ელზა პაპოშვილი
18.09.2023

უკრაინამ ზაფხულის კონტრშეტევის დაწყებიდან 300 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლა. კიევი კონტრშეტევის ნელა განვითარების მიზეზად ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენას ასახელებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი ამბობს, რომ უკრაინელებმა მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ბევრად მეტი ჯარი და იარაღი აქვს, კონტრშეტევა მაინც გარისკეს.    

"სამხედრო მეცნიერებისგან განსხვავებით, უკრაინელებმა გარისკეს და შეტევა დაიწყეს, როდესაც მტერს მეტი იარაღი და მეტი ხალხი ჰყავდა. სამხედრო მეცნიერება გეუბნებათ, რომ ეს უნდა გააკეთოთ, როცა უპირატესობა გაქვთ. ჩვენს სიტუაციაში ეს შეუძლებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ როგორც არის. საუბარია არა გათავისუფლებულ კილომეტრებზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენს ძალებს შეუძლიათ ამ პირობებში წინსვლა", - თქვა მალიარმა.

მისივე თქმით, რუსები 8-ჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავდნენ, ვიდრე უკრაინელები ქვეყნის აღმოსავლეთში. მალიარმა ასევე გაიმეორა, რომ კონტრშეტევა "მიდის გეგმის მიხედვით", მაგრამ თქვა, რომ უკრაინას ესაჭიროება დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დამხარებისკენ.

"ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, უკან დახევა არაა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას მანამ, სანამ არ გავათავისუფლებთ ჩვენ ყველა ტერიტორიას", - თქვა მან.    

ბახმუტთან ახლოს, დონეცკის ოლქის დასახლება კლეშეევკას დეოკუპაციას ბრიგადა "ლიუტი" ადასტურებს და ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს: „კლეშეევკა ჩვენია! ლიუტის ბრიგადის მებრძოლებმა თავდაცვის ძალების თანამებრძოლებთან ერთად, გათავისუფლებულ კლეშეევკას თავზე უკრაინის დროშა დააბრუნეს", - იტყობინება ბრიგადა.

დასახლების გათავისუფლება ჟურნალისტებს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ილია იევლაშმაც დაუდასტურა. „უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში კლეშეევკა გაათავისუფლეს, რომელიც ბახმუტიდან შვიდი კილომეტრით არის დაშორებული" - თქვა ილია ევლაშმა. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი კი აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო კავშირების გაწყვეტის ოპერაცია შესაძლოა დაზამთრებამდე დაასრულონ.

გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში მან ისაუბრა რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზეც. ბუდანოვის თქმით, ამის მიზანი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოფიტვა, რუსული სამხედრო ტრანსპორტისა და ბომბდამშენების მწყობრიდან გამოყვანა და სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დაზიანებაა. 

როგორც ბუდანოვი ამბობს, დრონებით შეტევას აქვს ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზანიც: რუსეთის მოსახლეობის შეშფოთება და ქვეყნის შიგნით ნორმალური ეკონომიკური პროცესების დარღვევა. მას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს მოსკოვის და პეტერბურგის აეროპორტების დროებით დახურვა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

ბუდანოვმა ასევე განმარტა, რომ 25-ე რუსული კომბინირებული შეიარაღების არმიას, რომელიც ახლა ნაადრევად იქნა განლაგებული აღმოსავლეთ ფრონტზე ლიმანისა და კუპიანსკის გარშემო, ჰყავს საჭირო პერსონალის მხოლოდ 80% და აღჭურვილობის 55%.   

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ის გადაცემაში "60 წუთი" კონტრშეტევისას ნელი პროგრესისი შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია უკრაინის ჯარები მცირე მანძილით მაინც წავიდნენ წინ და რუსეთის პრეზიდენტს მოსვენება არ მისცენ. 

"რთული სიტუაციაა. მე ვიქნები სრულიად გულწრფელი თქვენთან. ჩვენ გვაქვს ინიციატივა. ეს არის პლუსი" თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის შეტევა და გადავიდა კონტრშეტევაზე. 

"ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ის იყოს (ნახევარ მილზე) ან (ასი) მეტრზე ნაკლები, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. პუტინს მოსვენება არ უნდა მივცეთ", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმებზე, რასაც უკრაინა ოფიციალურად არ აღიარებს, მან აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს უკრაინის ტერიტორიაზე იყენებენ, მაგრამ, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ რომელი ადგილიც არ უნდა გამოიყენოს უკრაინაზე რაკეტებით დასარტყმელად, უკრაინას აქვს მორალური უფლება, თავს დაესხას იმავე ადგილს. 

