ნაზი ბერიძე
11.06.2023

უკრაინულმა არმიამ ბოლო დღეების განმავლობაში ფრონტზე რამდენიმე ადგილას უკვე გადალახა რუსების პირველი თავდაცვის ხაზი, თუმცა ეს ფრონტის გარღვევას არ ნიშნავს. დანაკარგები ორივე მხრიდან დიდია. კიევში ოფიციალურად დაადასტურეს ზაპოროჟიეს ოლქში ბრძოლებისას გერმანიიდან მიღებული პირველი „ლეოპარდის" განადგურება. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" საუბრისას იმაზე მსჯელობენ, თუ სად იქნება უკრაინელთა კონტრშეტევის მთავარი დარტყმა და რომელი მიმართულებებია ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული.

რამდენიმე დღეა უკრაინამ დაიწყო მასშტაბური კონტრშეტევა და მის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მხარეები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ.

რუსული მხარე აქცენტს აკეთებს ზაპოროჟიეს ოლქზე, სადაც, მათი ცნობით უკრაინელებმა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მოუყარეს თავი და რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ რუსების დაცვის გარღვევას. მათივე ცნობით, უკრაინის არმიას აქ სერიოზული დანაკარგები აქვს, მათ შორის განადგურებულია რამდენიმე ერთეული უახლესი დასავლური მძიმე ტექნიკა. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე მიმდინარე ბრძოლის შესახებ რუსული მედია პრაქტიკულად არ საუბრობს.

უკრაინული მხარე კი ფრონტის სხვა მონაკვეთებზე აკეთებს აქცენტს. მაგალითად, იგივე ბახმუტზე, სადაც, ოფიციალური კიევის ცნობით, მათ მნიშვნელოვანი წინსვლა აქვთ. ზაპოროჟიეს ოლქში მიმდინარე ბრძოლების შესახებ კი უკრაინელთა მიერ გავრცელებული ინფომაცია საკმაოდ მწირია.

რაც შეეხება სხვა წყაროებს, ფრონტის კონკრეტულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქაც არც ისე ბევრია. ბრიტანული დაზვერვის ნაგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე ადგილას უკრაინელებმა რუსების თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევა შეძლეს, თუმცა ფრონტის ეს კონკრეტული მონაკვეთები დაკონკრეტებული არ არის. მათივე ინფორმაციით, რუსული ნაწილები ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინულ ნაწილებს, ახდენენ გადაჯგუფებას და წარმატებულ დაცვით ოპერაციებს ატარებენ. თუმცა, არის მონაკვეთები, სადაც რუსული ნაწილები დაწოლას ვერ უძლებენ და არაორგანიზებულად ტოვებენ პოზიციებს.

ანალიტიკოსთა ურავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინულ ძალებს ჯერ არ დაუწყიათ მთავარი იურიში, ხოლო ახლანდელი მათი სამხედრო აქტივობა მხოლოდ ე.წ. მაფორმირებელი ოპერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოვლენას და მათი ძალების მაქსიმალურ დაწელვას ფრონტის ხაზზე, რის შემდეგაც ყველაზე ცუდად დაცულ მონაკვეთებზე განხორციელდება დარტყმები ფრონტის გარღვევის მიზნით.

დასავლეთში კი იმაზე მსჯელობენ, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება უკრაინელთა სპეცოპერაცია წარმატებულად. „ნიუ იორკ თაიმსი" ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ დასავლეთში მოვლენათა გავითარების ორი სცენარი განიხილება.

პირველი სცენარის შემთხვევაში, უკრაინა ახრხებს საკვანძო ტერიტორიების დაბრუნებასა და მათ შენარჩუნებას, თუმცა აქ დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელი ტერიტორიები მიიჩნევა საკვანძოდ. მეორე სცენარს კი პირობითად „გამომფიტავი დარტყმა" ჰქვია. ამ შემთხვევაში უკრაინელებმა შესაძლოა ვერ შეძლონ მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ მათი შეტევა იმდენად მძლავრი იქნება, რომ მნიშნელოვნად შეამცირებს რუსული არმიის საბრძოლო პოტენციალს და კრემლში სერიოზულ ეჭვებს გააჩენს უკრაინაში წარმატების მიღწევასთან დაკავშირებით.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ უკრაინელებმა ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე მართლაც გადალახეს რუსული თავდაცვის პირველი ზღუდე, თუმცა საგრძნობი დანაკარგებიც აქვთ.

„ბრძოლები მიდის. უკრაინელები გადავიდნენ შეტევაზე და ცდილობენ გაარღვიონ ზაპოროჟიეს ფრონტი. ჯერჯერობით წარმატებები არც ერთ მხარეს არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, უკრაინულ მხარეს, სამწუხაროდ, აქვს „ლეოპარდების" პირველი დანაკარგები. გავრცედა ეს ინფორმაცია და უკრაინელები ამას ადასტურებენ.

