ნაზი ბერიძე
20.09.2023

ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ აზერბაიჯანის სამხედრო ზეწოლას ვერ გაუძლო და პრინციპში სრული - სამხედრო და პოლიტიკური კაპიტულაცია გამოაცხადა. სომხეთის საზოგადოების დიდი ნაწილი ამაში ყოფილ მოკავშირეს, რუსეთს ადანაშაულებს, რომელსაც ბრალს სდებენ ბაქოსა და ანკარასთან ფარულ გარიგებაში, პრო-პუტინისტური ძალები კი ხელს ფაშინიანისკენ იშვერენ, რომელმაც პროდასავლური ორიენტირი აირჩია. პარალელურად, დაიწყო აქციებიე ერევანში და არავის ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი ფაშინიანის მთავრობის დამხობას შეეცდება.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ.

უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ანტიტერორისტული ზომების შეჩერებას 20 სექტემბრის 13:00 საათიდან შემდეგი პირობებით: „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და უკანონო შეიარაღებული ჯგუფები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და ექვემდებარებიან სრულ განიარაღებას; ამასთან, ხორციელდება მთელი საბრძოლო მასალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა; ზემოაღნიშნული პროცესი ხორციელდება რუსულ სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით," - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით მიიღეს.

მანამდე, ყარაბაღში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა, მათ შორის 7 მშვიდობიანი მოქალაქეა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 2 ბავშვია.

ამასთან, სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 35 მშვიდობიანი მოქალაქე (13 ბავშვი).

მათი მტკიცებით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალები ბომბავს მშვიდობიან დასახლებებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ შენობებს, სკოლებს და სხვა.

სომხეთის ომბუდსმენი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის მანდატის მქონე აქტორებს მოუწოდებს, შესაბამისი შეფასება მისცენ „აზერბაიჯანის ქმედებებს და მიიღონ სასწრაფო ზომები მასობრივი დანაშაულების დასასრულებლად".

მთიან ყარაბაღში დაპირიპირების გამწვავების ფონზე, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, მონაწილეები მის გადადგომას მოითხოვდნენ.

19 სექტემბერს გამთენიისას მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა, აზერბაიჯანის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ყარაბაღში ადგილობრივ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რომლის მიზანი კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაა. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ მათ სამიზნეს მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ წარმოადგენს. ამის საპასუხოდ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ყარაბაღის ტერიტორიაზე სომხური ჯარები არ იმყოფებოდნენ. სომხეთის მოქალაქეები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებენ და მთიანი ყარაბაღის აღიარებას ითხოვდნენ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სისხლისღვრა, საბრძოლო მოქმედებები და ასევე გამორიცხონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

„მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების მკვეთრ ესკალაციასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სისხლისღვრა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და გამორიცხონ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, კონფლიქტის მოგვარების ბედზე „რადიკალური გავლენა იქონია 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის მაისში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე ერევნის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარებამ.

„ამან შეცვალა ფუნდამენტური პირობები, რომლითაც ხელი მოეწერა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადებას", - აცხადებენ სამინისტროში. უწყების განცხადებით, საჭიროა მხარეები სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას დაუბრუნდნენ.

„ახლა მთავარია, მხარეები დაუბრუნდნენ სამმხრივი შეთანხმებების შესრულების უმაღლეს დონეზე, რომელიც ასახავს ყველა ნაბიჯს ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, შეწყდეს შეიარაღებული დაპირისპირება და ყველაფერი გაკეთდეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსები ფაშიანიანს ვერაფერს დააკლებენ, ასეთია ექსპერტების პოზიცია „რეზონანსთან". ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსებს ფაშინიანის დამხობა არ გამოუვათ.

„ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რა თქმა უნდა, სომხეთის სახელწიფოსათვის, სომხეთის სახელმწიფოებრიობისათვის. აშკარად ყარაბაღში მიმდინარე პროცესებმა გამოიწვია კრიზისი სომხეთის შიგნით. როგორც სომხები ამბობენ, იქ დგანან ყოფილი პრეზიდენტის, სარქისიანის მომხრეები, ცდილობენ, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა დაამხონ ფაშინიანის ხელისუფლება.

