ქრისტინე კაპანაძე
18.09.2021

საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან საკუთარი ელჩები გაიწვია. პარიზში აცხადებენ, რომ მათ „ზურგში დანა ჩაარტყეს". ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვის მიზეზი აშშ-ს, ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ ახალი სამხედრო-თავდაცვითი კავშირის - „აუკუს"-ის (შეთანხმების მონაწილე ქვეყნების სახელწოდებების აბრევიატურა) და შესაბამისი პაქტის გაფორმება გახდა, რომელიც ავსტრალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ყველასთვის აშკარაა, რომ ეს ალიანსი წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი გავლენისა და სამხედრო ძლიერების საპირწონედ ითვლება, თუმცა შეთანხმებაში ჩინეთი საერთოდ არაა ნახსენები. ამას უკვე მოჰყვა მწვავე შეფასება პეკინიდან, სადაც „აუკუს"-ის შექმნას „უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება" უწოდეს.

რაც შეეხება საფრანგეთს, მათი განაწყენება ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდება, თუმცა ექსპერტების შეფასებით აღნიშნული დაძაბულობიდან საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია.

„აუკუს"-ის ფარგლებში მიღებული პირველი გადაწყვეტილების თანახმად, ავსტრალიისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობისათვის საჭირო ტექნოლოგიები, თუმცა ბირთვულ იარაღს იგი ვერ მიიღებს. ამით ავსტრალია გახდება მსოფლიოში მე-7 სახელმწიფო, რომელსაც ბირთვული წყალქვეშა ფლოტი ეყოლება. დღეისათვის აშშ-ს 68 ბირთვული წყალქვეშა ნავი ჰყავს, რუსეთს - 29, ჩინეთს - 12, ბრიტანეთს - 11, საფრანგეთს - 8 და ინდოეთს - 1.

ოფიციალური პარიზი მიიჩნევს, რომ ავსტრალიისათვის ბირთვული წყალქვეშა ნავების მშენებლობის ტექნოლოგიის მიცემა გაუმართლებელია. თუმცა, საფრანგეთს უკმაყოფილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს - ავსტრალიას ფრანგულ კონცერნ „ნავალ გრუპთან" 12 წყალქვეშა ნავის მშენებლობაზე 36.5 მილიარდი დოლარის კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, თუმცა „აუკუს"-ის შექმნის შემდეგ ეს კონტრაქტი გააუქმა, რადგანაც ახლა წყალქვეშა ნავების მშენებლობას თავად აპირებს აშშ-სა და ბრიტანეთის დახმარებით.

ამის საპასუხოდ ფრანგებმა ავსტრალიიდან და აშშ-დან ელჩები გაიწვიეს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნული ვითარება საფრანგეთისთვის ზურგში დანის ჩარტყმას შეადარა.

„ეს გადაწყვეტილება მართლაც ზურგში დანის ჩარტყმაა, ჩვენ იმედს ვამყარებდით ავსტრალიაზე, თუმცა მათ უღალატეს ამ ნდობას. მე გაბრაზებული ვარ დღეს იმ ხელშეკრულების დარღვევის გამო, რომელიც ჩვენსა და ავსტრალიას შორის არსებობდა. ორწლიანი მოლაპარაკებები მიდიოდა ამ კონტრაქტზე", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჟან-ივ ლე დრიანის კრიტიკას მალევე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მან განაცხადა, რომ „აუკუს"-ის პაქტის შესახებ საფრანგეთი ინფორმირებული იყო.

„ეს პარტნიორობა ავსტრალიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან ერთგვარი ნიშანია, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ჩვენ მივესალმებით ევროპის ქვეყნებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინდო-წყნარ ოკეანეში და ველით ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობას. კერძოდ, საფრანგეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომ ეს და სხვა მრავალი საკითხი სწორად გადავწყვიტოთ", - განაცხადა ბლინკენმა.

უსაფრთხოების ახალი პაქტი გააკრიტიკა ჩინეთმაც. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, ახალი გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

,,აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის თანამშრომლობა და ავსტრალიაში ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგება რეგიონში მშვიდობას და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო ძალისხმევას, რომ არ გავრცელებულიყო ბირთვული იარაღი. ეს უაღრესად უპასუხისმგებლო განცხადებაა", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჯაო ლიძიანმა.

