თამთა ჩაჩანიძე
29.10.2023

შაბათს ღამით ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში განლაგებული „ჰამასის" წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაცია წამოიწყო. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ესაა დაანონსებული სახმელეთო ოპერაცია, თუმცა თავად ისრაელის ხელისუფლება ამას „მიმდინარე ოპერაციის გაფართოებასა" და „ომის მეორე ფაზას" უწოდებს. ამას ისლამურ სამყაროში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. თურქეთში გამართულ აქციაზე პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა არ გამორიცხა, რომ ომმა გლობალური დაპირისპირების სახე მიიღოს. ირანში კი აცხადებენ, რომ ისრაელმა „წითელი ხაზები გადაკვეთა".

27 ოქტომბრის ღამეს ღაზის სექტორზე უპრეცედენტოდ მასიური საჰაერო იერიში განხორციელდა, რასაც ისრაელის არმიის რეიდები მოჰყვა. „ჰამასში" აცხადებენ, რომ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე სახმელეთო იერიში სამი მიმართულებიდან მიიტანა, თუმცა „ჰამასი" ამისათვის მზად იყო, წინასწარ ჰქონდათ გამზადებული თავდაცვითი პოზიციები, რის შედეგადაც მოწინააღმდეგეს სერიოზული ზარალი მიაყენეს და უკან დაახევინეს. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ახლა ძირითადად საომარი მოქმედებები ღაზის ჩრდილოეთით მიდის და დიდი ალბათობით „ბეტონის ჯუნგლებში" ბრძოლა კვირები გაგრძელდება.

ისრაელი კი აცხადებს, რომ ის ებრძვის „ჰამასს" და არა ღაზის მოსახლეობას, ამასთან, აცხადებს, რომ „ჰამასი" ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს".

ანალიტიკოსები ფოქრობენ, რომ ისრაელს საფრთხე აქვს როგორც ირანის, ისე თურქეთის, ლიბანის და სირიის მხრიდან. თუმცა მიიჩნევენ, რომ, დიდი ალბათობით, მუსლიმურ სამყაროსა და დასავლეთის გლობალურ დაპირისპირებამდე საქმე არ მივა, რადგან მსხვილი პოლიტიკური აქტორები ამას არ დაუშვებენ.

საბრძოლო მოქმედებები ამჟამადაც გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საბრძოლო ავიაციამ 29 ოქტომბერს ღაზის სექტორში „ჰამასის" 450-მდე ობიექტზე მიიტანა იერიში. მათივე ცნობით, სამიზნეები მოიცავდა „ჰამასის" სამეთაურო ცენტრებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სახმელეთო ჯარებმა „ჰამასის" ტერორისტულ უჯრედებს და რაზმებს დაარტყეს, რომლებიც სარაკეტო თავდასხმებს ამზადებდნენ.

ომის მეორე ეტაპი

27 ოქტომბერს ღამით ისრაელმა ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გაფართოების შესახებ განაცხადა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის" წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ღაზას სექტორში ახალი სახმელეთო ძალების შეყვანით დაიწყო და ეს მხოლოდ დასაწყისია. მისივე თქმით, სახმელეთო შეჭრის გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული როგორც სამხედრო, ასევე უსაფრთხოების კაბინეტების მიერ.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ომის მეორე ეტაპზე გადასვლა დაადასტურა და ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს მოუწოდა, სამხრეთით გადაინაცვლონ, რადგან „ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში „ჰამასთან" ომის შემდგომ ეტაპზე გადადის და ოპერაციებს აფართოებს". მისი თქმით, ისრაელი ებრძვის „ჰამასს" და არა ღაზის მოსახლეობას, ამასთან, „ჰამასი" ღაზის მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს და სამოქალაქო შენობებსა და მის ქვეშ მოქმედებს".

საერთაშორისო მედიაში და სოციალურ ქსელებშიც წერენ, რომ პარასკევს ღამით ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმები 7 ოქტომბერიდან დღემდე ყველაზე ძლიერი და ინტენსიური იყო. მანამდე კი ისრაელმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ტანკებით რეიდი განახორციელა.

