ელზა პაპოშვილი
25.09.2023

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები განახორციელეს - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

„გავრცელდა ცნობები ყირიმში, კრასნოდარის ოლქსა და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოგისტიკურ ობიექტებზე, საჰაერო ბაზებსა და სამეთაურო პუნქტებზე მომხდარი აფეთქებების შესახებ.

დიდი ალბათობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი კვლავ მძიმე დარტყმის სამიზნე გახდა. თუმცა, მოსკოვის მახლობლად მდებარე ჩკალოვსკის აეროდრომზე აფეთქებები, სავარაუდოდ, ყველაზე სტრატეგიულ  პრობლემა იქნება რუსეთის ლიდერებისთვის. ეს არის სენსიტიური ადგილი, რადგან იქ განლაგებულია სპეციალიზებულ სამხედრო თვითმფრინავები, ასევე რუსეთის ლიდერების „ვი-აი-პი" ტრანსპორტი", - აცხადებენ უწყებაში.

მათი განმარტებით, განსაკუთრებით აქტუალურია ინფორმაცია COOT-ის (ილ-20) სპეციალური მისიის თვითმფრინავის დაზიანების შესახებ. „ზუსტი ვარიანტი გაურკვეველია, მაგრამ ეს ღირებული აქტივები ახორციელებენ მისიებს, რომლებიც მოიცავს ელექტრონულ დაზვერვის მონაცემების შეგროვებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინის მასშტაბით არაერთი დარტყმა განახორციელა.

„ეს უჩვეულო ინტენსივობა, სავარაუდოდ, ნაწილობრივ არის პასუხი რუსეთსა და ყირიმში მომხდარ ინციდენტებზე. სახმელეთო ბრძოლა შედარებით სტატიკურია, თითოეული მხარე უპირატესობას ეძებს მოწინააღმდეგის სტრატეგიულ სიღრმეზე დარტყმით", - აღნიშნულია ანგარიშში. 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს ვერბოვოს რაიონიდან უკან ახევინებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია ხორციელდება მელიტოპოლის მიმართულებით და ბახმუტის მიმართულებით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.

"ლიმანის მიმართულებით, თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბელოგორივკას რაიონში. გარდა ამისა, ბახმუტის მიმართულებით, მტერი ცდილობდა დაკარგული პოზიციის აღდგენას დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას რაიონში, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით, მტერს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვა დანაკარგებს აყენებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან", - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს მარინკას მიდამოში და დონეცკის ოლქის პობედას რაიონში.

ხერსონის მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალები ანადგურებენ მომარაგების საცავებს და მტრის ზურგში წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.  

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს, კირილ ბუდანოვის განცხადებით კი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში წარმატებით ანადგურებენ რუსული არმიის ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს.

აღნიშნული განცხადება ბუდანოვმა The War Zone-თან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსული ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საერთო სისტემის სუსტ წერტილებს ეძებენ და აზიანებენ, ეს სისტემები კი, ძალიან ძვირადღირებულ მოწყობილობას წარმოადგენს და მათ წარმოებას დიდი დრო სჭირდება.

„რუსეთმა მის ხელთ არსებული ყველა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა და ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ, რადგან ისინი უსაზღვრო არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჩვენ ამ სისტემების ხარისხიანი მუშაობის ქმედუუნარობის დემონსტრირებას ვახდენთ, რაც შეიარაღების მსოფლიო ბაზრებზე ამ სისტემებს ნაკლებად მომგებიანად ხდის”, - აღნიშნა ბუდანოვმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეცილისტი და „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული უკრაინის შავი ზღვის აუზის ბლოკადა ფაქტობრივად ჩავარდნილია - უკრაინული პორტები მეორე ხომალდმა დატოვა და თურქეთში ჩავიდა. მისი თქმით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ რუსული საზღვაო ბლოკადა ძალიან რთულად თუ იმუშავებდა - ამისათვის მათ საპატრულო ხომალდების გამოყვანა მოუწევდათ, რაც განახორციელეს კიდეც. ამას კი აღნიშნულ ხომალდებზე საზღვაო უპილოტო აპარატების შეჯახება მოჰყვა. 

„პრაქტიკულად რუსული ფლოტი უკრაინამ პორტებს მიაჯაჭვა. ამის შემდეგაც, რუსეთს თუკი ბლოკადის წარმართვა მოუნდება, შავ ზღვაში ფლოტის გაყვანა მოუწევს, რაც მის წინაშე არსებულ საფრთხეებს კვლავ რეალისტურს გახდის. 

რუსებმა ყირიმის პორტების დასაცავად ბარიკადების შექმნა დაიწყო. ამისათვის ისინი სპეციალურ ბადეებს, მყარს კონსტრუქციებსა და შესაძლოა ნაღმებსაც კი იყენებენ - უშუალოდ პორტის შესასვლელ საზღვაო აკვატორიაში. რუსეთი მსგავსი ინფრასტრუქტურის აგებით ცდილობს ყირიმის ხიდის დაცვასაც. 

„ამ ფონზე აფეთქებები ყირიმში, სევასტოპოლში როგორც 23 ისე 24 სექტემბერსაც გრძელდებოდა. ბოლო ორ დღეში, როგორც ჩანს, ფრთოსანი რაკეტების ნაცვლად დრონები მუშაობენ. ამასთან, 22 სექტემბერს ყირიმის დაბომბვის ფონზე რუსები ვარაუდობენ, რომ უკრაინელებმა Storm Shadow-ბის დამატებითი შევსება მიიღეს. 

„უკრაინულ იერიშს სევასტოპოლზე 9 ოფიცრის დაჭრა და დაღუპვა მოჰყვა. დაჭრილთა შორის არიან ზაპორიჟიაში რუსული არმიის ხელმძღვანელი გენერალ-პოლკოვნიკი ალეკსანდრ რომანჩუკი და გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცეკოვი. როგორც ბევრჯერ აღნიშნულა,  ხოლო ომში მაღალი რანგის ოფიცრების დანაკარგი ან მათი გამოთიშვა ტექნიკის დანაკარგზე ბევრად მეტია“,-ამბობს კობერიძე. 

მისივე თქმით, ბახმუტის მიმართულებაზე რუსეთმა დიდი რაოდენობით დამატებით რამდენიმე ბრიგადა გადაისროლა, რაც უკრაინელთა შეტევის შეჩერებაზეა ორიენტირებული. 

„მათთვის ბახმუტის დაკარგვა ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დანაკარგი იქნება. როგორც ჩანს ბახმუტის სექტორში ბრძოლა კიდევ გართულდება. ბოლო 24 საათში ორჯერ დაიბომბა კურსკი, რუსეთი. სავარაუდო სამიზნე საჰაერო ინფრასტრუქტურა იყო. დეტალები უცნობია. რუსები დუმან, მხოლოდ ბუნდოვანი ფოტომასალა გავრცელდა.

„ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება  ასევე ზაპორიჟიას ფრონტზე, როგორც ნოვოპროკოპივკაში ისე ვერბოვეში. უკრაინელები მაქსიმალურ დაწოლას ახორციელებენ რუსულ პოზიციებზე და რაც მთავარია არის წინსვლა. სხვა დეტალები ამ მიმართულებიდან საკმაოდ მწირი და შეზღუდულია. ეს სამი კვირის წინ უკრაინელთა მიერ დაწესებული საინფორმაციო შეზღუდვის გამოა ასე“,-ამბობს კობერიძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×