ნაზი ბერიძე
01.05.2023

რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა. გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" რუსეთის ტერიტორიაზე აფეთქებების მოხშირებას პროგნოზირებს და ფიქრობს რომ უკეთესიც იქნება თუ რუსეთს უკრაინული მხარე აჯობებს.

„უნიჩას რაიონში, ბრიანსკ-უნეჩას რკინიგზის 136-ე კილომეტრზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, მსხვერპლი არ არის"-დაწერა ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა „ტელეგრამის" არხზე. მისივე თქმით, რელსებიდან 7 ვაგონი გადავიდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ადგილზე ოპერატიული სამსახურები და ქალაქის სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. შედეგების აღმოსაფხვრელად სამუშაოების კოორდინაციის მიზნით „რუსეთის რკინიგზამ" ოპერატიული შტაბი შექმნა.

გასულ კვირასაც აფეთქებები უხვად იყო რუსეთის გარკვეულ ტერიტორიებზე.

ბელგოროდის მახლობლად, სოფელ ნელისდოვკასთან ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალის საცავს. აფეთქებები ისმოდა კურსკსა და ვორონეჟში. რის შესახებაც ოლქის გუბერნატორმა ვიაჩისლავ გლადოვმა ტელეგრამში დაწერა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ძლიერი აალების ამსახველი ვიდეო მასალა.

27 აპრილს გამთენიისას აფეთქების ხმები გაიგონეს კურსკის მაცხოვრებლებმაც. ოლქის გუბერნატორის რომან სტაროვოიტის ინფორმაციით, საჰაერო იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაგრამ, ეს იყო სიგნალი იმისა, რომ კურსკსა და უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში მოქმედებს ტერორისტული საფრთხის „ყვითელი"დონე, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება „უკრაინის მხარის შესაძლო პროვოკაციებით" ხსნის.

ორი აფეთქება მოხდა ვორონეჟშიც. უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 200 კილომეტრში.

21 აპრილს ქალაქ ტვერში თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

12 აპრილს ბელგოროდთან სარკინიგზო ლიანდაგი დაზიანდა, რამაც შეაფერხა რუსეთის არმიის ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო დანადგარების გადატანა.

1 აპრილს ბელგოროდში ნავთობის საცავზე განხორციელდა ავიაიერიში, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ამა თუ იმ ქვეყანას, ხალხს ან ქალაქს, რომელიც ადამიანების მასობრივ მკვლელობაში მონაწილეობს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ არ დაისჯება.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე რუსეთში აფეთქებებზე, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს უფრო უკრაინული სპეცსამსახურების ქმედებებია და მიმდინარეობს ომი გამოფიტვაზე. ეს არ იქნება გადამწყვეტი დაპირისპირებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია.

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ერთეული, აქ დიდი ალბათობით უკრაინის სპეცსამსახურებიც ალბათ არიან ჩართული. ახლა მოგეხსენებათ რაოდენობის მხრივ და შესაძლებლობების მხრივ აქვს უკრაინას იმის საშუალება რომ რუსეთის ტერიტორიაზეც მოძებნოს მხარდამჭერი, ან თავისთვის საჭირო ხალხი. შეუშვას იქ ისე, რომ იქ განსხვავება არ არის გარეგნულად და რუსულ ენაზე საუბარი უკრაინელებს არ უჭირთ.

„ასე რომ, სადივერსიო მოქმედებებისთვის საკმაოდ კარგი პირობებია რუსეთის ტერტორიაზე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ მის მასშტაბებს და ტერიტორიის ზომებს.

„ძალიანაც კარგია თუ აქვთ უკრაინის სპეცსამსახურებს იმის შესაძლებლობები, რომ განახორციელონ მსგავსი ქმედებები. ვინაიდან ომი არის გამოფიტვაზე, ხანგრძლივი გრძელვადიანი და არ არის გამორიცხული, მსგავსი მოქმედებები.

„ეს ქმედებები შემაწუხებელი ნამდვილად იქნება რუსეთისთვის, ეს იქნება ფსიქოლოგიური ზემოქმედება განსაკუთრებით რუსეთის მოსახლეობაზე და განხორციელდება შეფერხებები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. მიწოდებები, ლოჯისტიკის ხაზები და ა.შ.

„ეს არის ომი გამოფიტვაზე, ვის უფრო მეტი რესურსი ექნება საომარი მოქმედებების წარმოებაზე შესაბამისად, მსგავსი მოქმედებები გარკვეულწილად იმოქმედებენ ომის ვითარებაზე, ეს არ არის გადამწყვეტი, მაგრამ საყურადღებო ფაქტია"-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×