ნაზი ბერიძე
06.04.2023

„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ",-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა. რა მიზნით იმყოფებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და ემანუელ მაკრონი ოფიციალურ პეკინში - „რეზონანსს" ვიზიტის მთავარ გზავნილებზე, ანალიტიკოსები ნიკა ჩიტაძე და თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.

ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთი გავლენიანი სახელმწიფოა, და მას მართლაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, დარტყმა მიაყენა სტაბილურობას.

„ვიცი შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება"-აღნიშნა მაკრონმა.

როგორც ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე განმარტავს, მაკრონისა და ფონ დერ ლაიენის ვიზიტი პეკინში განაპირობებს იმას, რომ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩინეთმა ევროკავშირი და ამერიკა რუსეთთით ვერ ჩაანაცვლოს და ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო ეკონომიკურ გამოფიტვას, რაც თავისთავად განაპირობებს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას.

„ამ შემთხვევაში, მაკრონის მიზანი არის ბუნებრივია, როგორმე გაიზარდოს ევროკავშირის როლი თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომის პრობლემის მოგვარების საქმეში და აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ჩინეთი თავის მხრივ უფრო მეტად არის ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარებით დაინტერესებული, ვიდრე ვთქვათ რუსეთთან. მე ვგულისხმობ ეკონომიკურ თანამშრომლობას, იმიტომ რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა 500 მილიარდ ევროს, ხოლო რუსეთსა და ჩინეთს შორის დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ბუნებრივია, რომ არაფერი ვთქვათ, ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობებზე, ეს თითქმის 700 მილიარდ დოლარს აღწევს 2022 წლის მონაცემებით. შესაბამისად ჩინეთი, იგივე ევროკავშირზე, ამერიკაზე და მთლიანად დემოკრატიულ დასავლეთზე, გაცილებით მეტად არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩინეთის საგარაეო ვაჭრობის დაახლოებით 45% მოდის ამერიკასა და ევროკავშირზე, რუსეთზე მხოლოდ 3%.

„ბუნებრივია აქედან გამომდინარე, ევროკავშირს გააჩნია მნიშვნელოვანი ბერკეტი, გარკვეულწილად ზემოქმედება მოახდინოს ჩინეთზე და დააბალანსოს ჩინეთის პოლიტიკა, როდესაც ჩინეთი თითქოს ცდილობს რუსეთთან დაახლოებას.

„რაც შეეხება ჩინეთის შუამავლის როლს უკრაინის ომში, მე მინდა გითხრათ რომ ჩინეთი ცდილობს საკუთარი საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებას. რომ მან ითამაშოს შუამავლის როლი და ჩაანაცვლოს თურქეთი. ჩვენ ვიცით რომ მანამდე თურქეთი იყო ინიციატორი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების. ამ დროს ჩინეთი, ოფიციალური პეკინი, კარგად აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ჩინეთი იმდენად ვერ მოახდენს გავლენას რუსეთზე, როგორც უშუალოდ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შემოღებულია რუსეთის წინააღმდეგ.

„აქედან გამომდინარე, როდესაც რუსეთის თუნდაც სამხედრო, თუნდაც ეკონომიკური რესურსები გამოიფიტება, ამ შემთხვევაში უფრო მეტი წინაპირობა იქნება იმისა, რომ ომი დასრულდეს. ფაქტია რომ ჩინეთი დასავლეთს ვერ ანაცვლებს რუსეთის საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში, ჩინეთი არ შეისყიდის იმავე მოცულობის ბუნებრივ აირს, რასაც შეისყიდდა ევროკაშირი 2022 წლის 24 თებერვლამდე.

„ყოველწლიურად რუსეთი 400 მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებდა ევროკავშირში გაზის ექსპორტის შედეგად. მთავარი და გადამწყვეტი იქნება ომის შეჩერებაში, რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო გამოფიტვა.

„პრინციპში, ევროკავშირის და საფრანგეთის ლიდერების ვიზიტი ჩინეთში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საფრანგეთი არის ევროკავშირის ერთერთი წამყვანი სახელმწიფო, პლუს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ერთერთი მაღალჩინოსანია.

„ამ შეხვედრის შედეგად ჩინეთმა ევროკავშირის და ამერიკის მიმართ ინტერესი უფრო მაღლა უნდა დააყენოს, შესაბამისად, მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩინეთზე. არანაირ შეიარაღებას არ მიაწვდის ჩინეთი რუსეთს, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან განსხვავებით.-განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსს" ეუბნება , რომ ჩინეთმა შეიძლება მედიატორის როლი ვერ ითამაშოს უკრაინასა და რუსეთშს შორის, მაგრამ, როგორც რუსეთთან თბილ ურთიერთობებში მყოფ და ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია გავლენა მოახდინოს რუსეთზე, და აგრძნობინოს რომ მისი პოლიტიკა არასწორია. სწორედ ამას ემსახურებოდა ევროპელი ლიდერების ვიზიტი ოფიციალურ პეკინში.

„ჩინეთის მედიატორობაზე საუბარი ალბათ გადაჭარბებულია, მედიატორს ირჩევს მხარეები, ამ შემთხვევაში, უნდა აირჩიოს უკრაინამ და უნდა აირჩიოს რუსეთმა, არჩევანი არ გაკეთებულა.

რაც შეეხება, ჩინეთის როლს, ჩინეთს აქვს დიდი როლი რადგან ეს არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს დიდი ზეგავლენა რუსეთზე. სი ძინპინის ბოლო ვიზიტი მოსკოვში ძალიან ნათელი გამოხატულება იყო თუ რამდენად გაძლიერდა მისი პოზიციები რუსეთში, და აღსანიშნავია ის სიფრთხილეც, რომელიც ჩინეთის ლიდერმა ამ ვიზიტის დროს გამოიჩინა, მიუხედავად იმ განცხადებებისა რომელსაც რუსული მხარე აკეთებდა, და იმ მოლოდინებისა, მან თავი შეიკავა, გარკვეული ნაბიჯებისაგან მათ შორის ახალი გაზსადენის კონტრაქტისაგან, რაც ზოგადად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის.

„იმის თქმა მინდა, რომ ჩინეთი არის სახელმწიფო,რომელსაც შეუძლია გავლენის მოხდენა, და იმისათვის რომ ეს გავლენა მოახდინოს და ეს გავლენა ემსახურებოდეს უკრაინის დეოკუპაციას, ამაზე სალაპარაკოდ იყო ჩასული პეკინში ფონ დერ ლაიენიც და მაკრონიც.

„რა შედეგებს გამოიღებს, ძნელია ახლა ამის თქმა. მაგრამ მთავარი არის ის, რომ რუსეთმა არამარტო დასავლეთის ქვეყნებიდან იგრძნოს რომ მისი პოლიტიკა მიუღებელია, არამედ, იმ ქვეყნების მხრიდანაც, რომლებთანაც მას უფრო თბილი ურთიერთობები აქვს. მათ შორის არის ჩინეთი. იმიტომ რომ რუსეთი, დგევანდელ დღეს მხოლოდ დასავლეთს კი არ ებრძვის,

„რუსეთი არღვევს იმ საერთაშორისო წესრიგს რომელიც მოქმედებს ყველაზე, მათ შორის ჩინეთზე. ამიტომ ჩინეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, შეუძლია ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს ამ პროცესში-განაცხადა" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×