"ჩვენ მათ ვპასუხობთ: "თქვენი ცა არც ისე კარგად არის დაცული, როგორც თქვენ გგონიათ" - თქვა ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პუტინის მიზანი, როცა ის არასამხედრო სამიზნეებს ურტყამს უკრაინის გატეხვაა.    პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ახლა უკრაინა ცდილობს მაღალი ინტენსივობის ომი გააგრძელოს. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინა ზოგ მიმართულებაზე თავდაცვაში იმყოფება, ზოგში კი შეტევაზეა გადასული. 

„სამწუხაროდ რუსებს უკრაინელებთან შედარებით, როგორც ჯარის, ასევე შეიარაღების მხრივ გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს. ამ პირობებშიც კი უკრაინა მაინც ცდილობს კონტრშეტევაში იყოს და სხვადასხვა მიმართულებით წარმატება ჰქონდეს. არ არის ასე ადვილი, რომ რუსეთს, რომელსაც ბევრად შენზე მეტი შესაძლებლობები აქვს, სწრაფად შეუტიო. 

„ახლა უკრაინელებიც ცდილობენ, რომ იქ შეუტიონ, სადაც რუსებს უფრო სუსტი წერტილები აქვს და საკუთარი ჯარისკაცებს სიცოცხლეს გაუფრთხილდეს. ასეთი შესაძლებლობა არ არის, რომ სადმე ბრძოლა მიატოვო, ყველა ფრონტის ხაზზე ბრძოლაა საჭირო.

„პირიქით, ასეთი შეტევებით, რუსების გამოფიტვას შეძლებენ. ამ ომის პირობებშიც კი უკრაინამ თავის სამეხდრო მრეწველობის აღდგენა შეძლო. ძალიან იაფი უჯდებათ უპილოტო საფრენი აპარატების მოწყობა. ფაქტობრივად 500 დოლარამდე უჯდებათ უპილოტო საფრენი აპარატი, რომლითაც რუსების მილიონობით  ღირებულებების ინფრასტრუქტურას და ტექნიკას ანადგურებენ. 

„უკრაინა ძალიან წინ არის წასული. ამ დრონებს  შეუძლიათ რუსების ყველანაირი საჰაერო თავდაცვას და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებს გვერდი აუარონ. უკრაინელებმა ახლა დახვეწეს რაკეტა „ნეპტუნი“, რომელიც „კრეისერ მასკვას“ ჩაძირვის დროს გამოიყენეს. უბრალოდ ბევრი რაოდენობა არ ჰქონდა და წარმოება არ ჰქონდათ დახვეწილი. ახლა კი ამ რაკეტის სახმელეთო წარმოება გამართეს და ხმელეთიდან ხმელეთზე გაშვება შეუძლაით“,-ამბობს ლაშა ბერიძე.  

მისივე თქმით, ამ რაკეტით შესაძლებელია უკრაინის  ტერიტორიიდან თუ საქმეს დასჭირდება მოსკოვსაც კი მიწვდნენ. თუმცა, ბერიძე ამბობს, რომ ახლა უკრაინელებისთვის  პრიორიტეტს ყირიმი წარმოადგენს და იქ არსებული ცოცხალი ძალის განადგურება. ბერიძე მიიჩნევს, რომ უკრაინელები ყველანაირად ეცდებიან ყირიმი გატეხონ. ამისთვის კი დროის მოგებას ცდილობენ და თან დასავლეთიდან დაპირებულ შეიარაღებას ელოდებიან.  

„ბევრს ჰგონაი, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინული ჯარის კოლონები გამოვა და გაიშლება. ეს არ მოხდება, რადგან რუსებს სარაკეტო დარტყმების უპირატესობა აქვთ და ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს. ახლანდელი ამოცანაა, რომ უკრაინელებმა ომი მაღალი ინტენსივობით გააგრძელონ. 

„უკრაინა სწრაფ კონტრშეტევას ყველა მიმართულებაზე ვერ განახორციელებს. ასეთი სახის გამომფიტავი ომი თავის შედეგს აუცილებლა გამოიტანს. უკრაინელებს ადრე თუ აქცენტი აღმოსავლეთ ფრონტზე ჰქონდა, ახლა მნიშვნელოვანი სამხრეთის ფრონტი და ყირიმი გახდა. ამიტომ უკრაინა დარტყმებზეა გადასული, რათა რუსებს ყირიმში არსებული ყველა სამხედრო ინფრასტრუქტურა მოეშალოთ“,-ამბობს ბერიძე.   

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×