თამთა ჩაჩანიძე
24.09.2023

ერევანში აქციები არ წყდება, ყარაბაღში კი მას შემდეგ, რაც სეპარატისტული ხელმძღვანელობა ოფიციალურ ბაქოს ფაქტიურად დანებდა, დაძაბული სიმშვიდეა და ეთნიკური სომხები გაურკვევლობაში არიან. ამის ფონზე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვირას ვრცელი მიმართვით გამოვიდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიაში ფუნდამენტურმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა უკვე შეუქცევადი ხასიათი მიიღო საქართველო ამას მომზადებული უნდა დახვდეს.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რომხებმა არჩევანი უნდა გააკეთონ „მორჩილ პერიფერიად" ყოფნასა და რეალურ დამოუკიდებლობას შორის. მისი თქმით, ყარაბაღის ამბებმა აჩვენა, რომ უსაფრთოების ის ალიანსები, რაშიც სომხეთია ჩართული, არაეფექტურია. ფაშინიანის ამდაგვარი შეფასება ანალიტიკოსებს გარკვეულწილად იმის განცდას უტოვებს, რომ ესაა სომხეთის საგარეო პოლიტიკის რადიკალური შეცვლის დასაწყისი, თუმცა ამას ჯერ ოფიციალური ნაბიჯები სჭირდება, მაგალითად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან („ოდეკაბე") სომხეთის გასვლა.

ექსპერტების შეფასებით, ყარაბაღის ამბებმა აჩვენა, რომ გაყინული კონფლიქტები გამოუვალი მდგომარეობა არაა და რომ არსებობს მათი მოგვარების რეალური პერსპექტივა, თუკი საქმეში რუსეთი არ ჩაერევა და პროცესს ხელს არ შეუშლის. მათივე შეფასებით, ამით დაიწყო ცვლილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რაც საქართველოზეც აუცილებლად აისახება და ჩვენ მომზადებული უნდა დავხვდეთ ახალ პოლიტიკურ რეალობას, როდესაც „რუსეთი ნაკლებად, ან სულ არ იქნება" სამხრეთ კავკასიაში.

რა ხდება ერევანსა და ყარაბაღში

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსს" უყვება, ერევანში მიმდინარე აქციების ფონზე, ყარაბაღში გაურკვევლობა და უიმედობაა.

„ერევანში დღისით ყველა ისვენებს, მაგრამ საღამოობით ტემპერატურა იწევს. რაც შეეხება ყარაბაღს იქ არანაირი ტემპერატურა არ იწევს, იქ ყველა ბაქოს მორიგ გადაწყვეტილებას ელოდება. ყარაბაღში ეთნიკური სომხები არიან დარჩენილი, რომლებმაც არ იციან რა ელით მომავალში. ამიტომ ყველაზე ცუდი ვარიანტისთვისაც მზად არიან. ეს ვარიანტი კი სიკვდილი არაა, რასაც აქამდე ელოდნენ. ახლა ჩათვალეს, რომ ბაქომ შეიძლება ყოფილი ყარაბაღის მთელი ტერიტორია აიღოს.

„ახლა ეთნიკური სომხების დილემა ესაა - რჩებიან მშობლიურ სახლში და ცხოვრებას ნორმალურად განაგრძობენ, თუ ბაქოდან რაღაცეებს უბრძანებენ და იძულებული გახდებიან წავიდნენ. უახლოეს დღეებში ამ გადაწყვეტილებას ელოდებიან - რჩებიან თუ მიდიან. ამიტომაც ჩუმად არიან.

„რაც შეეხება ერევანს, იქ საპროტესტო გამოსვლებია. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ყარაბაღის ამბებში მთავარი დამნაშავე ფაშინიანია და უნდა გადადგეს, თუმცა ისინი სომხეთის მოსახლეობას არაფერს სთავაზობენ, თუ ამის მერე თავად რას იზამენ. ვინც ფაშინიანის წინააღმდეგ აქტიურად გამოდის და მთავრობის სახლის ბლოკირებას ახდენს, მათ უკან ორი ყოფილი პრეზიდენტი - კოჩარიანი და სარგსიანი დგას. მათი დაბრუნება კი არავის არ უნდა. რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ფაშინიანი, უარესი ალტერნატივა აქვთ და ამიტომაც ამ ძალას იმდენი ხალხი არ ჰყავთ უკან, რომ რევოლუცია მოახდინონ.

