ნაზი ბერიძე
28.04.2023

დიდი საგაზაფხულო კონტრშეტევის წინ უკრაინა ისევ გამალებით ითხოვს სტრატეგიული დანიშნულების იარაღს, რათა ბრძოლის ველზე გარდატეხა შეიტანოს. განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა ამერიკულ ავიაგამანადგურებლებზე, კონკრეტულად კი ეფ-16-ზე. კიევში მიაჩნიათ, რომ ის 4-5-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მათ განკარგულებაში არსებული საბჭოთა ანალოგები.

მართალია, ამერიკა ჯერ-ჯერობით უარზეა, თუმცა არც ამ სცენარს გამორიცხავს, რაზეც ის გარემოებაც მეტყველებს, რომ უკვე იგეგმება ორი უკრაინელი მფრინავის მომზადება ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების სამართავად.

საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინისთვის ეფ-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად ესკალაციის პროვოცირებისა. „ეფ-16"-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ამ ნაბიჯის გადადგმის დროა," - წერს კულება ტვიტერზე.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ეფ-16-ის მრავალფუნქციონერულობაზე საუბრობს, თუმცა ფიქრობს, რომ ომში ერთი რომელიმე იარაღი გარდატეხას ვერ შეიტანს.

ამავე დროს, მედიის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა მაღალი შეფასება მისცა ორი უკრაინელი მფრინავის უნარებს, რომლებიც შესაძლოა ეფ-16-ის გამოყენებას დაეუფლონ. უკრაინული საჰაერო ძალების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მეთაურმა, სერხი ჰოლუბცოვმა თქვა, რომ ორმა უკრაინელმა მფრინავმა გაიარა ტესტირება აშშ-ში მათი უნარების შესაფასებლად, რაც, წარმატებული იყო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სწავლების დროის მნიშვნელოვანი შემცირება.

უკრაინის საჰაერო ძალებმა, არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ თანამედროვე მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლები, როგორიცაა ეფ-16, რათა მოიპოვონ საჰაერო უპირატესობა რუსებზე. თუმცა, ამერიკამ ამ ეტაპზე გამორიცხა ეფ-16-ების გაგზავნა უკრაინაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, მიკოლა ოლეშჩუკმა, მოუწოდა ნატოს, შექმნას „საავიაციო კოალიცია" და უკრაინას მიაწოდოს თანამედროვე მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებლები, რომლებსაც შეუძლიათ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა. „ეფ-16 დონორთა" ნებისმიერი კოალიცია, სავარაუდოდ, დამოკიდებული იქნება ამერიკის მხარდაჭერაზე.

ოთხშაბათს პოლონეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, ვარშავა წამყვან როლს შეასრულებს ასეთი კოალიციის ჩამოყალიბებაში.

ნატოს წევრებმა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს მიგ-29 გამანადგურებლების გადაცემა უკრაინისთვის, რადგან კიევი ემზადება კონტრშეტევისთვის.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების ერთერთმა სარდალმა, ჰოლუბცოვმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოური მიგ-29 ავიაგამანადგურებლები გადაცემა იყო „მნიშვნელოვანი ნაბიჯი", თვითმფრინავები სრულად არ აკმაყოფილებდნენ უკრაინის ბრძოლის ველზე მოთხოვნებს და ეფ-16 აღწერა, როგორც 4-5-ჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე საბჭოთა ეპოქის დროინდელი თვითმფრინავები.

„ეფ-16 არის გამანადგურებელი, მრავალფუნქციური თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს ამოცანების მთელი სპექტრი. მიგ-29, სამწუხაროდ, გასული საუკუნის თვითმფრინავია", - განაცხადა მან ეროვნული ტელეარხის ტელეეთერში.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ეფ 16-ის უპირატესობებსა და თანამედროვე მოდიფიკაციაზე საუბრობს, თუმცა მიაჩნია, რომ ის ომში გადამწყვეტი ვერ იქნება.

„როგორც პენტაგონში აცხადებენ, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდალმა კონგრესმენებთან მოხსენების დროს ხაზი გაუსვა, რომ ეფ-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის თემა რიგით მერვეა, მანამდე დგას უფრო საჭირო შეირაღება, მათ შორის ჯავშანტექნიკა, ჭურვები, და სხვა იარაღის. სხვა თემები განიხილება და ამაზეა მთელი ყურადღება გადატანილი. ასე რომ, საბრძოლო ავიაციის გადაცემა ამერიკის მხრიდან უკრაინისთვის ამ ეტაპზე არ იგეგმება. თუმცა შეიარაღების არცერთ კონკრეტულ სახეობას არ შეუძლია რაღაც გადამწყვეტი შეიტანოს ომში, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის ბირთვული იარაღი.

„ნებისმიერი თანამედროვე ტანკი თუ თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, უპირატესობას იძლევა, მაგრამ ეს არ არის პანაცეა. თუ ამ თვითმფრინავის თანამედროვე მოდიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ეს უკვე არის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომელიც აღჭურვილია „ჰაერი-ჰაერი", „ჰაერი-მიწა" და „ჰაერი-ხომალდი" ტიპის მართვადი რაკეტებით. ანუ, შეუძლია ზუსტი დარტყმით დააზიანოს სამიზნეები როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე და ზღვაზე," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×