თამთა ჩაჩანიძე
09.04.2023

უკრაინის ფორნტზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ შედარებით იკლო და როგორც რუსული ისე, უკრაინული მხარე თავდაცვას აძლიერებს. ამას სააღდგომო დღეები დაემთხვა და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს შედარებითი სიმშვიდე მოწინააღმდეგეების არაოფიციალურ სააღდგომო დაზავებას უკავშრდება, თუმცა დასძენენ, რომ ვლადიმირ პუტინის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება და რუსებისგან „სიურპირზები" მაინც მოსალოდნელია.

ბახმუტში კი კვლავ სისხლისმღვრელი ბრძოლებია და როგორც სამხედრო სპეციალისტები აცხადებენ, რუსული „ვაგნერი" ნელა, მაგრამ მაინც წინ მიიწევს. მათ ქალაქში სტადიონი „ავანგარდი" და კიდევ რამდენიმე ცენტრალური შენობა აიღეს. ამჟამად ბრძოლები ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურთანაა. დანაკარგები დიდია და დაღუპულთა შორის უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისეებიც არიან.

პარალელურად ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელები ბელარუსისა და რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს ნაღმავენ და სხვადასხვა ტიპის თავდაცვით ზღუდეებს ქმნიან. სამხედრო ანალიტიკისოები ამას ლოგიკურად მიიჩნევენ, რადგანაც, მათი შეფასებით, ამინდის გაუმჯობესების შემდეგ მასშტაბური შეტევის დაწყება როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარისგანაა მოსალოდნელი.

რატომ აძლიერებს უკრაინა თავდაცვას

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსები დიდი თავდაცვისთვის ემზადებიან და დაჩქარებული ტემპით განსაკუთრებით ყირიმში სანგრების და ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების მთელ ქსელს ქმნიან, რომელთა სიგრძე ზოგან 900 მეტრიც კია.

ამის პარალელურად უკრაინული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების გასაძლიერებლად მუშაობენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, გასულ კვირაში, უკრაინის საინჟინრო ქვედანაყოფებმა რამდენიმე ათეული დანაღმული ველი მოაწყო, რისთვისაც 6 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გამოიყენა.

„ბელარუსისა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საინჟინრო დაბრკოლებების გაფართოება მიმდინარეობს. ხორციელდება ტანკსაწინააღმდეგო დანაღმული ველების მოწყობა ტანკებისთვის მისადგომ ადგილებსა და მარშრუტებზე, რომელიც, შესაძლოა, მტერმა ჩვენს ტერიტორიაზე ღრმად შემოსაჭრელად გამოიყენოს", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა.

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ბელარუსსა და რუსეთის საზღვრის გასწვრივ უკრაინამ ნებისმიერ ვარიანტში უნდა გააძლიეროს თავდაცვა.

„ძნელი სათქმელია უკრაინას რა მონაცემები აქვს. ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში, ბელარუსისა და რუსეთის მიმართულებაზე თავდაცვის ხაზები უნდა გააძლიეროს.

„უშუალოდ ეს მოქმედებები რას უკავშირდება არ ვიცი, თუმცა შესაძლოა რუსების ამ მიმართულებაზე გააქტიურების ინფორმაცია აქვთ, ან ბელარუსიდან რაღაც საფრთხეს ელოდებიან. ნებისმიერ შემთხვევაში მათ საზღვარი და სასაზღვრო მიმართულება უნდა გააძლიერონ, რომელიც რუსეთსა და ბელარუსის უკავშირდება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიიდან საფრთხე განსაკუთრებით 2 აპრილის შემდეგ წამოვიდა, რაც რუსეთ-ბელარუსის განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა.

„შეტევისთვის ემზადება არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მათ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიებიდან შეუტიონ. ახლა უკვე ეს საფრთხე რეალურია. ადრე ასე არ იყო, მაგრამ საფრთხე რეალური მას შემდეგ გახდა, რაც ლუკაშენკომ რუსეთთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე დოკუმენტს ხელი მოაწერა. აპრილის დასაწყისში ფაქტიურად მორიგი საკავშირო მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. ბელარუსი-რუსეთის ერთგვარი კონფედერაციის შექმნაზეცაა საუბარი. პლუს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაც ამ ყველაფერს ერთ კონტექსტში ალაგებს. ამიტომ უკრაინელები ამ გარემოებასაც ითვალისწინებენ და შესაბამისად ემზადებიან.