„ერევანში არის მეორე უკმაყოფილო ფრთა, რომელიც ამბობს, რომ ფაშინიანი სწორად არ მოიქცა, მაგრამ ეს მისი ბრალი არაა და ისტორიულად მოდის, რაშიც მოსკოვია დამნაშავე, რომელიც ამით თავიდანვე მანიპულირებდა. ეს ფრთა რუსეთის საელჩოსთან გამოდის ხოლმე. ერევანში ორი ქაოტური მოვლენაა - ზოგი ფაშინიანს ებრძვის და ზოგი რუსეთს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

შეძლებს თუ არა ფაშინიანი ხელისუფლების შენარჩუნებას და საით წაიყვანს სომხეთს

პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა კვირას თავისი მიმართვისას ღიად განაცხადა, რომ ყარაბაღში ეთნიკური წმენდის საფრთხე ნარჩუნდება, რასაც ორი მიზეზი აქვს - აზერბაიჯანის მიერ არჩეული პოლიტიკა და რეგიონში მყოფი რუსი სამშიდობოების უმოქმედობა.

მისი თქმით, 2020 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეთანხმების მიუხედავად, ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხები კვლავ „ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე არიან". თუ არ შეიქმნება „რეალური პირობები" მათი არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საცხოვრებლად, მაშინ სომხებს მოუწევთ რეგიონის დატოვება. ერევანი კი მზადაა ისინი სომხეთში მიიღოს.

„მოვლენების ასეთ განვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აზერბაიჯანს, რომელმაც ეთნიკური წმენდის პოლიტიკა აირჩია და ასევე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს მთიან ყარაბაღში", - ამბობს ფაშინიანი.

როგორც საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ფაშინიანის ამ გამოსვლაში ხედავს იმას, რომ აღებულ დასავლურ კურსს არ გადაუხვევს და მკაცრად გაჰყვება.

„ყარაბაღის ამბებმა რეგიონში პრეცედენტი შექმნა - ის, რომ გაყინული კონფლიქტები გამოუვალი მდგომარეობა არაა და რომ მას რეალური პერსპექტივა აქვს, თუკი საქმეში რუსეთი არ ჩაერევა და პროცესს ხელს არ შეუშლის. ეს ნათლად გამოჩნდა და შესაძლოა მომავალში შესაბამისი განვითარება მოჰყვეს.

„სომხეთი უახლოეს მომავალში „ოდეკაბე"-დან რამდენად გამოვა, ვერ გეტყვით. ვერც სომხეთის საგარეო კურსთან დაკავშირებით ტერმინს „შეცვლას" ვერ გამოვიყენებ, რადგან ფაშინიანის მოსვლის შემდგომ ქვეყანამ ახალი კურსის ფორმირება დაიწყო - ესაა დასავლეთთან დაახლოება და რუსეთის ფაქტორის იდეალიზების კურსზე ხელის აღება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ მიმართულების მკაცრად ხაზგასმის ნიშნებს ვხედავ ამ გამოსვლაში.

„იმედი მაქვს, სომეხ ხალხს ეყოფა კეთილგონიერება იმ კურსის სიკეთე დაინახონ, რომელიც მოქმედი ხელმძღვანელობის მიერაა აღებული, რომ ქვეყნის დესტრუქციას ხელი არ შეეწყოს. ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ სომხეთმა პროდასავლური კურსის გაძლიერება მოახერხოს", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ ფაშინიანი ძალაუფლებას შეინარჩუნებს, თუმცა გამოვა თუ არა იმ ალიანსებიდან, საიდანაც ერევანმა სარგებელი ვერ ნახა, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, კონკრეტული ქმედებებითაც წავა თუ არა სომხეთის პრემიერი რუსეთის წინააღდმეგ.