ღაზა ალყაშემორტყმულია და მის მოსახლეობას დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის არანაირი საშუალება არ აქვს. „ჰამასის" განცხადებით, ისრაელმა ღაზას სამი მხრიდან შეუტია, თუმცა, მათი მტკიცებით, დაჯგუფების წევრებმა ჩასაფრებები მიუწყვეს და ისრაელის არმიამ დიდი დანაკარგებით უკან დაიხია.

„ჰამასის" სამხედრო ფრთამ, ალ-ქასამის ბრიგადებმა განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან ისრაელის სამხედრო სახმელეთო შეჭრას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში. „ჰამასის" განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი შეტაკებები" მიმდინარეობს ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ბეიტ ჰანუნთან და ცენტრში, ბურეიჯთან. დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმდინარეობს შეტაკებები, უცნობია.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, იმის გამო, რომ, შესაძლოა, სახმელეთო ბრძოლა რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს. მისი თქმით, ახლა შეტაკებები ძირითადად ღაზას ჩრდილოეთ ნაწილშია.

„ისრაელის მიზანი „ჰამასის" სრული განადგურებაა და სახმელეთო ოპერაციის გარეშე ეს ვერ მოხდება. ღაზას ჩრდილოეთის, სამხრეთისა და ცენტრალური სექტორების ნაწილ-ნაწილ განადგურების შემდეგ, მიზანი შესაძლოა მიღწეულ იქნას. თუმცაღა საჰაერო დარტყმებმა აჩვენა, რომ ღაზას ქვემოთ ძალიან ბევრი გვირაბი და კატაკომბა არსებობს და ამის განადგურება მხოლოდ ჰაერიდან ვერ ხერხდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ღაზა ბეტონის ჯუნგლებია, შესაძლებელია ეს კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, ვიდრე ველოდებით. უშუალოდ ამ ოპერაციამ ღაზას სექტორის შიგნით შესაძლოა რამდენიმე კვირაც გასტანოს.

„დეტალები ცნობილი არაა, თუმცა ღაზაში სამი ცენტრალური შესასვლელი არსებობს. შეტაკებების ძირითადი მიმართულება ჩრდილოეთის სექტორშია და არა სამხრეთში. სამხრეთში სამხედრო ოეპრაცია ჯერჯერობით არ შეინიშნება, მხოლოდ საჰაერო დარტყმებია", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური შედეგები

ღაზას სექტორში ისრაელის კომბინირებულ მასშტაბურ შეტევას პირველი პოლიტიკური შედეგები უკვე მოჰყვა. მუსლიმურ სამყაროში ისრაელის წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაშიც. დაბომბვების პარალალურად დაღესტანში ათასობით მუსლიმი ლოცვით მხარს უჭერდა პალესტინელებს. გავრცელდა ხმები მახაჩყალის ერთ-ერთ სასტუმროში ისრაელიდან ჩასული ლტოლვილების შესახებ. ამის გამო ადგილობრივებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციამ შეკრებილებს სასტუმრო დაათვალიერებინა და დაარწმუნა, რომ იქ ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ, ისინი დაიშალნენ.

პალესტინის სოლიდარობის მასობრივი მიტინგი გაიმართა თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, სადაც პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა და დასავლეთს უსაყვედურა, თუ რატომ დუმან იმის შესახებ, რაც ღაზის სექტორში ხდება.

„ჰეი, დასავლეთო, თქვენ მოგმართავთ - ისევ გინდათ გააჩაღოთ ომი ნახევარმთვარესა და ჯვარს შორის?" - თქვა ერდოღანმა.

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ისრაელის ნაბიჯებმა „წითელი ხაზები გადაკვეთა", რამაც, შეიძლება, ყველა აიძულოს, ზომები მიიღონ.

თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებული დაპირისპირება თითქოს გლობალური დაპირისპირების კონტურებს იღებს, თუმცა მიაჩნია, რომ საქმე აქამდე არ მივა.