„საქმე ისაა, რომ თვითონ მოსახლეობაში ფაშინიანი პოპულარულია, საშუალო ფენაში და ვთქვათ ასე ძირითად მოსახლეობაში, ფაშინიანი არაპოპულარულია პოლიტიკურ სპექტრში და პოლიტიკურ ელიტაში. ამიტომ, როგორც ჩანს, ფაშინიანი მაინც დარწმუნებულია, რომ რუსეთს არ გამოუვა მისი ჩამოგდება. იმიტომ რომ საკმაოდ პრინციპულია განცხადებები სომხეთის ხელისუფლების მხრიდან, შეიარაღებული ძალებიც არის ყაზარმებში და არ აპირებენ ჩაერთონ ყარაბაღის მოვლენებში.

„ფაშინიანმაც ცალსახად და მკაფიოდ განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერევა შეიარაღებული ფორმით დაპირისპირებაში, დიპლომატიური და პოლიტიკური ფორმებით შეეცდება შეაჩეროს შეიარაღებული დაპირისპირება ყარაბაღის ტერიტორიაზე. ამ ფონზე, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ფაშინიანი აგებს ვითარებას სომხეთში და არ ჩანს რომ რუსეთს დიდი გავლენები აქვს.

„რუსეთი უაღრესად არაპოპულარულია დღეს სომხეთში, აზერბაიჯანშიც ძალიან დიდი ანტირუსული განწყობებია, ძალიან მკაფიო და ხელისუფლებებიც ანტირუსულ განწყობებს ავრცელებენ. ამ ფონზე, მე მგონი, რომ რუსეთი სულს ღაფავს კავკასიაში, მარტო საქართველოში შეინარჩუნებს ალბათ ყოფნას და 2025 წლისათვის მოუწევს აზერბაიჯანი დატოვოს. სომხეთში საუბარია იმაზე, რომ სომხები გამოვიდნენ დსთ-დან ოდეკაბედან (რუსეთთან არსებული სამხედრო ალიანსი), საუბარია გიუმრის სამხედრო ბაზის გაყვანაზე, ანუ აშკარად გორდება ანტირუსული ტალღა.

„სწორედ ამის ეშინია რუსეთს და უნდა შეცვალოს ხელისუფლება, მაგრამ რამდენად გამოუვა, დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით დღევანდელი მონაცემებით ფაშინიანი მყარად ფლობს სიტუაციას და აკონტროლებს ვითარებას და არ აპირებს არსად წასვლას," - განაცხადა „რეზონანსთან" ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ფაშინიანის ევროპულობასა და მთავრობის ორიენტაციაზე საუბრობს, რაც რუსეთის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე.

„ის, რომ ამ პოზიციაზე დგას რუსეთი, ეს ცნობილია და ყველამ იცის უკვე სომხეთშიც და სომხეთს ფარგლებს გარეთაც, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარების ლოგიკაზე. თუ სტეფანკეტი დაეცა და თუ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ადგილობრივი მოსახლეობა, ლტოლვილების ახალი ნაკადი მოაწყდა ლაჩინის კორიდორს და მერე უკვე სომხეთს, მაშინ შესაძლებელია მოხდეს ფაშინიანის გადადგომა.

„სხვა შემთხვევაში ფაშინიანი მაქსიმალურად ეცდება დასავლეთის დახმარებით მდგომარეობა შეინარჩუნოს. დასავლეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ფაშინიანი შენარჩუნებული იყოს, რადგან ეს ის ადამიანია, რომელმაც აირჩია დასავლეთის ორიენტაცია და რუსულ ორიენტირზე უარი თქვა. ეს არის მისი პირადი და მისი მთავრობის გადაწყვეტილება. თუმცა მე მაინც მგონია რომ სომხეთისთვის არის კატასტროფული რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა", -განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×