ნაზი ბერიძე
06.11.2023

არჩევნები უკრაინაში ომის პირობებში და იმ ტერიტორიაზე გაიმართება, რომელიც არ არის ოკუპირებული - პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა. „ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის.

მისივე თქმით, ხელისუფლება გეგმავს, საზოგადოებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იმით აუხსნას, რომ ეს არის ვითომდა დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა. გონჩარენკო ირწმუნება, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინისგან არანაირ არჩევნებს არ ითხოვენ.

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ითხოვენ ჩვენგან არჩევნებს. არ არსებობს არც საჯარო და არც საზოგადოებრივი მოთხოვნები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდეტის აპარატის პოლიტიკური ამოცანები. საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან საპარლამენტო არჩევნები პირდაპირ აკრძალულია უკრაინის კონსტიტუციით",-განაცხადა გონჩარენკომ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს როგორც უცნაურს.

„ცოტა უცნაურია ომის დროს - საგანგებო მდგომარეობაა უკრაინაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამომრჩეველი გასულია ქვეყნიდან და ზელენსკის აბსოლუტური მორალური და სამართლებრივი თუ პოლიტიკური, ყველანაირი უფლება აქვს, რომ გადაავადოს არჩევნების ჩატარება და შესაბამისად თქვას, რომ ვიდრე არ დასრულდება საგანგებო მდგომარეობა, არ შეწყდება ომი საომარი მოქმედებები მანამდე არჩევნები არ ჩატარდება და მთელი მსოფლიო გაუგებს, ვერავინ ვერაფერს ვერ ეტყვის, რომ ის უზურბატორია და ავტოკრატიული მმართველია, ვერავინ ვერ იტყვის ამას.

„ზელენსკის უნდა ახალი დამატებითი ლეგიტიმაციის მოპოვება. მას უნდა გარკვეული ღონისძიებები განახორციელოს მომავალში, არჩევნების შემდეგ - თუ გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს, იმიტომ რომ პოპულარულია ღირსეული პრეზიდენტია. არჩევნების ჩატარება უცხოეთშიც არ იქნება პრობლემა, ყველა სახელმწიფო ხელს შეუწყობს, რომ ჩაატარონ არჩევნები თავიანთ საელჩოებში.

„ზელენსკის ალბათ ახლა იმიტომ სჭირდება არჩევნები, რათა ახალი ლეგიტიმაციით რაღაცა ახალი ნაბიჯები გადადგას, თუ გინდ იქნება მოლაპარაკებებზე წასვლა, ან პირიქით არ დაუშვას მოლაპარაკებები რუსეთთან, მას სჭირდება ახალი ლეგიტიმაცია, რათა თამამი გადაწყვეტილებები მიიღოს ხალხის სახელით" -განაცხადა „რეზონანსთან" ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს რომ უკრაინა არჩევნების ჩატარებით აჩვენებს რომ საკუთარ სახელმწიფოებრიობას სახეს უნარჩუნებს.

„ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ უკრაინის ხელისუფლებას სურს დააფიქსიროს, ის ფაქტი, რომ ომის მიუხედავად უკრაინა როგორც სახელმწიფო აგრძელებს ცხოვრებას და კვლავ აგრძელებს არსებობას.

„რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები გახლავთ ერთერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკური პროცესია, აქ ნაჩვენებია ის, რომ უკრაინა მზად არის კვლავ თავისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ფარგლებში შესაბამის პროცესებს, რომლებიც სახელმწიფო განვითარებას უწყობს ხელს, ამ პროცესების შესრულება უზრუნველყოს.

„როგორ ჩატარდება არჩევნები: საარჩევნო უბნები იქნება გახსნილი იმ ტერიტორიებზე, რომელიც არ არის ოკუპირებული. ბუნებრივია, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება, მაგრამ, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ბუნებრივია იქნება საარჩევნო უბნები და ჩატარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება" - განაცხადა „რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან"ამბობს რომ თუ კონსტიტუციურად უკრაინაში არჩევნების ჩატარება აუცილებელია, უნდა ჩატარდეს.

„ძალიან რთული იქნება არჩევნების ჩატარება, ჩვენთან მაგალითად, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ იმართება. უკრაინაში ეტყობა სხვაგვარად არის.

„თუ სავალდებულოა არჩევნების ჩატარება მათი კონსტიტუციის მიხედვით, მაშინ მოუწევთ ჩატარება. ვფიქრობ, ზელენსკისა და მისი გუნდისთვის, იქნება კიდევ ერთხელ შემოწმება იმისა როგორ უყურებს უკრაინის ხალხი პრეზიდენტის მოქმედებას, ნდობის საკითხი იქნება პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ზელენსკის აქვს სრული მხარდაჭერა ხალხის მხრიდან და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდება.

„ზელენსკის განცხადებასაც შეგახსენებთ, ასეთი რამ აქვს ნათქვამი, თუ ჩვენ დავასრულეთ ომი გამარჯვებით, რაც გულისხმობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მთელ რიგ საკითხებს, მაშინ მე კენჭს აღარ ვიყრი პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ სანამ ომია, მე არ ვიტყვი უარს პრეზიდენტობაზე. როგორც ჩანს, აი ეს არის ეს არჩევნები. არჩევნები გაიმართება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს უკრაინის ხელისუფლება",-განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ხმალაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ზელენსკის ნაბიჯს დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის ბრძოლად აფასებს.

„ვიცოდი, რომ უკრაინაში გაიმართებოდა არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის თავისუფლად შეუძლია ამ არჩევნების გადავადება, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყნისთვის ეს არ არის იოლი საქმე.

„როგორც ჩანს, აქ არის ამერიკელების მოთხოვნა, რომ უკრაინაში შენარჩუნდეს დემოკრატიული ფასეულობის სისტემა, რომელსაც ომი აქვს ავტორიტარულ რუსეთთან. ამ შემთხვევაში დასავლეთისათვის და ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიული ფასეულობების დაფიქსირება.

„ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ გააგრძელოს სამართლიანი ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის. რომ ის არ გადაიქცეს ავტოკრატიული მმართველობის ფორმად. ეს ყველაფერი ამ კონტექსტშია მოსაზრებული და მე მგონი თვითონ ზელენსკიც, როგორც დემოკრატიული წრის წარმომადგენელი, ამას ყველაფერს ითვალისწინებს და სურს რომ უკრაინაში დემოკრატიული ფასეულობები შეინარჩუნოს.

„არჩევნები ჩატარდება უკრაინის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, ამასთან ჩატარდება უკრაინელ ლტოლვილებშიც" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×