ნაზი ბერიძე
18.09.2023

დრონების მორიგი ვარდნა შავი ზღვის ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე - რუმინეთის შემდეგ სამიზნე ბულგარეთი გახდა - სოფია კურორტ ტიულონოვოში აღმოჩენელი დრონის შესამოწმებლად სპეციალურ ჯგუფს აგზავნის. ბულგარეთის თავდაცვის სამინისრომ განაცხადა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების გადამტანი დრონის შესამოწმებლად და დეაქტივაციისთვის სპეციალური დანაყოფი გაგზავნა.

ბულგარული მედია იტყობინება, რომ დრონი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება გადაჰქონდა, ტიულონოვოში კვირას დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონის სიგრძე 3-3.5 მეტრამდეა და მასზე ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მიმაგრებული.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი გამორიცხავს, რომ რუმინეთი ან ბულგარეთი რამე ზომებს მიიღებს და სამხედრო დაპირისპირებაში შევა რუსეთთან.

„აქ არის ორი საკითხი: პირველი - თუ დამტკიცდა, რომ არის შეგნებულად გაკეთებული, მაშინ რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ ქვეყანას, რომელმაც ეს განახორციელა. თუ შეცდომითაა, ამაზე უკვე რაღაც დიპლომატიური შესაძლებლობები ერთვება.

„უკვე დაფიქსირებულია არანაკლებ სამი მსგავსი შემთხვევა. ერთი ეს პოლონეთში გასული წლის დეკემბერში, როდესაც უკრაინის საზღვრიდან პოლონეთის სიღრმეში დაახლოებით 400 კმ-ში, იპოვეს რუსული სტრატეგიული დანიშნულების ფრთოსანი რაკეტა. ეს რაკეტა იყო ბირთვული იარაღის მატარებელი და მან ფაქტობრივად შეუმჩნევლად გადაიფრინა ნატოს წევრი ქვეყნის სიღრმეში 400 კმ.

„რუმინეთი ძალიან დიდი ხანი არ აღიარებდა, რომ მის ტერიტორიაზეც ეცემა რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაშვებული უპილოტოები და რაკეტები, მაგრამ, ბოლოს იძულებულები გახდნენ ეს ეღიარებინათ, როდესაც აღმოჩენილ იქნა კამიკაძე დრონების ფრაგმენტები.

„რაც შეეხება ბულგარეთის სანაპიროზე აღმოჩენილ უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო აღჭურვილი, ძნელია თქმა ვისი გაშვებულია, ამას უნდა გარკვევა ვისგან შეიძლება იყოს გაშვებული. არ არის გამორიცხული, რომ გზა აებნა და იქ ჩამოვარდა.

„ზომების მიღება არ აწყობს ნატოს წევრ რუმინეთსა და ბულგარეთს, ჩათვალოს რომ რუსეთმა ეს სპეციალურად გააკეთა. მაშინ მოუწევთ მათ საპირისპირო ნაბიჯების გადადგმა, რაც ნიშნავს სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებას ნატოს და რუსეთს შორის. ეს არავის არ სურს", -განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე; „სამხედრო პასუხი იქნება ერთადერთი - გააძლიერონ თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა და უფრო ეფექტიანი გახადონ დრონების წინააღმდეგ. ეს არ არის მიზანმიმართული დაბომბვა, ეს არის შემთხვევითი. შესაბამისად იქნება პასუხი მხოლოდ განცხადების დონეზე და შეეცდებიან, რომ გააძლიერონ საჰაერო თავდაცვა, რათა ყველა ის დრონი, რომელიც გადმოკვეთს მათ ტერიტორიას, ჩამოაგდონ" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×