორე მომენტიცაა, თუ რუსეთმა რაოდენობების დამალვა დაიწყო და ეს დააბრალა იმას, რომ ხალხი ავცერი და იმიტომ შემცირდაო, როგორც ჩანს, ყველაფერი ეს პოლიტიკური თამაშია, რა შუაშია დასწრება და არდასწრება, მთავარია, რეალური ვაქცინა შემუშავდეს, რომ კაცობრიობა გარკვეული საფრთხის წინაშე არ დადგეს და ვინ პირველმა გამოიმუშავა და ვინ მეორემ, რა მნიშვნელობა აქვს.

„ძალიან კარგი, თუ მართლა აქვთ, რეალურად ნორმალური ქვეყანა და ნორმალური სამედიცინო სამყარო ცდილობს, რომ ვაქცინა არა მარტო თავის ქვეყანაში შეამოწმოს, არამედ - მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც და, წესით, ეს ვაქცინა სხვადასხვა ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს და მათი აპრობირება და შემოწმება მოხდეს.

„აი, მაშინ უკვე ვაქცინა რეალურად იქნება დამტკიცებული, რომ მართლა რუსეთმა შექმნა, მანამდე კინ სანამ ეს ყველაფერი არ დადგინდება, ჩავთვალოთ, რომ რუსეთს ვაქცინა არ აქვს", - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

იმის გამო, რომ რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინის უსაფრთხოება ხალხისთვის უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, პუტინმა განაცხადა, რომ თავისი ერთ-ერთი ქალიშვილიც აიცრა და უკუჩვენება არ ჰქონია. მისი თქმით, ქალიშვილს მხოლოდ ტემპერატურის ოდნავი მატება შეენიშნებოდა.

ხმალაძე ამბობს, რომ პუტინის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები დამაჯერებელი არაა, რადგან ეს პროცესი გამჭვირვალე და ღია უნდა ყოფილიყო.

„ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრება იტყუება, ცოლს, შვილსა და მთელ მსოფლიოს ატყუებს და ახლა რატომ დავიჯერო, რომ სიმართლეს საუბრობს. თუ ვაქცინა შვილს გაუკეთა, ეს გამჭვირვალე უნდა იყოს, მაშინ ვიდეო უნდა გადაეღო, გამოექვეყნებინა და დავიჯერებდით, შვილს გაუკეთა თუ ვის.

„რეალურად ეს ასე არ ხდება, როცა ამხელა საქმეს აკეთებ, ჭორის დონე სასაუბრო თემა არაა,როდესაც გაგარინი გაფრინდა, რომელიც მსოფლიოში მართლა პირველი კოსმონავტი იყო, ყველამ გაიგო და გაშუქებულიც იყო და როდესაც (პუტინი) იძახის, ვაქცინა ჩემს შვილს გავუკეთეო, ეს არასერიოზულია.

„როდესაც პრეზიდენტისა და ქვეყნის ხელმძღვანელის დონეზე რაღაცას აკეთებ, მით უმეტეს თუ ისეთ სერიოზულ ამბავს ეხება, როგორიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნაა, ეს აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს, მაგრამ რადგან მალავს, ესე იგი რაღაცაშია ხომ საქმე?

„თუ რაღაც გამოვიგონე, რატომ დავმალავ, პირიქითმ ყველას გავაგებინებ და ტაშს შემოვკრავ. რუსეთი, როგორც ყოველთვის, რაღაც ინტრიგებშია გახვეული, თუმცა, ღმერთმა ქნას, შეიძლება, მართლაც აქვთ, მაგრამ, უბრალოდ, ეს ყველაფერი იმდენად არანორმალურად და არასწორადაა ჭორის დონეზე აფიშირებული და მოყოლილი, რომ მე, ჯერჯერობით, დარწმუნებული არ ვარ, რომ მათ მართლაც რეალური ვაქცინა აქვთ.

„ასეთი შემთხვევა ადრეც ყოფილა, რომ რუსეთს სამედიცინო სფეროში რაღაცები გამოუცხადებია, მაგრამ აღმოჩენილა, რომ ეს აბსოლუტური ტყუილი ყოფილა", - აცხადებს ეპიდემიოლოგი.

შეგახსენებთ, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, ვაქცინის შექმნის პროცესი შეერთებულ შტატებში გამჭვირვალეა, ამჯერად ახალი კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა მიმდინარეობს. ექსპერიმენტული ვაქცინა mRNA-1273, ბიოტექნოლოგიურმა კომპანია "მოდერნამ" და ამერიკის ალერგიებისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ერთობლივად შექმნეს.

ამერიკელი სპეციალისტები ფრთხილი ოპტიმიზმით აცხადებენ, რომ შესაძლოა, ეფექტური ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში უკვე მზად იყოს.

სანამ ქვეყნები ვაქცინაზე მუშაობენ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ამ დროისთვის მსოფლიოში უკვე 20 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ეს რიცხცი 10 მილიონს შეადგენდა.

მსოფლიოში ყველაზე მეტი ინფიცირებული აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთშია, ამერიკაში მათი რიცხვი 5 მილიონს გადასცდა, ეპიდსიტუაცია რთულია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×