თუ როგორ აისახება ეს უთანხმოება გლობალურ პროცესებზე და მათ შორის კი ნატოს შიგნით ურთიერთობებზე, „რეზონანსს" პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია ესაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთი ნატოს დაარსების დღიდან საკუთარი, სტრატეგიულად მომგებიანი პოზიციის შექმნას ცდილობდა და აშშ-ს აქამდეც ხშირად აკრიტიკებდა, ხოლო კონკრეტულად „აუკუს"-ის შეთანხმებით გამოწვეულ უთანხმოებას იგი ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

„ნატოს დაარსების დღიდან საფრანგეთი ცოტა არ იყოს ჭირვეული პარტნიორი იყო და ყოველთვის ცდილობდა გარკვეული წინააღმდეგობა გაეწია ნატოში აშშ-თვის. საფრანგეთი ყოველთვის ცდილობდა ჰქონოდა გარკვეული სტრატეგიული ავტონომია ნატოს შიგნითაც კი.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე აქ უფრო ფინანსურ და პოლიტიკურ აქცენტებზე გავამახვილებ ყურადღებას. შეერთებული შტატები რეალურად თავისი გადაწყვეტილებით გლობალურ უსაფრთხოებას მოიაზრებს, ამ შემთხვევაში, სერიოზულ მეტოქედ მიიჩნევს ჩინეთს და სწორედ ჩინეთის პოლიტიკის შეკავების ნაწილია ესეც.

„აქამდეც იყო დაანონსებული, რომ შეიქმნება რეგიონალური ალიანსები, რომლებიც შეაკავებს ჩინეთს. რაც შეეხება ფრანგების წუხილს, ფაქტია, რომ ისინი განიცდიან დიდ ფინანსურ დანაკარგს და ამის შემდეგ რეალურად ავსტრალიას ის ამ მიმართულებით დასახმარებლად აღარ დასჭირდება. ასევე მათი განცხადება, რომ არ იყვნენ საქმის კურსში და მათგან დამოუკიდებლად მოხდა ყველაფერი, რასაკვირველია, გამოიწვევს ფრანგულ-ამერიკულ ურთიერთობებში უხერხულობებს, თუმცა ვფიქრობ, საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი იქნება ამ შემთხვევაში", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან" საუბრისას.

საკითხზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს რუსეთმა აღნიშნული დაძაბულობით, კაკაჩია ფიქრობს, რომ ერთადერთი სარგებელი რუსეთისთვის იქნება შესაძლო განხეთქილებისაგან სიამოვნების მიღება.

„რუსეთმა არ მგონია დიდი სარგებელი მიიღოს, ერთადერთი თუ დაიძაბება ურთიერთობები გლობალური მასშტაბით, ამით შეიძლება სიამოვნება მიიღოს და ამან ხელი შეუწყოს რუსეთის ინტერესებს. უფრო მეტად კი ჩინეთს ეხება ეს ყველაფერი," - ამბობს კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარის და ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორის, თენგიზ ფხალაძის თქმით კი, არსებულ შეთანხმებაზე განსხვავებული აზრების მიუხედავად, ეს არის ახალი ინიციატივა და არა კონფლიქტის დაწყების წყარო.

„მართალია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიის ახლანდელი შეთანხმება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ფარგლებს სცილდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ შეთანხმების 2 ქვეყანა - აშშ და დიდი ბრიტანეთი, ნატოს დამფუძნებელი და გამორჩეულად ანგარიშგასაწევი წევრებია, ხოლო ავსტრალია ნატოს პარტნიორთა შორის გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ქვეყანაა.

„ამიტომაც, ამ შემთხვევაში, ნატოსთან კონკურენციაზე კი არა, ალიანსისა და მისი პარტნიორების ძალისხმევის გაერთიანებაზე უნდა ვისაუბროთ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელთა სივრცითი განზომილებაც სცილდება ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის არეალს და ყველა პარტნიორის ძალისხმევის გაერთიანებას მოითხოვს.

„არსებულ შეთანხმებაზე დღევანდელი შეფასებების განსხვავებულობის მიუხედავად, ახალ ინიციატივას შესაძლებლობად უფრო განვიხილავდი, ვიდრე „განხეთქილების ვაშლად,"- ამბობს ფხალაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პოზიცია ამ შემთხვევაში უფრო ჩინეთის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.

„ვფიქრობ, რუსეთის პოზიცია სიურპრიზი არავისთვის იქნება. ამ შემთხვევაში კრემლის ლოგიკა მარტივია - თუ სადღაც ძლიერდება ნატო, მოსკოვი მხარს დაუჭერს ანტინატოს, თუკი ჩინეთი აშშ-ის კონკურენტად ან მოწინააღმდეგედ განიხილება, რუსეთი ჩინეთისკენ გადაიხრება,"- ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ერთობლივი უსაფრთხოების პაქტის შესახებ განცხადება ამ ქვეყნების ლიდერებმა 16 სექტემბერს გაავრცელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×