„ფაშინიანი ძალაუფლების შენარჩუნებას მოახერხებს, თუ მის წინააღმდეგ რუსეთმა ტერაქტი არ მოაწყო. თუ ფიზიკურად არ გაანადგურეს, მის წინააღმდეგ რევოლუციის განხორციელება შეუძლებელია. უკმაყოფილო ადამიანი ბევრია, მაგრამ მიაჩნიათ, რომ მისი წასვლით შესაძლოა რეალობა უფრო გაუარესდეს. ფაშინიანს თუ არ შეეშინდა, ან არ დაიღალა და თავისი ნებით არ წავიდა, ის ძალაუფლებას შეინარჩუნებს.

„არ გამოვრიცხავ, რომ „ოდეკაბე"-ც დატოვოს. ის რაღაცეებს თმობს, რათა რაღაც გადაარჩინოს. ხედავს, რომ პატრონი და მოკავშირე აღარ ჰყავს. ერთადერთი ირანია და მას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. სომხეთის საგარეო პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებაზეა საუბარი, ეს დასაწყისშიც ჩანს ფაშინიანის განცხადებიდან. შესაძლოა ცვლილება მოამზადოს, მაგრამ არ დაიწყოს. მოქმედებები არ გვინახავს - „ოდეკაბე"-დან დსთ-დან და მის ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლაზე განაცხადი არ შეუტანიათ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

როგორ აისახება ყარაბაღის მოვლენები საქართველოზე

ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყარაბაღის მოვლენებმა საქართველოზე ირიბად აისახება. ამან ხელი უნდა შეუწყოს და უბიძგოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკის დამკვიდრებას, რაც საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში დაეხმარება.

„ამ ყველაფერმა საქართველოს თავისი სტრატეგიული პერსპექტივების განხორციელების საქმეში ხელი უნდა შეუწყოს. ასევე კავკასიაში მშვიდობის დამყარების მიზნით სამ სახელწიფოს შორის თანამშრომლობის პრაქტიკა უნდა დამკვიდრდეს, რამაც საქართველოს ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკური და ყველა სხვა მიმართულებით განვითარებაში", - განაცხადა მენაღარიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს პრემიერ ღარიბაშვილის გაეროში გაკეთებული განცხადების იმ ნაწილს, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად, სადაც მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" ფარგლებში ოფიციალური თბილისი აცხადებთ მზაობას, რათა „ამ პროცესში ჩართოს მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში", მენაღარიშვილი პასუხობს:

„ამასაც, მაგრამ არა მხოლოდ. პრემიერს ეს რომც არ ეხსენებინა, ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე ირიბად აისახება, ოფიციალური თბილისი კი დუმს.

„ეს ყველაფერი საქართველოზე ირიბად აისახება, თუმცა საქართველო დღეს გაჩერებულია, დუმს და როცა ერთ ადგილზე ხარ, კუც კი გაგასწრებს. რეგიონში რეალობა ჩვენს გარეშე იცვლება. როცა საქართველო „ოცნების" გარეშე გამოფხიზლდება, მიხვდება, რომ სულ სხვა კავკასიაში ვიქნებით, სადაც რუსეთი ნაკლებად ან სულ არ იქნება და იქნება თურქეთი.

„ახლა ყველაზე კარგი იქნება თურქეთთან დაახლოება და მისი ნატოს წევრობის გამოყენება უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რასაც აზერბაიჯანი აკეთებს, თუმცა ის ნატოსკენ არ მიდის და ჩვენ მივდივართ. ანკარასთან მხოლოდ ეკონომიკაში ვთანამშრომლობთ და არ ვთანამშრომლობთ პოლიტიკაში, უსაფრთხოებაში და გეოპოლიტიკაში, აშკარად რუსეთისკენ მივდივართ და გამოფხიზლებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ხელისუფლებიდან „ოცნების" წასვლაა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×