ნაზი ბერიძე
19.09.2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ადასტურებს, რომ კიევში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯოზეფ ბორელის თქმით, შეხვედრა უახლოეს კვირებში გაიმართება. „რამდენიმე წინადადება წარვადგინე, მინისტრები გააგრძელებენ განხილვას და იმ შეხვედრის მომზადებას, რომელი მომდევნო კვირებში კიევში გვექნება",-განაცხადა ბორელმა

მანამდე, იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კიევში შეხვედრისთვის ემზადება. შეხვედრის მიზანი პოლიტიკური ინტეგრაციისთვის გზის გაგრძელება, ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკულ ეტაპზე უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დემონსტრირებაა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" თვლის, რომ ევროკავშირის ქვეყნები მკაფიოდ გამოხატავენ მხარდაჭერას უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესში და განიხილავენ უკრაინას ევროპულ სახელმწიფოდ.

„ყველაზე მნიშვნელოვანია ის დოკუმენტი, რომელიც დღეს პოლიტიკომ გამოაქვეყნა, რაც რეალურად ლაპარაკობს ევროკავშირის გაფართოებაზე და იმ პერსპექტივაზე, რომ ჩვენს შვილებს რეალურად შეუძლიათ6-7 წელიწადში იყვნენ ევროკავშირის მოქალაქეები. ამ უნიკალურ შანსს თუ საქართველო ხელიდან გაუშვებს, ამას არ აპატიებს მომავალი თაობები და ასეთი შანსი კიდევ როდის მოგვეცემა, ეს არავინ არ იცის. ასე რომ, ძალიან საყურადღებო დოკუმენტია და ყველამ უნდა გავითავისოთ, ასეთი უნიკალური შესაძლობლებლობა ქვეყანას იშვიათად ეძლევა.

„სწორედ ამ დოკუმენტის გამოქვეყნებას უკავშირდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება კიევში, პოლიტიკური გზავნილია - ისინი იკრიბებიან იმ ქვეყანაში, რომელსაც მოიაზრებენ ევროკავშირის მომავალ წევრად, ამას ძალიან სერიოზული დატვირთვა აქვს, ეს არის გზავნილი უკრაინელი ხალხის მიმართ, გზავნილი რუსეთის მიმართ და ზოგადად ისინი უკრაინას განიხილავენ ევროპულ სახელმწიფოდ და ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ მათ რიგებში თუ ჭკუით მოვიქცევით" - განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი: „ეს სერიოზული ღონისძიებაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულებას განსაზღვრავს უკრაინისადმი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე და ამის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკრაინა კრიზისის ცენტრია და ევროკავშირის დამოკიდებულებაც ამ საკითხისადმიც კიდევ ერთხელ იქნება მსჯელობის საგანი" -განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი მენაღარიშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი ნიკა ჩიტაძე: „ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და ამიტომაც ეს შეხვედრა იმართება კიევში. ევროკავშირმა მანამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი აამოქმედა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირი გამოხატავს მზადყოფნას რომ მომავალშიც გაუწიოს დახმარება უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, ასევე, უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაციის მხარდაჭერის კუთხით" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×