„სემუელ ჰანტინგტონის ცნობილი თეორიაა „ცივილიზაციათა შეჯახება", რომელშიც ის რამდენიმე რისკს გამოყოფდა. მათ შორის ნათქვამია, რომ მომავალში მსოფლიოში დაპირისპირება იქნება არა სუპერ სახემწიფოებს, არამედ ცივილიზაციათა შორის. დღევანდელი დაპირისპირება ერთი შეხედვით თითქოს ამას ჰგავს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ საქმე აქამდე არ მივა.

„შიდა პოლიტიკური წნეხიდან და უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, რომელიც ისრაელს ტერორისტული აქტების შემდეგ დაუდგა, ისრაელი იძულებულია საკმაოდ არაპოპულარული, მძიმე და ჰუმანიტარული თვალსაზრსით რთული ოპერაცია განახორციელოს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაშიც კი სერიოზულ რისკებს წარმოშობს და დიდ ზიანს მიაყენებს როგორც ისრეალის ახელმწიფოს, ასევე მის მხარდამჭერებს დასავლეთში.

„მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციას „ჰამასი" აკონტროლებს, რიგითი პალესტინელები ამაზე პასუხისმგებლები არ არიან და ეს მსოფლიო საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას იწვევს და ამიტომაც ისრაელის ლიდერებს მოუწოდებენ, რომ იქნებ გადახედონ ოპერაციის დეტალებს, რათა ჩვეულებრივი მოქალაქეები არ დაზარალდნენ.

„დასავლეთში რამდენიმე ჩინოსანი გადადგა კიდეც, მათ შორის აშშ-ის სახდეპშიც, რადგან ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უფრო შუალედური პოზიცია დაიკავონ, რომ იგივე პალესტინელებისა და არაბული სამყაროს გაუცხოვება არ მოხდეს. ამ ამბების შემდეგ ეს ზეწოლა ალბათ კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან აშშ-ს და ევროკავშირს იმის ფუფუნება არ აქვს, რომ მხოლოდ ცალმხრივი პოზიციები დაიჭირონ.

„რა თქმა უნდა, ისრეალს მხარს დაუჭერენ, როგორც ტერორიზმის მსხვერპლს, მაგრამ, ამავე დროს, მათ შემრიგებლის და შუამავლის როლი უნდა შეასრულონ, რათა დაძაბულობა სხვა ფაზაში არ გადავიდეს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ მოცემულობით სიტუაცია მასშტაბურ ხასიათს არ მიიღებს. საფრთხეები არსებობს ლიბანიდან, სირიიდან, ირანიდან, თუმცა რადიკალური ნაბიჯები ნაკლებ სავარაუდოა.

„ერდოღანი საკმაოდ მკაცრი ტონითაა ცნობილი, თუმცა სიტუაციას მხოლოდ სიტყვებით ვერ შევაფასებდი. ნაკლებსავარაუდოა ახლა თურქეთმა რაიმე ქმედება განახორციელოს, გარდა საჩვენებელი ჰუმანიტარული მისიისა. შესაძლოა ღაზას სექტორთან ხომალდები გამოიყვანოს, ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე მასშტაბური ნაკლებად მოსალოდნელია.

„ლიბანი ბევრად რთულია. ჯერჯერობით „ჰეზბოლა" შეტევაზე არ გადასულა, მაგრამ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, რადგან, როგორც „ჰეზბოლას" ლიდერი ამბობს, ჰყავს არა 50-ათასიანი, რაც აქამდე ბევრს ეგონა, არამედ 150-ათასიანი დაჯგუფება. ძალიან ბევრი სამხედრო კი მოსურნეა, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომში თავი გაწიროს.

„ჰეზბოლამ" შესაძლოა ლიბანიდან და სირიიდან იმოქმედონ, თუმცა ის მუშაობს უფრო მეტად როგორც სამხედრო ორგანიზაცია. ტერორისტული ორგანიზაციაცაა, თუმცა ის ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალაა, რომელსაც შესაბამისი უნარები გააჩნია და უფრო საშიშია, ვიდრე „ჰამასი". ამიტომაც მასთან ბრძოლა ბევრად რთული იქნება.

„ამ რეგიონში ომი 1948 წლიდან არ შეწყვეტილა, ნელი ინტენსივობით მიდის ხოლმე და პერიოდულად მატულობს", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×