ნაზი ბერიძე
02.05.2023

14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამოკითხვების მიხედვით, გადამწყბეტი უპირატესობა არცერთ კანდიდატს არ აქვს. სპეციალისტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ მეორე ტურის გამართვა იქნება საჭირო. ამასთან, გამორიცხული არ არის არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილებაც. რა შეიცვლება ასეთ შემთხვევაში ზოგადად რეგიონში და კონკრეტულად საქართველოსთვის? ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ თურქეთის პოლიტიკური კურსი ერთმნიშვნელოვნად იგივე დარჩება და თურქეთი ყოველთვის საქართველოს მეგობარი ქვეყანა იქნება.

არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს 3 კანდიდატი უპირისპირდება: თურქეთის პარლამენტის წევრი და „რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, პარტია „მემლეკეტის" („სამშობლო") ლიდერი მუჰარემ ინჯე და თურქეთის პარლამენტის ყოფილი წევრი სინან ოგანი.

აქედან წარმატების ყველაზე დიდი შანსი 74 წლის კილიჩდაროღლუს აქვს, რომელიც თურქეთის 4 მთავარი ოპოზიციური პარტიის ერთობლივი კანდიდატია. გამოკითხვების შედეგებიც იმაზე მეტყველებს, რომ გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ მასსა და ერდოღანს შორის იქნება. ზოგიერთი კვლევის შედეგებით, კილიჩდაროღლუ უსწრებს კიდეც ერდოღანს.

კომპანია „მეტროპოლის" მიერ აპრილში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 42,6% მზად არის კილიჩდაროღლუს მისცეს ხმა, 41,1% მხარს უჭერს ერდოღანს, 5% ინჯეს და 2% - ოგანს.

კომპანია Motto and Bulgu Research-ის მიერ აპრილში ჩატარებულ გამოკითხვაში, კილიჩდაროღლუ ასევე უსწრებს ერდოღანს: მას გამოკითხულთა 49,5%-მა დაუჭურა მხარი, ხოლო ერდოღანს - 41,5%-მა.

ბოლო გამოკითხვაში კი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა „ოპტიმარმა" 25-28 აპრილს ჩაატარა, უკვე მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს. ხმები ასე განაწილდა: ერდოღანი - 48.6%, კილიჩდაროღლუ - 44.1%, ინჯე - 4.3%, ოღანი - 3%.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ანალიტიკოსთა უმრავლესობა მეორე ტურის დანიშვნას პროგნოზირებს, სადაც ერთმანეთს ერდოღანი და კილიჩდაროღლუ დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება თავად კანდიდატებს, ერდოღანიც და კილიჩდაროღლუც თავის გამარჯვებაში დარწმუნებული არიან და აცხადებენ, რომ პირველივე ტურში მოიგებენ. კილიჩდაროღლუმ უფრო კონკრეტული პროგნოზიც გააკეთა და განაცხადა, რომ პირვე ტურში ხმების 60%-მდე მიიღებს.

ზოგადად, კილიჩდაროღლუ, ერდოღანთან შედარებით, უფრო პროდასავლურ პოლიტიკოსადაა მიჩნეული. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთის პოლიტიკა დასავლეთთან დაკავშირებით უფრო ლოიალური გახდება.

რაც შეეხება რუსეთს, თავად ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პოლიტიკურ კურსს არ შეცვლიდა. მან ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის მთავარი ამოცანა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაა.

კილიჩდაროღლუ მიიჩნევს, რომ თურქეთი უნდა დარჩეს შუამავლად რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ თურქეთს აქვს „ასიმეტრიული ურთიერთობები" რუსეთთან, რადგან თურქეთი „ძალიან არის დამოკიდებული რუსული ენერგორესურსების იმპორტზე". ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს" მისმა მრჩეველმა უნალ ჩევიკოსმა განუცხადა.

„ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ თურქეთი ნატოს წევრია. რუსეთთან მოლაპარაკებებისას აუცილებლად მივისწრაფვით თანაბარი ურთიერთობისთვის, მაგრამ ასევე შევახსენებთ რუსეთს, რომ თურქეთი ნატოს ნაწილია", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატის მრჩეველმა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი 14 მაისის აღცევნების შედეგად თურქეთში ხელისუფლების ცვლილებას არ გამორიცხავს, თუმცა მიიჩნევს, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკური ვექტორი უცვლელი დარჩება, რაც გამომდინარეობს მისი ეროვნული ინტერესებიდან.

„თურქეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და იქ მანიპულაცია არჩევნებით არ არის ხოლმე მიღებული. ამიტომ არჩევნების დროს შესაძლებელია ყოველგვარი შედეგი. მით უმეტეს, რომ ამ ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა უჩვენა, რომ, დიდი საერთო პოპულარობის მიუხედავად, ერდოღანისადმი მხარდაჭერა ერთმნიშვნელოვანი არ არის. არის ხალხი, რომელიც მას არ უჭერს მხარს. ასე რომ, შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს.

„იმ შემთხვევში, თუკი ლიდერი შეიცვლება, მე არ მგონია, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკამ ცვლილება განიცადოს. თურქეთს აქვს თავისი ობიექტური ინტერესები და მე ვფიქრობ, რომ სწორედ მათ რეალიზაციაზე იქნება კონცენტრირებული", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა თურქეთის ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში არც რეგიონში და არც საქართველოს მიმართ რადიკალურად არ შეიცვლება.

„პირველ რიგში, თუ ასეთ დაშვებას გავაკეთებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება შეიცვალა, ბუნებრივია, რომ ახალი ხელისუფლება ნაკლებად ავტორიტარული იქნება, იმიტომ, რომ ერდოღანი დიდი ხანია ხელისუფლებაშია და ყველას მოაბეზრა თავი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„ეს ავტორიტარული ტენდენციები, რაც მან ბოლო პერიოდში დაამკვიდრა, მაინც და მაინც დიდად არ მოსწონს არც თურქეთის მოსახლეობას, არც ევროკავშირს და არც სხვა პარტნიორებს. ამიტომ ახალი ხელისუფლების შემთხვევაში რაღაც ტონები შეიცვლება საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად გადაიხედება თურქეთის საგარეო პოლიტიკა. იმიტომ, რომ ბევრი რაღაც პრინციპი, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებულია ბოლო წლების განმავლობაში, ეს არ იყო მხოლოდ ერდოღანის დამსახურება, არამედ მეტ- ნაკლებად პასუხობს თურქეთის ეროვნულ ინტერესებს.

„რაც შეეხება მოლოდინებს საქართველოსთან მიმართებით, მეტ-ნაკლებად იგივე საგარეო პოლიტიკა გაგრძელდება. თურქეთი ყოველთვის იყო დაინტერესებული კეთილმეზობლური ურთიერთობებით საქართველოსთან. ასევე თურქეთი მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტებს, რომელიც მათ შორის საქართველოზე გადის, ენერგო პროექტები იქნება ეს, ნავთობის, გაზის თუ სხვა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×