„მართალია ისეთი მასშტაბურად არა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ გარკვეულ მონაკვეთებზე უკრაინელებმა გაარღვიეს რუსების თავდაცვის პირველი ხაზი, მაგალითად, ორხეოვო-ტოკმაკის მიმართულებით და ახლა მიდის დანარჩენი მიმართულებების დამუშავება.

„რუსები ჯერჯერობით თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ. უკრაინელები შეტევაზე გადავიდნენ ზაპოროჟიეში და კონტრშეტევაზე ბახმუტის მიმართულებით", -განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" საუბრისას ბრძოლის მთავარ სამ სტრატეგიულ მიმართულებას ასახელებს. მისი შეფასებით, უკრაინულ არმიას მნიშვნელოვანი წინსვლა ჯერჯერობით არ აქვს. ამიტომაც უნდა ველოდოთ მათ გადაჯგუფებასა და ახალ მასშტაბურ დარტყმებს.

„ვითარება არის შემდეგი, გამოიკვეთა ძირითადი ორი მიმართულება. ერთი მიმართულება არის დონეცკის ოლქის სამხრეთ, მეორე - ზაპოროჟიე, ამ მიმართულებაზე არის სამი მონაკვეთი, სადაც ყველაზე აქტიურად ხდება შეტევები; და მესამე დამხმარე მიმართულებად გამოიკვეთა ბელგოროდი-კურსკის მიმართულება, სადაც უკრაინელები ცდილობენ რუსებს გააფანტინონ ძალები და ყურადღება გადაატანინონ. ეს არის ძირითადი მიმართულებები.

„უკრაინელებს წარმატებებიც აქვთ. ყველაზეწარმატებული მიმართულებად მაინც რჩება ბახმუტი, სადაც შეძლეს 2 კილომეტრამდე წინ წაწევა და შევიდნენ ქალაქის ტერიტორიაზე. იქ არის ასეთი რაიონი - „თვითმფრინავი", სადაც უკრაინელები არიან უკვე შესული. სხვა მიმართულებებზე მძიმე ბრძოლებია და ჯერჯერობით გარღვევა ვერ მოახერხეს.

„რაც შეეხება რუსების წარმატებას, სადაც ვერ გაარღვიეს უკრაინელებმა, ეს უკვე რუსების წარმატებაა.

„დიდი წინსვლა არ აქვთ უკრაინელებს. ალბათ ახლა მოახდენენ გადაჯგუფებას და კვლავ განაახლეებენ ძირითად შეტევებს. დიდ პრობლემებს ქმნის დანაღმული ველები, სადაც ყველაზე მეტი ტექნიკა დაკარგეს უკრაინელებმა", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

სად იქნება უკრაინელების მთავარი დარტყმა

ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ უკრაინელებისათვის პრიორიტეტული, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ფრონტის გარღვევაა. მისი შეფასებით, ეს უკრაინულ არმიას შესაძლებლობას მისცემს სამი მიმართულებით განავითაროს წარმატებული შეტევა.

„უკრაინელების მთავარი დარტყმა შეიძლება განხორციელდეს ზაპოროჟიედან. ზაპოროჟიეს ფრონტი თუ გაარღვიეს, ისინი ფაქტობრივად გადიან ოპერატიულ სტრატეგიულ სივრცეზე. ანუ სამი მიმართულებით შეძლებენ შეტევის განვითარებას. პირველი - გავლენ უშუალოდ მელიტოპოლისა და მარიუპოლის მიმართულებით, მეორე - სამხრეთით ისინი გავლენ ანექსირებული ყირიმის მიმართულებით; ასევე ზაპოროჟიეს მიმართულებაზეა საუბარი და ფაქტიურად ისინი გავლენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით და დაიბრუნებენ ამ ტერიტორიებს. შესაბამისად, დასრულდება რუსების მანიპულაციები და შანტაჟი ბირთვული უსაფრთხოების კუთხით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

გენერალი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ მთავარი დარტყმის მიმართულება უშალოდ ბრძოლის დროს გამოჩნდება და ეს იქნება ფრონტის ის მონაკვეთი, სადაც უკრაინელებს ყველაზე დიდი წარმატება ექნებათ. ასეთად კი, მისი აზრით, ამ ეტაპზე ბახმუტის მიმართულება ყალიბდება.

„სადაც გამოჩნდება უკრაინელების წარმატება, ალბათ იმ მიმართულებაზე იქნებიან კონცენტრირებული უკრაინეები. ჯერჯერობით ბახმუტი ყალიბდება ასეთ მიმართულებად. თუმცა, უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ზაპოროჟიეს რაიონი", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×