თამთა ჩაჩანიძე
07.11.2023

ისრაელის თავდაცვის არმიის („ცახალი") მიერ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაიწყებიდან კვირაზე მეტი გავიდა. ამ დროისთვის ღაზის სექტორი შუაზეა გაყოფილი, ისრაელის არმიას ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად ბლოკირებული აქვს, ხოლო ქალაქი ღაზა ალყაშია, სადაც, სამხედრო მიმომხილველების თქმით, ეს-ესაა ე.წ. გაცხრილვის ოპერაცია დაიწყება „ჰამასის" გვირაბებისა და სამხედრო ობიექტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად. ამასთან, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანი მძევლების გათავისუფლებაა.

ბოლო დღეებში შემცირებულია როგორც საჰაერო დარტყმების, ისე ხმელეთზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა, რასაც ანალიტიკოსები ჰუმანიტარულ პაუზას უკავშრებენ. მათი თქმით, ისრაელი ახლა თავისი დასავლელი პარტნიორებისაგან ზეწოლის ქვეშაა, რადგანაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლიც დიდია და ღაზის სექტორი ბლოკირების გამო, ვითარება ჰუმანიტარული კატარსტროფის ზღვარზეა.

ამის ფონზე გრძელდება მაღალი რანგის ვიზიტები და მოლაპარაკებები პრობლემის გადაჭრის პოლიტიკური გზების მოსაძებნად. ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობად პალესტინის სახელმწიფოს შექმნა მიიჩნევა, თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ რთული იქნება, მათ შორის იმის გამოც, რომ ამისათვის დღეს არ თავად პალესტინელები არიან მზად.

რა ხდება ღაზაში

ისრაელის არმიას ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი მთლიანად აქვს ბლოკირებული, ალყაშია ქალაქი ღაზაც, ბრძოლები მის შემოგარენშია, სოც ქსელებში მიმომხილველები საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა მალე ისრაელის არმია ქალაქ ღაზაში შევიდეს და ბრძოლებმა ქალაქში გადაინაცვლონ ე.წ. გაცხრილვის ოპერაციის ფარგლებში. თუმცაღა აქვე უნდა ითქვას, რომ კვირის დასაწყისიდან შემცირებულია, როგორც საჰაერო იერიშები, ისე სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში „ჰამასის" 5 ათასზე მეტი სამიზნეა განადგურებული, ბოლო 24 საათის განმავლობაში კი მოწინააღმდეგის 450 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს. ამავე ინფორმაციით, განადგურებულია „ჰამასის" სამხედრო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 7 ნოემბერს ეგვიპტიდან ღაზის სექტორში მედიკამენტებით, საკვებითა და წყლით დატვირთული 70 სატვირთო შევიდა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას სამხრეთში გადასვლისთვის 4 საათი მისცა.

პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა.

გაერო-ში საფრანგეთის ელჩი, ნიკოლას დე რივიერა ღაზაში „ჰუმანიტარული ზავის" მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობს. უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის შემდეგ, ელჩმა განაცხადა, რომ ასეთი ზავი უნდა იყოს გრძელვადიანი და მხარეები ცეცხლის შეწყვეტამდე მიიყვანოს. დე რივიერას თქმით, საფრანგეთი ხუთშაბათს პარიზში უმასპინძლებს კონფერენციას, რომელზედაც ღაზასთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი განიხილება.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის შესაძლებლობა განიხილეს. საუბრისას ჯო ბაიდენმა „დასავლეთ სანაპიროზე მათი ძალადობის გამო, ექსტრემისტი ახალმოსახლეების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენა". ამასთან, კირბის თქმით, აშშ გააგრძელებს დროებითი ჰუმანიტარული პაუზების მხარდაჭერას.

6 ნოემბერს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუუცხოელ ელჩებს იერუსალიმში შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ „ჰამასის" წინააღმდეგ ომი ადგილობრივ ბრძოლას არ წარმოადგენს, რადგან „თუ ახლო აღმოსავლეთი ტერორიზმის ღერძის ხელში აღმოჩნდება, შემდეგი ევროპა იქნება". ისრაელის პრემიერმა დაამატა, რომ მას შემდეგ, რაც ისრაელი „ჰამასს" გაანადგურებს, ის ღაზას მოსახლეობას „ნამდვილ და იმედიან მომავალს" შესთავაზებს.