„თან პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალებს კონკრეტული ამოცანა და გეოსტრატეგიული მისია განუსაზღვრა. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მაქსიმალურად იმ ტერიტორიებამდე გადასწიონ, რომ მათი რაკეტები ოკუპირებულ დონბასის და რუსეთის ტერიტორიებს ვერ მისწვდნენ. ფაქტიურად ის ვარაუდი,რომ რუსეთის ინტერესებში დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დაკავება იყო (დნეპრი-ოდესა-ნიკოლაევი-ხარკოვი), ეს ფაქტიურად დადასტურდა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

რა ხდება ფრონტზე და იქნება თუ არა სააღდგომო ზავი

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ პუტინისგან „სიურპრიზები" აღდგომის დღეებშიც იყოს. ცხელი წერტილები კი ახლა ავდიივკა, ბახმუტი და სვიატოვოა.

„პუტინი რას იზამს, ეს არავინ იცის. ჯერჯერობით არავითარი ნიშანი არ ჩანს, რომ რაღაც ზავზე იყოს საუბარი. როგორც მახსოვს, შობაზე ეს არ გამოვიდა. ახლა როგორ იქნება, არ ვიცი. წესით და რიგით რაღაც შეიძლება განისაზღვროს, სააღდგომო დღეებია და შესაძლებელია ცეცხლის შეწყვეტის რაღაც მინიმალური დღეები გამოიყოს, თუმცა ამაზეც ეჭვი მეპარება.

„ცხელი წერტილები ავდივკა, ბახმუტი და ჩრდილოეთისკენ სვიატოვოა. სვიატოვო რუსებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იქ ძალიან ბევრი მიმართულება იშლება, მაგრამ ამ მომენტისთვის ძირითადი დაწოლა მაინც ავდიივკა-ბახმუტია.

„ბახმუტში „ვაგნერმა" სტადიონი „ავანგარდი" და კიდევ რამოდენიმე ცენტრალური შენობა აიღო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრძოლა ქალაქის მთავარ სარკინიგზო სადგურთანაა და „ვაგნერი" ნელა, მაგრამ თანდათან წინ მიიწევს და გარკვეულ ტერიტორიებს იკავებს", -განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრონტზე სიჩუმე სააღდგომო დაზავებას არ უკავშირდება, ცხელი წერტილი კი კვლავ ბახმუტია.

„ბახმუტი, ავდიივკა, მარიინკისა და უგლედარის მიმართულებით რუსეთი შეტევას აგრძელებს, რათა სლავიანსკი-კრამატორსკისა და ჩასივ იარის მესამე თავდაცვის ზღუდეზე გავიდნენ.

„არ მგონია, რომ ეს სიჩუმე სააღდგომო დაზავებას უკავშირდებოდეს. უბრალოდ, რუსული მხარე უკრაინის საკმაოდ მასირებულ შეტევას მოელის და ამის გამო რუსები პასიურ თავდაცვით სტრატეგიაზე გადავიდნენ. აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს მხოლოდ დონეცკში ახორციელებენ. ცდილობენ, რომ უკრაინის მთავარი დარტყმის მიმართულება გათვალონ და მერე უკვე მოემზადნენ ისე, რომ კონტრშეტევაზე თავად გადავიდნენ.

„თუმცაღა რუსებისგან სააღდგომო დღეებში „სიურპრიზები" მოსალოდნელია. უკრაინას რაც შეეხება, გასაგები მიზეზების გამო, ამ დღეებში დიდი კონტრშეტევა მოსალოდნელი არაა. ყოველ შემთხვევაში კლიმატური პირობები ამის საშუალებას არ იძლევა. ამასთან, დანარჩენი ფორმირებების ჩასვლა და ასევე დასავლეთის შეიარაღების გადასროლა კვლავ გრძელდება, რაც ფარულად ხდება და ეს ლოგიკურიცაა.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ სააღდგომო დღეებში ფრონტზე შედარებით პასიურობა იყოს, თუმცა ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლებია.

„ბახმუტში მძიმე ბრძოლებია, „ვაგნერი" წინ მიიწევს, სამწუხაროდ ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩვენი დანაკარგებიც დიდია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×