ნაზი ბერიძე
22.05.2023

კვირას 21 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, გამოაცხადა ახალი სამხედრო დახმარების 375 მილიონი დოლარის (347 მილიონი ევრო) პაკეტი უკრაინისთვის და თქვა რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას რუსეთის უკრაინაში არალეგიტიმური შეჭრის წინააღმდეგ.

იმავდროულად, ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ლიდერებს სამშვიდობო გეგმის შესრულებისკენ მოუწოდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა რომ ის მოელის ჩინეთთან დათბობის პოლიტიკას.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ამერიკა ცდილობს მოიპოვოს ჰეგემონი სახელმწიფოს უპირატესობები საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე და უნდა რომ ამ საკითხში ჩინეთის როლი ერთი-ორად შეამციროს.

„ვფიქრობ, დათბობას მალე ვიხილავთ,"-თქვა ბაიდენმა იაპონიაში შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ „ჩინური ბუშტები ჩამოაგდო, რომლებსაც ორი სატვირთოს ღირებულების სადაზვერვო ტექნიკა გადაჰქონდა", ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სწორედ მაშინ დაიძაბა. ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ჩინეთის თავდაცვის მინისტრისთვის ლი შანფუსთვის სანქციების მოხსნაზე იმსჯელებს.

რაც შეეხება, ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ ახალ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის „საბრძოლო მასალა, არტილერია, და ჯავშანტექნიკა". ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ "ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ". ამასთან, ბაიდენმა დაუშვა უკრაინელი მფრინავების მომზადება ამერიკული წარმოების ეფ-16 გამანადგურებელ თვითმფრინავებზე.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამერიკის პრაგმატულ პოლიტიკაზე საუბრობს, უკრაინასა და ჩინეთთან მიმართებით, რომელიც ამერიკის მოსახლეობის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე მიიღება.

„ბაიდენის მზარდი პროტესტი ამერიკული საზოგადოების მხრიდან, ეს არ არის მხოლოდ რესპუბლიკელების პოზიცია, ეს არის ბოლო კვლევები, სადაც მნიშვნელოვნად არის დაცემული დაახლოებით 50%-ს ქვემოთ, ამერიკელთა მხარდაჭერა რომ შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან გამოიყოს დამატებით სახსრები უკრაინის მრავალმხრივი მიმართულებების დასახმარებლად.

„ამასთან, ბაიდენს აქვს სერიოზული პრობლემები, სახელმწიფო ვალის ეგრედ წოდებული ზედა ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, რასაც მკვეთრი წინააღმდეგობა აქვს კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობაში მყოფი რესპუბლიკელებისგან.

„ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ჩინეთი საკმაოდ გააქტიურდა მსოფლიოში, თუ ადრე იყო ეკონომიკური ექსპანსია, ახლა მას გაუჩნდა სურვილი რომ იყოს შუამავალი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში, ამას კიდევ ისიც ემატება, რომ ამ ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის ყველა ევროპელი და ლათინო ამერიკელი და სხვა ქვეყნებიდანაც ხელისუფლების წარმომადგენლები, პეკინს ეწვივნენ, მათვის სასარგებლო ეკონომიკური პროექტების მისაღებად.

„ამას ისიც დავუმატოთ, რომ რაც ყველაზე მთავარია ამერიკაში, როგორც ევროპაში, სხვადასხვა ანალიტიკოსები საუბრობენ იმაზე, თუ როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს კონფლიქტი, ეს ხომ არ არის იმისთვის რომ უკანასკნელი უკრაინელის გაწირვამდე მიმდინარეობდეს ამერიკისა და რუსეთის არაპირდაპირი კონფლიქტი. სერიოზული დისკურსიები ნამდვილად მიმდინარეობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, პოლიტიკურ ელიტებში, ამას ითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიმღებნი.