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების შენელების შესახებ გადაჭრით თქმა ძნელია, რადგან შესაზლოა სიტუაცია კვლავ შეიცვალოს. მისი თქმით, ისრაელის არმიამ რაზას სექტორი შუაზე გადაჭრა, ქალაქი ღაზა ალყაში მოაქცია და ახლა ქალაქის გაცხრილვის ოპერაცია იწყება.

„სიტუაცია საათობრივად იცვლება და გადაჭრით ვერ ვიტყვით საბრძოლო მოქმედებების შენელების შესახებ. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორის შუაზე გაჭრა და ქალაქ ღაზას ალყაში მოქცევა შეძლო ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან. დასავლეთიდან ისეთაც ხმელთაშუა ზღვაა, აღმოსავლეთიდან კი სექტორის საზღვარია. ამ გადაჭრით ისრაელის არმიამ „ჰამასის" ოპერატიულ მოქმედებას და ჩრდილოეთიდან სამხრეთ ნაწილში გადაადგილებას შეუშალა ხელი.

„ახლა ეტყობა უშუალოდ ქალაქ ღაზაში გაცხრილვის ოპერაცია იწყება იმ მიწისქვეშა გვირაბებისა და მიზისზედა ობიექტების აღმოსაჩენად და გასანადგურებლად, რაც „ჰამასის" სამხედრო ინფრასტრუქტურას შეადგენს. არის უკვე ფოტოები - სახლების სარდაფებში რაკეტების მიწისქვეშა სასტარტო პოზიციები იქნა აღმოჩენილი, მიწის ზევით მხოლოდ რაკეტის გასაშვები მილების თავები იყო ამოყოფილი. მთავარი ამოცანა მაინც მძევლების გათავისუფლებაა.

„გარედან მხოლოდ თვითმფრინავების და ტანკების გადაადგილება ჩანს, თუმცა ისრეალის სპეცდანიშნულების რაზმები და სხვა ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც მაღალტექნოლოგიური სპეციალური აპარატურით ასეთ გვირაბებს ეძებენ, რომ მძევლები გადაარჩინონ. შესაძლოა მოქმედებების შენელება ჰუმანიტარულ თემას უკავშირდებოდეს, მსოფლიოს მხრიდან დიდი ზეწოლაა, აშშ-ც კი მოითხოვს, რომ ეს დაბომბვები უფრო შენელდეს და ნაკლები ნგრევა გამოიწვიოს.

„ისრაელის არმია მართვად იარაღს იყენებს, მაგრამ რაც არ უნდა მართვადი იყოს, თავად ღაზის სექტორი ისე მჭიდროდ დასახლებულია, რომ კორპუსი რაც არუნდა „აკურატულად" ჩამოანგრიონ, სხვა შენობების დაზიანებას იწვევს.

„ისრაელის არმიამ მოახერხა ის, რაც, მაგალითად, რუსეთის არმიასაც უჭირს - ერთი კვირის განმავლობაში გარკვეული ფართობის ტერიტორია კონტროლზე აიყვანა, ღაზა შუაზე გაყო და ჩრდილოეთ ნაწილი იზოლაციაში მოაქცია. ამას რომ მორჩებიან, მერე შეიძლება სამხრეთში გადავიდნენ, თუმცა, შესაძლოა ისრაელი ჩრდილოეთ ნაწილზე შეჩერდეს და გამოაცხადოს, რომ შური ვიძიე იმ საშინელებაზე, რაც „ჰამასმა" გაუკეთა ჩემს ხალხსო. ვნახოთ რა იქნება, მემგონი ისრაელში თავადაც არ იციან შემდგომში მოვლენები როგორ განვითარდება", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ შესაძლოა საჰაერო დარტყმებისა და საბრძოლო მოქმედებების შენელება ჰუმანიტარულ საკითხს უკავშირდება.

„ისრაელის მისამართით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, თანამეგობრობიდან გარკვეული ზეწოლა იყო, რადგან ამ დარტყმებს ძალიან ბევრი უდანაშაულო მსხვერპლი ჰყავს, მათ შორის ბავშვები და ქალები და ეტყობა ამ ზეწოლას თავისი შედეგი აქვს, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება, ძნელი სათქმელია.

„მდგომარეობა რთულია. ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, თუ ისრაელის ხელისუფლება როგორ ჩათვლის, ისევ იერიშებით და შეტევით გააგრძელებს თუ მათ უფრო სხვა მიზნები აქვთ", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

რამდენად რეალურია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა

5 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება, ღაზაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და პირველადი დანიშნულების სერვისების განახლების შესახებ. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ს ვალდებულებას, იმუშაოს პალესტინელთა ლეგიტიმურ მისწრაფებებზე - პალესტინის სახელმწიფოს დასამკვიდრებლად.

