თამთა ჩაჩანიძე
23.09.2021

რუსეთი ანექსირებული ყირიმის სანაპიროზე სამხედრო წვრთნებს მართავს, სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს დაუგეგმავი წვრთნებია რომელიც რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული - ერთი მიზეზი თურქეთის მიერ ანქესირებული ყირიმის არაღიარებაა, ხოლო მეორე კი დუმის არჩევნებში პუტინის პარტიის ფიასკო.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის წვრთნები უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მანევრებს ემთხვევა, რომელშიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები მონაწილეობენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სწავლების ფარგლებში რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ზღვაში სამიზნეების აღმოჩენასა და განადგურებაში გაივლის წვრთნას. მანევრებისას კი გამოყენებულია რუსული სარაკეტო კომპლექსი „ბასტიონი", რომელსაც ზღვაში 350 კილომეტრის სიშორეზე მდებარე სამიზნის განადგურება შეუძლია.

როგორც მაისაია ამბობს, რუსეთის მიერ დაწყებული დაუგეგმავი სამხედრო წვრთნები ესაა პირდაპირი სამხედრო მუქარა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ირიბად თურქეთის მიმართაც.

„ეს 22-ე საარმიო კორპუსისა და მერვე არმიის ერთობლივი დაუგეგმავი წვრთნებია, რომელიც უკვე უკრაინის მიმართ მუშტის მოღერებაა. 22-ე საარმიო კორპუსი არის ოკუპირებული ყირიმის დამცველი ძალა, მასში გაერთიანებულია შავი ზღვის ფლოტის შენაერთები, იქ არსებული სანაპირო დაცვის სახმელეთო და სხვა ტიპის შენაერთები. ესაა პირდაპირ სამხედრო მუქარა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ თურქეთის მიმართულებითაც, რადგან სირიაში თურქეთსა და რუსეთს შორის სიტუაცია იძაბება, ერდოღანის მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე უარი თქმამ პუტინის გაღიზიანება გამოიწვია და ახლა უკვე პუტინი-ერდოღანის შეხვედრა იგეგმება.

„ეს ფაქტიურად ლატენტური ომია და ნებისმიერ დროს შესაძლოა ფართომასშტაბიან აგრესიაში გადაიზარდოს. პუტინს ახლა საქმე სერიოზულად აქვს, რადგან არჩევნებში მისმა „ერთიანმა რუსეთმა" სრული ფიასკო განიცადა, ანუ პუტინი ახლა შეშინებულია და იზოლაციაში გადავიდა, რადგან სახელმწიფო გადატრიალების ეშინია. მას ურთიერთობა დაეძაბა „სილოვიკების" დაჯგუფებასთან და ეშინია, რომ მოწამლონ ან მოკლან.

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მასობრივად გააყალბეს, კომუნისტურმა პარტიამ სერიოზული ძალა გაიყვანა, ასევე გამოვიდა ახალი პოლიტიკური პარტია, ოპოზიციურმა ძალებმა საკმაოდ სერიოზული წარმატება მოიპოვეს და ახლა შეშინებული პუტინი, როცა მის პოლიტიკურ ძალას პოზიციები შეერყა, შეიძლება წავიდეს გარე იერიშზე. ის ამ ტაქტიკით 20 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ხელისუფლებას," - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×