ნაზი ბერიძე
22.12.2023

ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მკვლელობაში რუსეთის უშიშროების საბჭოს უფროს ნიკოლაი პატრუშევის ხელი ურევია. მეტიც, ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, სწორედ ის იყო აფეთქების უშუალო ორგანიზატორი, რასაც პრიგოჟინის გარდა კიდევ ბევრი ადამიანი შეეწირა, მათ შორის თვითმფრინავის ეკიპაჟი.

გამოცემის თანამხმად, რომელიც ამტკიცებს, რომ დაზვერვაში საკუთარ წყაროებს ეყრდნობა, პატრუშევმა 2022 წლის ზაფხულიდან არაერთხელ გააფრთხილა პუტინი, რომ პრიგოჟინი ხელისუფლებისთვის საშიში ხდება. დიდი ხნის განმავლობაში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის სიტყვები იგნორირებული იყო, რადგან „ვაგნერელები" უკრაინის ომში წარმატებით იბრძოდნენ.

იმავე წლის ოქტომბერში პრიგოჟინმა საკმაოდ უხეშად მიმართა პუტინს საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო. ამის შემდეგ, „უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით, პრეზიდენტმა დაიწყო „ვაგნერის" ხელმძღვანელის იგნორირება, არ უპასუხა არც ზარებს და არც თავდაცვის სამინისტროსთან პრიგოჟინის კონფლიქტში ჩაერია.

ივნისში, ვაგნერის სამხედრო ამბოხის დაწყების შემდეგ, პატრუშევმა სიტუაცია გააკონტროლა. მან პრიგოჟინთან ახლოს მყოფ ოფიცრებს დაურეკა, რათა ისინი დაერწმუნებინა ამბოხის შეწყვეტაში. გარდა ამისა, უშიშროების საბჭოს მდივანი დაუკავშირდა ბელარუსისა და ყაზახეთის ხელმძღვანელობას. კერძოდ, დაითანხმა ალექსანდრ ლუკაშენკო, რომ პრიგოჟინთან მოლაპარაკებებში ეშუამდგომლა. გარდა ამისა, პატრუშევმა ყაზახეთს სამხედრო დახმარების გაწევა სთხოვა, რაზეც ტოკაევმა უარით გამოისტუმრა.

როგორც რუსეთის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა გამოცემას განუცხადა, ვაგნერელების „სამართლიანობის მარშის" დასრულების შემდეგ, პატრუშევმა თავის ქვეშევრდომს პრიგოჟინის მოკვლის გეგმის შემუშავება უბრძანა. შედეგად, როდესაც დაქირავებულთა ხელმძღვანელი მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ელოდებოდა, ბომბი მისი ბიზნეს თვითმფრინავის ფრთის ქვეშ ჩადეს. როდესაც თვითმფრინავი აფრინდა, ის აფეთქდა.

პრიგოჟინის ბიზნეს თვითმფრინავი 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. როგორც მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, პრიგოჟინი, მისი ფაქტობრივი მოადგილე დიმიტრი უტკინი და ბორტზე მყოფი რვა სხვა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" კომენტირებისას ამბობს, რომ ეს სავსებით რეალური სცენარია.

„სავსებით რეალურია სიმართლეს შეესაბამებოდეს, და რომ პატრუშევმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. პატრუშევი ხელმძღვანელობდა პრიგოჟინის ამბოხების ლიკვიდაციას და ის არის ყველა ძალოვნების მთავარი ავან ჩავანი. მიმაჩნია, რომ პუტინის მითითებით მოახდინა მისი ლიკვიდაცია," - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

„ვიღაცამ ხომ მოკლა და რატომ არ შეიძლება იყოს პატრუშევი? რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს, რა თქმა უნდა. პრიგოჟინის დიაგნოზი უკვე დასმული იყო, როდესაც მან შეაჩერა შეტევა და დათანხმდა ლუკაშენკოს პირობებს. მას შემდეგ, რაც შეწყვიტა შეტევა მოსკოვზე, მისი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ვინ შეასრულა და ვინ გასცა ბრძანება? პატრუშევმა კი არა, პუტინმა მოკლა. პუტინმა ვის დაავალა, ეს უცნობია," - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×