თურქეთის ხელისუფლებაშიი მიიჩნევენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ახლანდელი მწვავე კრიზისი პალესტინის სუვერენული სახელმწიფოს შექმნით უნდა დასრულდეს. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის მცდელობა დასავლეთის მხრიდან კვლავ ჩანს, თუმცა დღეს მხარეები ამისთვის მზად არ არიან.

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, რაც არუნდა გასაკვირი და ირონიული იყოს, ასეთი სასტიკი ომი და კონფლიქტი, როგორც ახლაა, ზოგჯერ შესაძლებლობაა გარკვეული ბაზისი გახდეს შემდგომი მოწესრიგებისთვის და ასეთი ფაქტი ბევრჯერ ყოფილა. თუმცა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი ისეთი მოუშუშებელი ჭრილობაა, რომელიც ათეული წლებია ვერ გვარდება.

„შესაძლოა ეს მცდელობა იყოს და როგორც ჩანს, დასავლეთის ლიდერები ცდილობენ, რომ რაღაცნაირად აქეთკენ წაიყვანონ პროცესი, თუმცა, იმ სერიზული განხეთქილებების და განსხავებების გავითვალისწინებთ, რომელიც შეიძლება ებრალებს და პალესტინელებს აქვთ, არ მგონია, რომ ადვილად მოხერხდეს პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. თუმცა მცდელობა ნამდვილად იქნება, რომ რაღაცნაირად საბოლოო მშვიდობა დამყარდეს.

„ასეთი მცდელობები რამდენიმე ათეული წლის წინაც იყო, როცა ისრაელის ლიდერებმა, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართული, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც კი მიიღეს, თუმცა ვნახეთ, რომ ამას შედეგები არ მოჰყოლია, რადგან ორივე მხარე გაუცხოვებული აღმოჩნდა. ახლა ამის პროგნოზირება ცოტა რთულია.

„ფორმალურად ამისთვის (პალესტინის სახელმწიფოს შექმნისთვის) მეტ-ნაკლებად თითქოს ყველა თანახმაა, მაგრამ ბევრი შეკითხვაა ამაზე ვის უნდა ელაპარაკონ. ღაზას სექტორს „ჰამასი" აკონტროლებს, მეორე მხარეს სხვა აკონტროლებს, ერთიანი მთავრიობაც კი არ არსებობს, თუ პალესტინის სახელმწიფო ვინ უნდა ჩაიბაროს. ეს ის შიდა სტრუქტირული და პოლიტიკური პრობლემებია, რომელიც იქით მხარესაა - ვიღაცა ხომ უნდა იყოს, ვინც ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს?!

„საკითხავია პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს რამდენად აქვს ლეგიტიმაცია, რომ მთელი პალესტინელი ხალხის სახელით ისაუბროს. ეს ამბები შიგნითაც უნდა მოგვარდეს",- განაცხადა კორნელი კაკაჩამ „რეზონანსთან".

„არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა და ამაზე ისრაელიც რომ დათანხმდეს, თავად პალესტინელები მზად არ არიან.

„პალესტინის სახელმწიფო შექმნა თეორიულად 1993 წელს უკვე გადაწყვეტილი საკითხი იყო ოსლოს ხელშეკრულებით, მაგრამ ეს ვერ შედგა, რაშიც პირველ რიგში დამნაშავეები თვითონ პალესტინელები არიან. პალესტინის პოლიტიკური პარტია „ფათჰი" ღაზის სექტორშიც და იორდანიის დასავლეთ ნაწილშიც იყო, ის ღაზადან „ჰამასმა" 2005 წელს გააგდო, ამას კი პალესტინელი ხალხის უმეტესობამ მხარი დაუჭირა და „ფათჰს" მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მოუწია გადასვლა.

„ყველაზე კარგი გამოსავალი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა, რომ ისრაელთან გვერდიგვერდ იცხოვრონ, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ურთულესი იქნება. ისრაელი იმაზე რომც დათანხმდეს, თავად „ჰამასი", „ჰეზბოლა" და ირანი აცხადებენ, რომ ისრაელი, როგორც სახელმწიფო, არ უნდა არსებობდეს. თვითონ ისინიც არ აპირებენ გაჩერებას და პრობლემაც ესაა", - განაცხადა ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×