თამთა ჩაჩანიძე
05.05.2023

„ვაგნერი" ბახმუტს 10 მაისს დატოვებს - დაჯგუფების ხელძღვანელმა ევგენი პრიგოჟნმა გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა. მანამდე ომში მოკლული „ვაგნერის" მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს აგინებს და არასაკმარის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, „ვაგნერის" ბახმუტიდან გასვლა რუსებისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან ერთის მხრივ რუსეთი ქალაქში პოზიციებს დაკარგავს, და ბრძოლის ტემპი შენელდება, მეორეს მხრივ თუ ვაგნერი ბახმუტიდან გავა, შესაძლოა ეს თავად პუიტინს მიუბრუნდეს და პრიგოჟინმა სამხედრო გადატრიალებაც სცადოს.

„ვიდეორგოლი ვნახე, სადაც ნათქვამია, რომ „ვაგნერი" 10 მაისს ბახმუტიდან გადის. რუსეთში სიტუაცია სამოქალაქო ომის ზღვარზეა. კრემლში დრონების გადაფრენა მაღალი ალბათობით ზუსტად ამ დაპირისპირებას უკავშირდება და არაა გამორიცხული, რომ ეს „ვაგნერის" მიერ ყოფილიყო გაკეთებული, რათა პუტინისთვის ერთგვარი სიგნალი მიეცა, რა ვითარებაში შეიძლება ჩავარდნილიყო.

„რამდენიმე დღის წინაც საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, პუტინის შიდა რეგიონალური საკითხების ერთ-ერთ მთავარ მრჩეველლის საცხოვრებელ სახლში ანალოგიური დრონი აღმოჩნდა. მერე რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა სასაცილოდ გააფორმეს, რომ ეს დრონი თურმე ადგილობრივ ინჟინერს „დაეკარგა", მაგრამ ზუსტად იმ ზომის იყო, რაც კრემლის თავზე დაფრინავდა.

„ეს ორი ფაქტია, მაგრამ შესაძლოა კიდევ სხვებიცაა, რაც ჩვენ არ ვიცით, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის შიგნით სიტუაცია საკმაოდ გართულდა. ძერჟინსკის სახელობის დივიზიაა შეყვანილი, მოსკოვის ყველა მიმართულება გადაკეტილია.

„თუ „ვაგნერი" ბახმუტიდან გავიდა, ალბათ მათ რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების შენაერთებით ჩაანაცვლებენ, მაგრამ ბახმუტში პრიგოჟინის დაჯგუფება უფრო კარგადაა ორგანიზებული. მათი მოტივაციაც და საბრძოლო მომზადების დონეც მაღალი აქვთ, ვიდრე რეგულარული ძალების და თავისთავად ცხადია, მათი გასვლა დიდ გავლენას მოახდენს ბახმუტისთვის ბრძოლის საქმეში," - განაცხადა მაისაიამ.

მისივე შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ თუ „ვაგნერმა" ბახმუტი დატოვა, უკრაინული დიდი შეტევა სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყოს.

„ბახმუტს უკრაინელები არ დათმობენ, რადგან ეს სტრატეგიული კვანძია და მათთვის ხელსაყრელ პირობებს გამოიყენებენ და არ გამოვრიცხავ, რომ კონტრშეტევა განახორციელონ, და საერთოდაც ის დიდი ფართომასშტაბიანი სტრატეგიული შეტევა ბახმუტიდან დაიწყოს, რომელსაც ასე დიდი ხანია ველოდებით.

„ბახმუტიდან „ვაგნერის" გამოსვლა კიდევ იმიტომაცაა რუსეთისთვის რთული, რომ მერე სად წავა, არავინ იცის. შეასძლოა ის მოსკოვში ჩავიდეს და სამხედრო გადატრიალებაში მიიღოს მონაწილეობა. ამ სცენარის მიხედვით, პრიგოჟინი პუტინს უილტიმატუმს წაუყენებს, რომ შოიგუ და გერასიმოვი გაათავისუფლოს. გენშტაბის ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი პრიგოჟინთან გადავიდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ განსაკუთრებული იატაკქვეშა სამხედრო დაჯგუფება იქმნება, რაც ნიშნავს, რომ მცოცავი სამხედრო გადატრიალება იქნება დაწყებული", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ 10 მაისს უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებს.

„ოფიციალურად მივმართავ გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, უმაღლეს მთავარსარდალს და რუს ხალხს. „ვაგნერის" მებრძოლების სახელით, „ვაგნერის" სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს ჩვენ ვალდებულნი ვართ ბახმუტის დასახლებაში პოზიციები თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გადავცეთ. გამყავს „ვაგნერის" ქვედანაყოფები, რადგან საბრძოლო მასალის გარეშე ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის," - აღნიშნა მან.

მანამდე ომში მოკლული დაქირავებული მებრძოლების გვერდით გადაღებულ ვიდეო გამოაქვეყნა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს მოუწოდებს, საბრძოლო მასალები მიაწოდონ.

„ესენი ვიღაცის მამები და შვილები არიან. თქვენ იქ ზიხართ თქვენს მდიდრულ კლუბებში, თქვენი შვილები დამოკიდებულები არიან YouTube-ისთვის კლიპების გადაღებაზე. ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ ამ ცხოვრების მეპატრონეები? როგორ ფიქრობთ, შეგიძლიათ მათი სიცოცხლის განკარგვა?" - აცხადებს პრიგოჟინი და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელებს უწმაწური სიტყვებით მიმართავს.

პრიგოჟინი, რომელიც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აცხადებს, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში კრემლისგან არასაკმარისი მხარდაჭერა აქვს, ვიდეოში აღნიშნავს, რომ საბრძოლო მასალების სათანადოდ მიწოდების შემთხვევაში მსხვერპლი ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა.

„მარტივი მათემატიკაა. თქვენ რომ ნორმალური რაოდენობის საბრძოლო მასალა მოგეწოდებინათ, ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა დაღუპული. ისინი აქ მოხალისეებად მოვიდნენ და კვდებიან, რათა თქვენ მსუქანი კატებივით ისხდეთ თქვენს მდიდრულ კაბინეტებში", - აცხადებს პრიგოჟინი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×