„მე ვხედავ ასეთ მოსაზრებებსაც ამერიკულ მედიაში, არ არის აუცილებელი ესენი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ რესპუბლიკელების მხარდამჭერები, ეს მოსაზრებები ამბობენ, რომ ზელენსკის მართალია სურს რომ მეტი დახმარება მიიღოს, მაგრამ მას ფუჭად ჰპირდებიან რომ ნატოში მიიღებენ.

„ვხედავ ასევე მოსაზრებებს რომ თუ 2008 -ში ბუქარესტის სამიტზე, საქართველოს დაჰპირდენენ ნატოში აუცილებელ გაწევრიანებას, რაც კიდევ ერთხელ გაიმეორეს ბოლო სამიტზე, ზაფხულში კიდევ ერთი სამიტი გაიმართება იქ უნდა იყოს მკაფიო გზავნილები და მესიჯები ამ ორი ქვეყნისადმი, უწინარესად, უკრაინისადმი.

„ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხები, ბუნებრივია როდესაც სასწორის პირაზე დგას ნებისმიერი მმართველისთვის, ხალხის ინტერესი თუ საგარეო პოლიტიკური ინტერესი, ბუნებრივია პრაგმატული მმართველი იღებს გადაწყვეტილებას, ხალხის მოთხოვნების სასარგებლოდ. ასე რომ ძალიან რთულია ახლა პროგნოზების გაკეთება, მე მესმის უკრაინას აქვს საკმაოდ ლეგიტიმური და ხისტი პოზიცია თავის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, მშვიდობიან მოლაპარაკებას არ დათანხმდება თუ იქნება დათმობები, დროებითი სამშვიდობო დათქმები.

„მე ვფიქრობ რომ ნატოს სამიტის შემდეგ გაირკვევა ეს ყველაფერი, თუ საით მიდის უკრაინა, იმიტომ რომ ამ ომით ზარალდება ევროპა, უკრაინაზე აღარ არის საუბარი, ფინანსურ-ეკონომიკურად ზარალდება ამერიკაც და ძლიერდება ჩინეთი. ჩინეთის გაძლიერება პრაგმატულ დასავლურ პოლიტიკოსებს, ნამდვილად არ აწყობთ იმიტომ რომ ჩინეთისა და რუსეთის ალიანსი, ძალიან დამანგრეველი იქნება დასავლურ ფლანგთან კონკურენციისას.

„ანუ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური ჭადრაკის თამაში, რომელშიც იმედია, ჩემი სურვილია და არაერთი ქართველის სურვილი ამასთანავე, დასავლურმა ფლანგმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს" - განაცხადა „რეზონანსთან" გია აბაშიძემ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ამერიკის პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას. რაც შეეხება ჩინეთთან დამოკიდებულებას ამერიკა ცდილობს მოიპოვოს მსოფლიო წესრიგის დამყარების სადავეები.

„ეს არის მორიგი დახმარების პაკეტი რომელსაც ამერიკა ჩვეულებრივ ახორციელებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ აგრძელებს უკრაინის დახმარებას სტრატეგიულ დონეზე,

„რა თქმა უნდა ეს დახმარებები აუცილებელია როდესაც სამხედრო მოქმედებები შევიდა საკმაოდ ინტენსიურ და კულმინაციურ ფაზაში, ეს დახმარება კიდევ ერთხელ, „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას ასახავს უკრაინასთან მიმართებით, რომელიც არასამართლიან ომში არის ჩაბმული.

„რაც შეეხება დეტანტის ვარიანტი ჩინეთთან, დეტანტი ეს არის დაახლოება, დაახლოება ნიშნავს ამერიკამ აიღოს მსოფლიო წესრიგის პირობები, შექმნას მსოფლიოში სტაბილური განვითარების დონე, მოახდინოს გარკვეული ზეწოლა რუსეთზე, რათა მან გარკვეულწილად, საერთო დესტაბილიზატორის როლი აღარ შეასრულოს" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×