რეზონანსი
18.01.2023

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია, სადაც ერდოღანის მმართველი პარტია AKP-ის ერთ-ერთმა დეპუტატმა ქურთებისა და გიულენის მოძრაობის წევრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებით აგიტაცია ჩაატარა.

შეხვედრაზე განხილვის საგანი იყო თურქი პოლიტიკოსების მიერ გერმანიაში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის დეტალები. „ნეუსში თურქი პარლამენტის წევრის მსგავსი გამოსვლები არ უნდა განმეორდეს, სიძულვილსა და სიძულვილის ენას გერმანიაში არ დავუშვებთ," - წერს ბერბოკი ტვიტერზე.

მაn „მტკიცედ" შეახსენა თურქულ მხარეს, რომ უცხო სახელმწიფოთა საარჩევნო კამპანიის ღონისძიებები შეთანხმებულ უნდა იყოს გერმანულ მხარესთან, ხოლო „თუკი თურქეთის წარმომადგენლები არ დაიცავენ თამაშის წესებს, ჩვენი რეაგირება იქნება შესაბამისი."

კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მმართველი პარტია AKP-ის დეპუტატი მუსტაფა აჩიქგიოზი 13 იანვარს სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მდებარე იუნუს ემრეს მეჩეთში, რომელიც თურქული ულტრანაციონალისტური ორგანიზაცია „რუხი მგლების" ქსელის ნაწილია, და დამსწრეებს მოუწოდა ქურთების განადგურებისკენ, რომლებსაც ის მოიხსენიებს როგორც „ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტებს". ასევე, მან დევნილი რელიგიური მოღვაწის ფეთჰულა გიულენის მოძრაობის მხარდამჭერების დევნისკენ და განადგურებისკენ მოუწოდა მეჩეთში მყოფ საზოგადოებას.

„როგორც თურქეთში ცხოვრების უფლებას არ მივცემთ მათ, ასევე არც გერმანიაში მივცემთ არსებობის უფლებას", - განაცხადა დეპუტატმა. „ეს ორი ჯგუფი ძალიან საშიშია. ერთი არის ქურთების ტერორისტული ორგანიზაცია - რელიგიის უღმერთო მტრები. მეორე კი „ფეტო" - საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელსაც სურს მუსლიმური რწმენის შეცვლა, დამახინჯება და გაქრისტიანება. თქვენ უნდა იყოთ ფხიზლად."

გამოსვლის ვიდეო ტვიტერის საშუალებითაც გავრცელდა. ამის შესახებ პირველი ინფორმაცია „ფრანკფურტერ რუნდშაუმ" გამოაქვეყნა.

გერმანიაში დაახლოებით 1,4 მილიონი თურქი ცხოვრობს, რომლებსაც ასევე აქვთ თურქეთში ხმის მიცემის უფლება. ბოლოს გერმანიაში თურქი პოლიტიკოსების მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ დისკუსიები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ გაიმართა. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა გააუქმა საარჩევნო კამპანიები, ძირითადად უსაფრთხოების შეხედულებებიდან გამომდინარე.

18 ივნისს თურქეთში პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნები ერთდროულად ტარდება. სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სურს ბოლოჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტობაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×